მოიყვანეს ვიღაც პატაკის შემავსებელი, რომელმაც პატაკი დაწერა თავის აღქმებზე. აღქმების გამო ვზივარ ციხეში - საუბრის გამო ვზივარ ციხეში, ლაპარაკი გვაქვს აკრძალული,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბრალდებულმა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ გამოცხადდება, მოსამართლეს გაუჭირდება, განაჩენის დასაბუთება.
„ეს სამართლებრივი პროცესი არ არის და ეს სასამართლო სხდომაზე დადასტურდა. მე-9 თვე დაიწყო და ამ დროის განმავლობაში 9 წინადადება არ გვინახავს ხაბეიშვილის წინააღმდეგ საბრალდებო. 8 თვე ისე ვიყავი, რომ ჩემს საქმესთან დაკავშირებით პროკურორს საქმე არ წამოუჭრია. [როდესაც ჩემ წინააღმდეგ მტკიცებულებათა გამოკვლევა დაიწყო] ორ კვირაში სასამართლო მორჩა. მოწმეები, რომლებიც ჰყავდათ, სამიდან, ორი არ მოსულა. საბოლოოდ, სასამართლო პროცესი მივიდა პოლიტიკურ განცხადებამდე. მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ჩემი ბრალმდებლები ყოფილან - გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია, დიანა ტრაპაიძე, თეა ადეიშვილი. გამოგვიცხადეს, რომ პოლიტიკური დებატები ქვეყანაში დასჯადი ყოფილა, მოსაზრებების გამოთქმა დასჯადი ყოფილა. მოიძიეთ ერთი პრეცედენტი, სადაც განცხადებების გამო არის პოლიტიკოსი დაკავებული. განცხადებასაც ხომ გააჩნია - პოლიტიკოსი, რომელიც საუბრობს კონსტიტუციაზე, მშვიდობიან ცვლილებაზე. მაკრონი დასაჭერი ყოფილა, რადგან გუშინ თქვა, რომ სომხეთში ფაშინიანმა რევოლუცია მოახდინა. არ შეიძლება ამ სიტყვის ხმარება.
„ოცნების“ მომხრემ თავის თავს ჰკითხოს, სად არის ხაბეიშვილის დანაშაული, ხომ იძახდნენ ამას მოვიტანთ, იმას მოვიტანთ, მოწმე მოვა და ა.შ. მოწმე არ არსებობს, ნუ ახსენებთ, რომ მოწმე მოვიდა, ისინი არიან დაქირავებული და დანიშნული მოწმეები.
სად წაიკითხა ვინმემ ასეთი ბრალდება, რაც მე მაქვს. მოიყვანეს ვიღაც პატაკის შემავსებელი, რომელმაც პატაკი დაწერა თავის აღქმებზე. აღქმების გამო ვზივარ ციხეში. თურმე კინწისკვრა ყოფილა ძალადობა და „დედა ვუტიროთ" რას ნიშნავს, რომ ვიღაცასთან უნდა მივიდეთ და დედა უნდა ავუტიროთ?
ეს საქმე არ იყო 9 თვიანი. თუ ჩემთვის მისჯა უნდოდათ, რას მაწვალებდით? 17 აპრილს დავილაპარაკე პირველად ჩემს საქმეზე და 5 მაისს პროკურორმა თქვა, მორჩა აღარაფერი აღარ არისო [გამოსაკვლევი]. მაშინ რატომ ვარ 9 თვე ციხეში. მეუხერხულება და ვდარდობ, რომ ასობით პატიმარია ციხეში და მათ შორის ბავშვები და სასჯელს იხდიან და მერიდება, როდესაც ჩემზე საუბრობენ. ადამიანების დიდი უმრავლესობაა, ასეთ უსამართლობაში. პოლიტიკოსს, როდესაც ასე ექცევიან, უბრალო მოქალაქე სად იპოვის სამართალს?
როდესაც ამბობენ - „ლაპარაკს აგვიკრძალავენ?“ - აკრძალული არ მაქვს ლაპარაკი? საუბრის გამო ვზივარ. ლაპარაკი გვაქვს აკრძალული. გამოჩნდება ახალი ლიდერიო - ვინ გამოჩნდება? ვინც დაილაპარაკებს - დაიჭერენ. ვინც რაიმეს დაილაპარაკებს, ციხეში უშვებენ. რაღაცას მომისჯიან, მაგრამ როგორ უნდა დაიწეროს ეს სამართლებრივად არ ვიცი. ეკონომისტი ვარ, მაგრამ ამათ ხელში იურისტიც გავხდი. არ ვიცი, რა უნდა დაწეროთ რომ - „ილაპარაკა ინგა გრიგოლიასთან“.
გუშინ ისეთი სამარცხვინო იყო, ჯერ ბიძინა ივანიშვილს როგორც ჩიუაუა [ძაღლის ჯიში] ისე დაჰყვებოდა კობახიძე და სომხეთში ჩასული, აბსოლუტურად მორალურად დაცლილი და სამარცხვინო, კაცმა აღიარა 3000 ნარკომოვაჭრე დავიჭირეთ 3 თვეშიო. ქვეყანაში 2600 საარჩევნო უბანია და ესე იგი, ყველა სოფელში და ყველა უბანში მინიმუმ 1 პირი დაიჭირეს. კიდევ ერთი ამდენი დასაჭერია, რადგან ახლაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნარკოტიკი იყიდოთ. [კობახიძემ] რა მესიჯი წაიღო ევროპაში? – 3 ტონა ჰეროინი ამოვიღეთო. კობახიძეს მინისტრისთვის კითხვა არ დაუსვამს, როდესაც უმრავლესობის ლიდერი იყო, თუ 3000 ნარკომოვაჭრე დარბოდა და ჩვენს შვილებს კლავდა, ეს ამ დროს მთავრობას ამტკიცებდა, პასუხისმგებლობა არ არსებობს? მგონია, რომ ზღაპარში ვცხოვრობთ. ვუყურებ, რომ ფაშინიანი საუბრობს ევროინტეგრაციაზე, დემოკრატიის გაჯანსაღებაზე, ეკონომიკაზე და ეს კაცი [ირაკლი კობახიძე], რომ ჩვენ ტერიტორია ვართ, სადაც ნარკოტიკები ყრია. ტონა „ჰეროინი“ ამოვიღეთო. თუ ყველა უბანში ნარკომოვაჭრე გვყავს, რა გვინდა ევროპაში?“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.
ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.
მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.