არის საუბრები, რომ ჩვენ ზღვაზე გასასვლელი გვაქვს, ამის გამო ევროკავშირში არავინ არავის იღებს, მაგრამ ამის გამო შეიძლება ევროკავშირმა ეკონომიკური ურთიერთობები არ გაწყვიტოს შენთან, - ამის შესახებ „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა და „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა, კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
კახა გოგოლაშვილის თქმით, არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებასთან ბიზნესურთიერთობები აწარმოოს მიუხედავად მისი „პოლიტიკური შიგთავსისა და სახისა“.
“„ოცნებას თუ აბსოლუტურად არ აინტერესებს ევროკავშირში გაწევრიანება, პირდაპირ უნდა უთხრას თავის ხალხს. ევროკავშირი საბოლოო ჯამში ურთიერთობს აზერბაიჯანთან, შუა აზიის ქვეყნებთან, რუსეთთანაც ურთიერთობდა, ომი რომ არ დაეწყო. ავტორიტარულ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაწყვეტაზე ევროკავშირი არასდროს საუბრობდა, მაგრამ მოქალაქეების უმრავლესობას რომ უნდა ევროკავშირში ინტეგრაცია, რაც ქვეყნისთვის და მისი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანეს სარგებელს მოიტანს, გაზრდის ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ამაზე „ოცნება“ უარს ამბობს, მათი საუბრებით და ლაპარაკით ასე გამოდის. დანარჩენს რაც შეეხება, მე არ გამოვრიცხავ, რომ იმის გამო, რომ დერეფნის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია დაკავშირებულობის ყველა კომპონენტით და საკითხი რომ არ ჩავარდეს, ევროკავშირმა საქართველოს ნებისმიერ სახის ხელისუფლებასთან, რომელიც ეფექტურად აკონტროლებს ტერიტორიას, მიუხედავად მათი პოლიტიკური შიგთავსისა და სახისა, აწარმოოს მასთან ბიზნესურთიერთობები. ეს არ არის გამორიცხული“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
კახა გოგოლაშვილის თქმით, ევროკავშირი თუ დაინახავს, რომ საქართველოში ავტოკრატიამ გაიმარჯვა „მაშინ ევროკავშირი დიდ ძალისხმევას არ გააგრძელებს“.
„სანამ მოსახლეობის 80% მომხრეა, რომ დემოკრატია აღდგეს საქართველოში, ევროკავშირი არ მიატოვებს საქართველოს, მაგრამ როცა დაცხრება ყველაფერი, თუ დაინახეს, რომ გაიმარჯვა ავტოკრატიამ და დამყარდა მყარად, მაშინ ევროკავშირი დიდ ძალისხმევას არ გააგრძელებს ამ მიმართულებით და ეს იქნება „ქართული ოცნების“ გამარჯვება, მაგრამ არა ევროკავშირზე, ეს იქნება გამარჯვება საქართველოს მოსახლეობასთან“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.