ევროკავშირი არის ღირებულება, მაგრამ მტკნარი სიცრუეა, რომ საქართველო დასცილდა ამ ვექტორს - ევროკავშირმა საქართველოსადმი დამოკიდებულება უნდა შეცვალოს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
მისივე თქმით, ევროკავშირი, სამწუხაროდ, ღირებულებებს დასცილდა.
„დადებითია, რომ გეოგრაფიის თვალსაზრისით სხვადასხვა მიდგომები ერთგვარი მიდგომით შეიცვალა და თვალი გაუსწორეს მსოფლიო რუკას, მით უმეტეს, პოლიტიკურ რუკას, მაგრამ გაცვდა ის ფრაზა, სადაც პრაქტიკულად, არასწორ, უსაგნო და თითიდან გამოწოვილი მიზეზებით ცდილობენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მდგენელის დაკნინებას და იმგვარად წარმოდგენას, რაც ცალკეულ ევროჩინოვნიკებს აწყობთ.
სინამდვილეში, მოცემულობა არის აბსოლუტურად სხვა. ევროკავშირმა პოლიტიკა, საქართველოსადმი დამოკიდებულება უნდა შეცვალოს. ეს ყველაფერი დღითიდღე უფრო მეტად დადგება აუცილებლად დღის წესრიგში იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც არსებობს დღეს ევრაზიის კონტინენტზე, რაც საქართველოს გარშემო მომდინარე მოვლენების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის, როგორც შუა დერეფნის აუცილებელი ფუნქციის მატარებელი ქვეყნის როლის თვალსაზრისით, შეიძლება იყოს რეალიზებული. როგორც ქალბატონი კალასი, ასევე, ნებისმიერი სხვა ევროჩინოვნიკი იქნება იმ მოცემულობის წინაშე, რომ სურვილები, რომელიც საქართველოს მიმართ, სამწუხაროდ, ცალკეულ ძალებს გააჩნიათ და რაც სწორედ ორმაგ სტანდარტში გამოიხატებოდა, ობიექტურ, სწორ და სამართლიან დამოკიდებულებაში შეიცვალოს. რა თქმა უნდა, ევროპა არის ღირებულებები. სწორედ ამ ღირებულებების გარშემო არის საქართველოს სურვილი, ევროკავშირში გაერთიანდეს და მისი წევრი გახდეს. ეს ფრაზა რომ კარგად გაიაზრონ ჩინოვნიკებმა, ვისგანაც ამ ყველაფერს ვისმენთ, უკეთესი იქნება, რადგანაც ევროკავშირი სამწუხაროდ, ამ ღირებულებებს დასცილდა. რასაც ჩვენ დღეს პოლიტიკურ მოცემულობაში ვხედავთ არის ის ღირებულებითი ერთობა, რის გარშემოც ევროკავშირი შეიქმნა. ბუნებრივია, ამ ფრაზაში აბსოლუტური სიმართლე არის ის, რომ ევროკავშირი არის ღირებულება, მაგრამ მტკნარი სიცრუეა, რომ საქართველო დასცილდა ამ ვექტორს. პირიქით, დროა, მეტად მოხდეს თვალის გასწორება იმ რეალობისთვის, რომ 2012 წლამდე პერიოდთან შედარებით, დემოკრატიული აღმშენებლობა არის რადიკალურად და კარდინალურად შეცვლილი უკეთესობისკენ. ამისთვის თვალის გასწორება, ბუნებრივია, პოზიტიური იქნება ჩვენ შორის არსებული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, გასაღრმავებლად და იმ ევროსკეპტიციზმის შესამცირებლად, რომელიც სწორედ ევროკავშირის არასწორი, ორმაგ სტანდარტზე დამყარებული პოლიტიკიდან გამომდინარე არსებობს ჩვენს საზოგადოებაში“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს.
„რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა რეალურად არ დგამს ნაბიჯებს მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. ვხედავთ, რომ ისინი არასწორი მიმართულებით დგამენ ნაბიჯებს. ასევე ეს გვაძლევს შეზღუდვებს, მაგალითად, დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კაია კალასმა.