ფასებთან დაკავშირებული კამპანია სრული კრახით დასრულდა და ახლა მცირევადიანი ეფექტი სჭირდებათ - პარლამენტის კომისიის დასკვნა ქსელური მარკეტების გამოსვლას ეწინააღმდეგება, რომელიც ნაძვის ხეზე დადებული გვირგვინია, რაც ირაკლი კობახიძემ შემოგვთავაზა, - აღნიშნული შეფასება “ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ გააკეთა.
სიორიძის განცხადებით, განსაკუთრებული ექსპერტული ცოდნა არ სჭირდება იმას, რომ საქმე ძალიან იაფფასიან და პოპულისტურ დრამატურგიასთან გვაქვს.
მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ ფასებს ასეთი ტიპის ჩარევები ვერ დაარეგულირებს. როგორც სიორიძემ განმარტა, მაღალი ფასების პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფომ ის რეალური ბერკეტები უნდა გამოიყენოს, რისი გამოყენებაც შეუძლია.
სიორიძემ ამის ერთ-ერთ მაგალითად საწვავზე აქციზის გადასახადის 2017 წლის ნიშნულზე დაბრუნება დაასახელა. “ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ პრობლემაა ეროვნული ბანკის პოლიტიკა და ინფლაცია, რაც მისივე თქმით, კომისიის დასკვნაში მთლიანად არის გამოტოვებული.
“კომისიამ მუშაობა დაასრულა, ირაკლი კობახიძის განცხადებები მოვისმინეთ და რამდენიმე საათში მსხვილი ქსელური მარკეტები ავრცელებენ განცხადებას, რომ თურმე რაღაც სამომხმარებლო კალათა უნდა შეიქმნას და კონკრეტულ პროდუქტებზე ფასი უნდა დაიწიოს. გამოდის, რომ ბიზნესი, რომელსაც მოგების ინტერესი აქვს, თურმე საათების ინტერვალში, როცა კომისიამ მუშაობა დაასრულა, ფასების ცვლილებას აკეთებს. თუკი ბიზნესს კონკრეტულ პროდუქციაზე ფასის დაწევა შეეძლო, ამას მანამდე რატომ არ აკეთებდა?
კომისია თავის დასკვნაში რამდენიმე საგულისხმო რამეს ამბობს: - პირველი არის ის, რომ გვაქვს საბაზრო ეკონომიკა და საბჭოურ გეგმური ეკონომიკაში ჩარჩენილი აღარ ვართ. არ არსებობს გადაჭარბებული მარჟები და ფასები თავისუფალ კონკურენციაში დგინდება, არ არის რაღაც ჭარბი კონცენტრაცია კონკრეტულ სფეროებში და არის კონკურენტული დინამიკა. ეს ყველაფერი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ყველაფერი კომერციული ურთიერთობებით, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე რეგულირდება. არ არის სხვა განსაკუთრებული ფაქტორი, გარდა საბრუნავი კაპიტალისა.
ამ ბიზნესების უკან “ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველები და მასთან დაკავშირებული პირები დგანან, ისევე როგორც დიდი ბიზნესის ნაწილში უშუალოდ “ქართული ოცნების“ წევრები, პარლამენტის დეპუტატები, მათ შორის კომისიის მილიონერები წევრები არიან. ახლა ისინი ცდილობენ, რომ კობახიძეს ნამუსი შეუნარჩუნონ.
ყველაფერი ნახევრად ორსულობას ჰგავს - არ შეიძლება ყველაფერი ასე აცდენილი იყოს არსებულ ეკონომიკასთან და რეალობასთან. თავიდან სულ სხვა მიზეზებზე საუბრობდნენ, რაც აღმოჩნდა, რომ ტყუილი იყო - მაგალითად, საუბრობდნენ ქსელური მარკეტების ჭარბ რაოდენობაზე, ამბობდნენ, რომ კომპანიებს საცალო ბაზარზე გადაჭარბებული მარჟები ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ტყუილი ყოფილა და საერთაშორისო ეკონომიკურ პარამეტრებთან აცდენილი არ არის“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
სიორიძემ ამ კონტექსტში “ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სწორი საგარეო პოლიტიკა იმ ეკონომიკურ შედეგებს მოიტანს, რომელიც უკვე აქვს სომხეთს.
“ქვეყანა არის იზოლაციონიზმში. ევროკავშირსა და აშშ-ს ზურგი ვაქციეთ და ერთადერთი ინვესტიცია, რითაც “ქართული ოცნება“ ამაყობს, არის არაბული ინვესტიცია. სწორი საგარეო პოლიტიკა მოიტანს იმ ეკონომიკურ შედეგებს, რომელიც უკვე აქვს სომხეთს. აშშ-ი უშუალოდ არის დაინტერესებული სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფით, მისი ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარებით.
ასეთი ავანტიურა სხვა ქვეყანაში რომ დაედგათ და ასე შეეყარათ საზოგადოებისთვის თვალში ნაცარი, რომ ნახევარი კგ. ხორცი თურმე 10 ლარი ღირს, ნებისმიერი ხელისუფლება გადადგებოდა. რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძე და მისი კაბინეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ნების შემსრულებლები არიან და საერთოდ არ უჭირთ, რომ დღეს ერთი თქვან, მეორე დღეს - ამის საპირისპირო და მესამე დღეს გადათქვან. სიტყვის ფასი მათთვის არანაირი კატეგორია არ არის“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, “ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი ქალაქ ერევანში მიმდინარე “ევროპის პოლიტიკური საზოგადოების“ სამიტსაც გამოეხმაურა, რომელსაც ევროკავშირის ლიდერები, ევროპული და რეგიონის ქვეყნების, ასევე, დიდი ბრიტანეთისა და კანადის პირველი პირები ესწრებიან. სიორიძის თქმით, საჭიროა ხშირად გაგავლოთ პარალელი სომხეთთან, რომელიც რუსული საგარეო ვექტორის ტყვეობიდან პრაქტიკულად გამოვიდა.
“სომხეთი რამდენიმე წლის წინ სრულად რუსულ საგარეო ორბიტაზე იყო. ჯერ კიდევ 6 წლის წინ მეზობელ აზერბაიჯანთან საომარ მდგომარეობაში იყო. დღეს სომხეთი აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორია. სომხეთში უშუალოდ დონალდ ტრამპის ინიციატივით რეალური მშვიდობა დამყარდა და არა ისეთი მშვიდობა, რასაც “ქართული ოცნების“ პროპაგანდა გაიძახის. ამან მოიტანა ის, რომ სომხეთის სამხრეთით ზანგეზურის დერეფანი იძენს მნიშვნელობას. სომხეთი რუსული საგარეო ვექტორის ტყვეობიდან პრაქტიკულად გამოვიდა. ის არის არა მხოლოდ აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი, არამედ დიდი მიღწევაა სამიტი, რაც დღეს ერევანში ტარდება.
ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი “ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის დასაფიქრებელი უნდა იყოს, რა ხელშესახებ შანსს კარგავს საქართველო“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.