მათ მოსაწონს ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ - არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ჩვენს მომხრეს დავიჭერთ თუ ოპოზიციის მომხრეს, ყველაფერში პოლიტიკურ სარჩულს ხედავენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებულ ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზეცაა საუბარი.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს და რა პოლიტიკაც არ უნდა განახორციელოს, ევროპარლამენტარების ნაწილის მოსაწონს ვერაფერს გააკეთებენ.
„არაერთი განცხადება გაკეთდა ყოფილი პრემიერის დაკავებასთან დაკავშირებით, დადგინდა გამოძიებითაც და სასამართლო გადაწყვეტილებითაც. ჩვენ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ და რა პოლიტიკაც არ უნდა განვახორციელოთ, მათ მოსაწონს ვერაფერს ვერ გავაკეთებთ.
ქალბატონი რასაც და ევროპარლამენტის ის პოლიტიკოსებიც წლების განმავლობაში მხოლოდ რეზოლუციების მიღებით და ჩვენი კრიტიკით არიან დაკავებულები.
ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იყოს - იქნება საგამოძიებო სტრუქტურა, სასამართლო თუ ზოგადად ხელისუფლება, ნებისმიერ შემთხვევაში აღნიშნული თანამდებობის პირები შავ ლაქას ხედავენ. მათ მოსაწონს ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. ერთ ფაქტს ვერ გამახსენებთ, რომ მათ მოეწონათ ჩვენი მიღებული გადაწყვეტილება ან გადადგმული ნაბიჯი ამ წლების განმავლობაში… ყველაფერში ხედავენ პოლიტიკურ ნებას. აბსოლუტურად ყველაფერში ხედავენ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტპატიმარი არისო [ამბობენ] ნებისმიერ დაკავებულ ადამიანზე - არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ჩვენს მომხრეს დავიჭერთ თუ ოპოზიციის მომხრეს, ყველაფერში პოლიტიკურ სარჩულს ხედავენ”, - განაცხადა ჭეიშვილმა.
ამავე თემაზე საუბრისას, ჭეიშვილმა აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დაკავება არცერთ შემთხვევაში არ იყო გავლენებს შორის ბრძოლის შედეგი.
„ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე თუ ვსაუბრობთ, ეს არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა გავლენებს შორის ბრძოლის შედეგი. პრინციპს მართლა ვერ ვხვდები. ანუ შეხედეთ: ჩვენი მომხრე დააშავებს - დავაკავებთ, არ მოგწონთ; ოპოზიციონერი დააკავეს, „მოლოტოვის კოქტეილს" რომ ესვრის პოლიციელს, დავაკავეთ - პოლიტპატიმარია; ღარიბაშვილი დეკლარაციების თუ არასახული ბიზნესის გამო თუ რაც აქვს ოფიციალურად ბრალი წარდგენილი, დაკავებულია, ბრალი წარედგინა და შესაბამისად, ამასაც პოლიტიკურ სარჩულს აწებებს…
არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ და ის იყოს თქვენი მოსაწონი”, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთ შესწორებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ მისი დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.
„ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ბრალის აღიარებისა და კორუფციის შესახებ სანდო საჯარო მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმე ასახავს უფრო ფართო შეშფოთებას პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფ მართლმსაჯულებასთან, ძალაუფლების არაფორმალურ სტრუქტურებთან და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ შიდა დაყოფებთან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის როლთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.