თუ სწორი მიდგომა იქნება, შესაძლებელია საშუალოვადიან პერსპექტივაში დამოკლდეს მიწოდების ჯაჭვი ისე, რომ 86%-დან ფასნამატი გონივრულ ოდენობამდე შემცირდება, ეს არის ჩვენი ამოცანა და რა თქმა უნდა, კომისიის დასკვნის შესაბამისად ვიმოქმედებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში განუცხადა.
ირაკლი კობახიძე ბიზნესის საქმიანობაში უხეშ ჩარევას გამორიცხავს.
„ჩვენ ვიხილეთ საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგები, საბოლოო ჯამში, ძალიან სიღრმისეული დასკვნა დაიდო ფასწარმოშობასთან დაკავშირებით, გამოვლინდა სტრუქტურული პრობლემები ფასწარმოქმნაში. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება კონკრეტული ზომების დაპირისპირება ბიზნესთან თანამშრომლობის საფუძველზე და ეს არის ერთადერთი, სწორი გზა ამ მიმართულებით. შესაძლებელია, მიწოდების ჯაჭვის დამოკლება, რაც ფასების შემცირებას უზრუნველყოფს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს სტრუქტურული პრობლემები გროვდებოდა არათუ წლების, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ერთ დღეში და ორ დღეში ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, მაგრამ თუ სწორი მიდგომა იქნება, შესაძლებელია საშუალოვადიან პერსპექტივაში დამოკლდეს მიწოდების ჯაჭვი ისე, რომ შემცირდება 86%-დან ფასნამატი გონივრულ ოდენობამდე, ეს არის ჩვენი ამოცანა და რა თქმა უნდა, კომისიის დასკვნის შესაბამისად ვიმოქმედებთ.
ჩვენ ბიზნესის საქმიანობაში უხეშ ჩარევას არ ვაპირებთ, ვაპირებთ ბიზნესთან თანამშრომლობით იმ სტრუქტურული პრობლემების მოგვარებას, რომელიც იდენტიფიცირებულია მიწოდების სრულ ჯაჭვში. რაც შეეხება გადასახადების შემცირებას, ეს არის ზუსტად პოპულიზმი, როცა აცხადებენ, მაგალითად, ინიციატივა იყო, აქციზი განახევრდეს და დღგ განახევრდეს სურსათზე, პირველ შემთხვევაში, აქციზი განახევრდეს საწვავზე და ეს გამოიწვევს ბიუჯეტის შემცირებას 810 მლნ ლარით, ესეც არ დაუანგარიშებიათ, არავის გაუკეთებია ეს განცხადება, 810 მილიონით შემცირდება ბიუჯეტი, მაგრამ ეს საიდანღაც უნდა დაკომპენსირდეს. 33% არის მხოლოდ სოციალური ხარჯები ამ ბიუჯეტში, არის სხვა უამრავი სავალდებულო ხარჯი, რით უნდა შეივსოს ეს დანაკლისი, ამაზე არავის არაფერი უთქვამს“, - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ადმინისტრაციული ხარჯები არის გაზრდილი, კობახიძე პასუხობს, რომ „ადმინისტრაციული ხარჯები მაქსიმალურადაა გაწურული“.
„პატრულმა უნდა იაროს 20 წლის წინანდელი მანქანებით, თუ თავდაცვას არ უნდა ჰყავდეს მანქანები, თუ რომელ ძალოვან უწყებებს არ უნდა ჰქონდეთ მანქანები? სუფთა პოპულიზმია! შეგიძლიათ სათითაოდ გადახედოთ, თუ ერთი მანქანა ზედმეტი არის ნაყიდი პოლიციის, შსს-ს მიერ, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მაშინ გასაგებია, მაგრამ დაამტკიცონ, რომ ერთი მანქანაც უსაგნოდ არის ნაყიდი და ამ ავტომობილის შეძენის საჭიროება არ არის, სრული პოპულიზმია. მაქსიმალურად გავწურეთ ადმინისტრაციული ხარჯები, სახელმწიფო საწარმოებში დაახლოებით, 60 მილიონით მარტო ხელფასებია შემცირებული ოპტიმიზაციის ხარჯზე“, - განაცხადა კობახიძემ.