თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლე მზია ლომთათიძე იანუშაიტიტეს საქმეში მონაწილე ექსპერტის მიერ მტკიცებულებათა დაზიანების ფაქტს იხილავს.
პროცესს ესწრება სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი დავით გრიგოლია, რომელმაც გარდაცვლილის სხეულიდან ანაწმენდები აიღო და ჩაატარა ექსპერტიზა, თუმცა გამოძიების ფარგლებში ექსპერტს სამხურებრივი გულგრილობის ფაქტზე ბრალდება წაუყენეს. უფრო კონკრეტულად, ბრალდება დავით გრიგოლიას ამ საქმეში საკვლევი ობიექტის დაუცველობას- სამსახურებრივ გულგრილობას ედავება. დღევანდელ პროცესზე შესავალი სიტყვით წარსდგა დავით გრიგოლიას ადვოკატი თამარ კუჭავა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი სამსახურებრივი გულგრილობა არ ჩაუდენია და ის არის უდანაშაულო. ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს დავით გრიგოლიას მიმართ პირველი ინსტანციის გამამართლებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შუამდგომლობით მიმართა.
„პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში უნდა დარჩეს და სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.... გარდაცვალების მიზეზი იყო ასპირაცია. დავით გრიგოლია უდანაშაულოა, მან ყველაფერი გააკეთა, როგორც ექიმმა და ეს განაჩენი არის მართლა სიმართლის ხმა. ამ დარბაზში ერთადერთი დაზარალებული არის დათო, რომელსაც 2 წლის წინ სხვანაირს ვიცნობდი, ალბათ 10 წლის სიცოცხლე დააკლდა. მე ვიცი რატომ უნდოდათ დათოს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო და ამაზე დასკვნით სიტყვაში ვისაუბრებ.
ადამიანს ედავებიან საკვლევი ობიექტის განადგურებას. ბრალდების მხარემ ძალიან კარგად იცის, რომ იქ ობი არ იყო”,- განაცხადა ადვოკატმა თამარ კუჭავამ.
პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ექსპერტმაც, დავით გრიგოლიამ. მისი თქმით, ყველაზე მთავარი, რაც არის, რაც პროცესებში გამოვლინდა, რა და როგორ არის, როგორ მოხდა, სწორად იყო თუ არა აღებული [ანაწმენდი] ეს ყველაფერი დადგინდა თავისი სამედიცინო სტანდარტების მიხედვით.
„ერთი მომენტია, რომ აიღეს ეს ანაწმენდები, ტელევიზიითაც გაიგებდით ითქვა, ანაწმენდებზე უნდა ჩატარდეს გამოძიებაო და ჩატარდა ეს ექსპერტიზა? იმუშავა ანაწმენდებმა? გამოძიებასთან მაქვს კითხვები, რამე პრობლემაა იმ ანაწმენდებთან, რამე დაადგინეს?!
თუნდაც იმ შემთხვევის ადგილიდან რომ იძახიან, აი, გრიგოლიას უნდა გაეკეთებინა ყველაფერიო, გრიგოლია არის ჩვეულებრივი ექიმი, ექსპერტი კვალიფიკაციით და შემთხვევის ადგილის დათვალიერება ვისი პრეროგატივაა? სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ექიმებისთვის კი არაა დაწერილი, დაწერილია გამოძიებისთვის. ჩვენ, ექიმები ვართ იმ პატარა რგოლში მონაწილეები, რომ დავეხმაროთ გამოძიებას. ე.ი. მე უნდა უზრუნველვყო შემთხვევის ადგილის უსაფრთხოება, მე უნდა მიმეცა მითითებები გამომძიებლისთვის, პროკურორისთვის, როცა ამდენი გამომძიებელი, პროკურორი და კრიმინალისტი იყო. მე როცა შემთხვევის ადგილზე მივდივარ, მარტო ხელთათმანი და ჩემი თავი მაბარია. მხოლოდ ვახერხებ გარემოს დათვალიერებას, დაფიქსირებას, კონსტატირებას. თუნდაც სამედიცინო ექსპერტი რატომ ვერ აიღებს [...], იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ტექნიკური საშუალება, რომ რაღაცის ფიქსირება მოვახდინოთ შემთხვევის ადგილზე, გარდა დათვალიერებისა, რა თქმა უნდა. მერე უკვე მორგში რაც ხდება და რასაც გვიდგენს გამოძიება თავისი კითხვებიდან გამომდინარე, იმ კითხვების მიხედვით ვასრულებთ ჩვენს საქმეს. ხანდახან იმაზე მეტს ვასრულებთ, რაც გვიწერია.
აქცენტი გაკეთდა, ყველა დაზიანებიდან რატომ არ აიღო ანაწმენდებიო. ყველა დაზიანებიდან ანაწმენდების აღება, რას ნიშნავს? ჯერ ეს ერთი, რაც მითითება იყო და გამოძიებას აინტერესებდა, ის ავიღე და მერე ის დანარჩენი დაზიანებები დაფარული არის ტანსაცმლით, ეს ტანსაცმელი იგივე ანაწმენდის საქმეს აკეთებს. ანუ ამ ყველაფერზე - გამოძიება როგორ იმოქმედებს, რატომღაც სასამართლო სამედიცინო ექსპერტების გადასაწყვეტი რატომ უნდა იყოს, გამოძიებას როგორ წარმართავენ გამომძიებელი და პროკურორი? ჩვენ რა ვიცით, რა მიმართულებას აიღებენ? კითხვას რომ გვიდგენენ, რისთვის გვეუბნებიან და სჭირდებათ, რა უნდა ჩატარდეს ასეთ საკითხზე? ყველაფერი რატომღაც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენცია და ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელი ხდება. იქ პირდაპირ წერია, გარემოების დადგენა რა ვითარებაში მოხდა. მაგალითად გარდაცვალება, ეს არის სუფთა გამოძიების პრეროგატივა, იქ ექიმს რა უნდა, როგორ უნდა ჩაერიოს, როგორ უნდა აწარმოოს საერთოდ გამოძიება რომ დაადგინოს, რა გარემოებებია იქ?!
გარდაცვალების მიზეზი დავადგინეთ და რაღაც თვალით შევხედეთ - ასე არ არის. იმის დიდი სამუშაო სრულდება. ეს პროცესი არამარტო გამოკვლევით სრულდება არამედ გრძელდება ლაბორატორიაში. მარტო ჩემ სიტყვას კი არ ენდობიან, ჩემ დასკვნას რამდენიმე სპეციალისტი, უფროსი კითხულობს, რომელიც ამ საკითხებში კომპეტენტურია. მაკროსკოპული დასაბუთება ანუ თვალით ხილული ცვლილებების დასაბუთება და დადასტურება ხდება მიკროსკოპული ცვლილებების ფონზე, მერე ამ ურთიერთ შეჯამებით ხდება გარდაცვალების დიაგნოზის დადგენა და არა იმით, რომ დათო გრიგოლიამ მოიგონა და ასე უნდა იყოს. დასკვნაში რასაც უყურებთ და არის აღწერილი, დადასტურებულია ჯერ კიდევ ზემოდან, ლაბორატორიული კვლევებით, რომლითაც არის გამყარებული დასკვნა“,- განაცხადა დავით გრიგოლიამ.
შეგახსენებთ, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი, ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი 2023 წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.