ირაკლი კობახიძე ერევანში - გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ, ეს ეხება როგორც ქვეყნის შიგნით ვაჭრობას, ასევე ტრანზიტს, მხოლოდ გასულ წელს 3000-ზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ, გამოვავლინეთ 144 საერთაშორისო ნარკოტრეფიკის შემთხვევა

გასულ წელს გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ეხება როგორც ქვეყნის შიგნით ვაჭრობას, ასევე ტრანზიტს. მხოლოდ გასულ 2025 წელს - 3000-ზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის (ECAD) მეორე შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასულ წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი 87 %-ით გაიზარდა.

„საქართველო, როგორც მოგეხსენებათ, სატრანზიტო ქვეყანაა და ბუნებრივად ვაკავშირებთ აზიას ევროპასთან. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებული გამოწვევაა ნარკოტიკებით საერთაშორისო ვაჭრობის კონტექსტში. გასულ წელს გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ეხება როგორც ქვეყნის შიგნით ვაჭრობას, ასევე ტრანზიტს. მხოლოდ გასულ 2025 წელს - 3000-ზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ. საქართველოს მსგავსი პატარა ზომის ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი რიცხვია.

მანამდე ჯამში მხოლოდ 8000 პატიმარი გვყავდა ქვეყანაში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ წარმოდგენა შეგექმნათ მაჩვენებლების სიდიდეზე. გასულ წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელიც გავზარდეთ 87 პროცენტით. გამოვავლინეთ 144 საერთაშორისო ნარკოტრეფიკის შემთხვევა, რასაც, რა თქმა უნდა, დადებითი გავლენა ექნება ევროპაში ნარკოტრეფიკის დინამიკის კლების სახით. მაგალითად, გასულ წელს ამოვიღეთ 900 კილოგრამზე მეტი ჰეროინი. ეს უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია საქართველოსთვის. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ონლაინ გაყიდვებია. ამჟამად ამ პრობლემასთან გამკლავება ჩვენი მთავარი ამოცანაა. მზად ვართ, ყველა თქვენგანთან ინტენსიურად ვითანამშრომლოთ, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ვისწავლოთ თქვენგან, როგორ უმკლავდებით ამ პრობლემებს. მზად ვართ, საერთო ინიციატივები შევიმუშაოთ ამ მიმართულებით და საერთაშორისო ქსელებში ნარკოტრეფიკის სქემები გამოვავლინოთ,“- განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში