2025 წელს ეკონომიკური აქტივობა კვლავ ძლიერი იყო და წინასწარი მონაცემებით, რეალური მშპ-ს ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.
ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი კვლავ მაღალპროდუქტიული სექტორები იყო, რაც ამავდროულად ეკონომიკის ჯამური წარმოების პოტენციალის გაუმჯობესებაზე მიუთითებდა.
„კერძოდ, სტრუქტურული ცვლილებების ფონზე, მომსახურებაზე ორიენტირებული, შედარებით ნაკლებად იმპორტ-ინტენსიური სექტორები კვლავ მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობდა, როგორებიცაა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (ICT) და განათლების სექტორები. თუმცა ცალკეულ სექტორში, მათ შორის მშენებლობასა და ტრანსპორტირებაში, შეინიშნებოდა ზრდის ტემპის ეტაპობრივი ნორმალიზება. ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების გარდა, რეალური მშპ-ის ზრდას ძლიერი ერთობლივი მოთხოვნაც უწყობდა ხელს, რაც როგორც ადგილობრივი, ისე საგარეო მოთხოვნიდან მომდინარეობდა. თუმცა, ადგილობრივი მოთხოვნის მიმართულებით, გარკვეულწილად, ნორმალიზების ნიშნებიც გამოიკვეთა, რაც ეკონომიკის ჯამური პოტენციალის ზრდის ფონზე ერთობლივი მოთხოვნიდან ინფლაციური წნეხის შესუსტებაში აისახა.
ეკონომიკის ნაკლებად იმპორტ-ინტენსიური ზრდა მიმდინარე ანგარიშის ბალანსზეც დადებითად მოქმედებდა. კერძოდ, 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-სთან ფარდობა თითქმის განახევრდა და 2.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით (რომელიც ასახავს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან მიღებული მოგების იმ ნაწილს, რომელიც არ გაიცემა დივიდენდების სახით და კვლავ ინვესტირდება ეკონომიკაში) მიმდინარე ანგარიშის ბალანსი პროფიციტული იყო და 0.2 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქონლისა და მომსახურების სავაჭრო ბალანსმა და პირველადი შემოსავლების ანგარიშმა. ამავდროულად გაუმჯობესდა მომსახურების ბალანსის მშპ-სთან ფარდობაც. კერძოდ, მომსახურების ექსპორტში განსაკუთრებით გამოირჩეოდა ის სექტორები, რომლებიც ეკონომიკურ ზრდაზეც დადებითად მოქმედებდა. მათ შორის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის (ICT) სექტორის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მშპ-სთან მიმართებით 1.5-ჯერ გაიზარდა და 3.0 პროცენტი შეადგინა. ასევე, ტრანსპორტირების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მშპ-სთან ფარდობა კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდა და 4.6 პროცენტი შეადგინა. ამასთანავე, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6 პროცენტით, ხოლო მუშაკთა გზავნილები 6.6 პროცენტით გაიზარდა. 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს კვლავ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენდა, რომელიც წლიურად 7.6 პროცენტით გაიზარდა და მშპ-ს 4.4 პროცენტი შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.