ირაკლი ფავლენიშვილი - ივანიშვილი და კობახიძე კარგად ხედავენ, რომ ფსონი, რომელიც დადეს, არ მართლდება - საქართველომ კი დაკარგა ისტორიული ფუნქცია

ივანიშვილი და კობახიძე კარგად ხედავენ, რომ ის ფსონი, რომელიც მათ დადეს, არ მართლდება. როცა ხედავენ, რომ ეს რეგიონული არქიტექტურა რადიკალურად იცვლება, უკრაინის დომინაციასა და გაძლიერებას რომ ხედავენ, ამ დროს, რა თქმა უნდა, პოზიცია უნდა შეცვალონ, მაგრამ ყველას კარგად ახსოვს, რა პოზიცია ეკავათ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” ერევანში მიმდინარე სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

ფავლენიშვილმა სომხეთში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო და თბილისი 2012 წლამდე კავკასიის ცენტრი იყო, დღეს კი რეგიონში ლიდერის ფუნქცია აქვს დაკარგული.

“ეს შეხვედრა თუ რამეს ამტკიცებს, არის ის, რომ საქართველომ დაკარგა ისტორიული ფუნქცია. კავკასიის ცენტრი ყოველთვის იყო საქართველო და თბილისი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობა ჩვენს მეგობრებთან და მეზობლებთან, მაგრამ ეს არის ისტორიული ფაქტი, რომ კავკასიის ცენტრი იყო თბილისი, 2012 წლამდე საქართველო იყო ლიდერი რეგიონში და არა მაჩანჩალა, როგორც ახლა არის. გვქონდა ყველაზე დიდი ამბიციები რეგიონში და ვიყავით პოლიტიკური ამინდის შემქმნელები.

ევროპული ინტეგრაციის პროცესი მიხეილ სააკაშვილმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხვა ეტაპზე გადაიყვანა და აღმოსავლური პარტნიორობა კარლ ბილტთან და სიკორსკისთან ერთად სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა და მთელი ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს, მიდის გადამწყვეტ ფაზაში და ამ დროს მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში და ირაკლი კობახიძე ერევანში და საქართველო კი - იზოლაციაში.

რაც შეეხება ამ შეხვედრას, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია აქ - კარგად ვადევნებთ თვალყურს, თუ როგორ მძიმე ვითარებაში ამოყო თავი რუსულმა არმიამ, ვერ მიდიან წინ ფრონტზე და პირიქით, აქეთ აქვთ პრობლემები, დრონების თავდასხმების მოგერიება უწევთ და ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, ივანიშვილი და კობახიძე კარგად ხედავენ, რომ ის ფსონი, რომელიც მათ დადეს, არ მართლდება. თუ დაინახავენ, რომ რუსეთი მარცხდება, რეგიონში ძალთა ბალანსი ისე იცვლება, რომ წაგებულ მხარეს აღმოჩნდებიან და ირანს რა მდგომარეობაში აქვს საქმე, ესეც კარგად ვიცით იმიტომ, რომ მათ ირანზეც ჰქონდათ ფსონი დადებული და როცა ხედავენ, რომ ეს რეგიონული არქიტექტურა რადიკალურად იცვლება, უკრაინის დომინაციასა და გაძლიერებას რომ ხედავენ, ამ დროს რა თქმა უნდა, პოზიცია უნდა შეცვალონ, მაგრამ ყველას კარგად ახსოვს, რა პოზიცია ეკავათ.

ეს არის ევროპული საზოგადოების შეკრება და ევროპულ საზოგადოებას რა მოთხოვნები აქვს, ყველამ კარგად ვიცით”, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ