არმაზ ახვლედიანი - პატრიარქის არჩევნები კი არა ფიქციაა - ეს გაუნათლებლები მეუფე ისაიას ეუბნებიან, დიპლომი გვაჩვენეო, მეუფე დანიელს - ასაკს გიწუნებო, რა სითავხედეა! მეუფე იობს რას უბედავ? ვინა ხარ? - ჰოი საოცრებავ, ღმერთო დაგვიცავი, სადა ვართ?

პირდაპირ ვიტყვი, ეს არჩევნები კი არა, ფაქტობრივად ფიქციაა, გეშინოდეთ, რომ უფლის რისხვას დაიმსახურებთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა საპატრიარქო არჩევნებზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

არმაზ ახვლედიანის თქმით, პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, რუსეთს აძლევს ხელს და კიდევ იმას, ვინც რუსეთის ინტერესებს გამოხატავს საქართველოში.

„ვფიქრობ, რომ წმინდა პატრიარქი ილია მეორე, მიუხედავად მისი გონებამახვილობისა, მისი სიბრძნისა, ვერ წარმოიდგენდა, რომ ამას იკადრებდნენ დღეს, რასაც კადრულობენ. სამ ისეთ მღვდელმთავარს, ვისი რეპუტაციაც სრულიად განსაკუთრებულია, მეუფე ისაიას, გმირ მიტროპოლიტს, ომგამოვლილს, შეუდრეკელს, თხემით ტერფამდე სული წმინდით მავალ კაცს, თავად მოძღვარს და განმანათლებელს ეუბნებიან, რომ დიპლომი არ გაქვსო, ჰოი საოცრებავ, ღმერთო დაგვიცავი, სადა ვართ? უდიპლომოები, გაუნათლებლები, ეს შავრაზმელები ეუბნებიან მეუფე ისაიას, რომ დიპლომი გვაჩვენეო, ეუბნებიან 30 წელი სული წმინდით განათლებულ ადამიანს.

პატრიარქს მეუფე დანიელზე უფრო ერთგული [ადამიანი] არც ჰყოლია. მეუფე დანიელს, ვინც ჭუბერი გადმოიარა, ვინც არის სიბრძნის და კეთილგონიერების მაგალითი და პირდაპირ განმანათლებელი საქართველოში, შენ ეუბნები, რომ ასაკს გიწუნებო, რა სითავხედეა, რა წარმოუდგენელი რამაა.

მეუფე იობს, რომელმაც მისი ეპარქია ახალ ათონად აქცია, უდრეკ კაცს, ვის რას უბედავ, ვინა ხარ? პირდაპირ ვიტყვი, ეს არჩევნები კი არა, ფაქტობრივად ფიქციაა. გეშინოდეთ, რომ უფლის რისხვას დაიმსახურებთ.

ეს რუსეთს აძლევს ხელს უპირველესად და მხოლოდ იმას, ვინც რუსეთის ინტერესებს გამოხატავს საქართველოში. მხოლოდ იმპერიალისტურ რუსეთში და იქაურ საპატრიარქოს სურს, სრულად მოიპოვოს გავლენა საქართველოს ეკლესიაზე, რაც ვერაფრით ვერ მოახერხეს პატრიარქ ილიას დროს. პატრიარქმა ილიამ ყველაზე უკეთ იცოდა, რას ნიშნავდა რუსული იმპერიალიზმი საქართველოსთვის ყველა დროში, ამიტომაც ყველაფრით, პირდაპირ, ირიბად, დიპლომატიით, სიბრძნით, მახვილითაც უპირისპირდებოდა ამას და ახლა თქვენ გინდათ, რომ ჩააბაროთ პატრიარქ კირილეს საქართველოს ეკლესია? გინდათ, რომ ასეთი ფიქციური არჩევნები მოაწყოთ? ვინ გაპატიებთ ამას? როგორც სახარებაშია, ყველა რომ დადუმდეს, ქვები იღაღადებენ და გამხელთ თქვენ, არ გაგივათ“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ