ისმის კითხვა, რისთვის არის გიორგი უძილაური დაკავებული: ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა რომელიმე ჩვენს პარტნიორ ქვეყანას, თუ კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილის შესახებ?! – მნიშვნელოვანია, „ოცნებამ“ მოქალაქეებს აუხსნას, რომელი ქვეყანა არის საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი და რომელი ქვეყნის აგენტობაში ედება ამ ადამიანს ბრალი, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის აპარატის უფროსმა, ანა დადიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის და ასევე, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი უძილაურის დაკავებას გამოეხმაურა.
ანა დადიანი აღნიშნავს, რომ ეს საქმე ბუნდოვანებითაა მოცული.
„რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს სუს-ის მიერ გამოძიებული საქმეა. ეს საქმე, რა თქმა უნდა, ბუნდოვანებითაა მოცული, მაგრამ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რისთვის არის ეს ადამიანი დაკავებული. ამ ადამიანს ბრალი ედება ევროკავშირის წევრი ქვეყნის აგენტობაში. ევროკავშირი არის ორგანიზაცია, რომელშიც წევრობა ჩვენ გვსურს. არიან პარტნიორი ქვეყნები, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, „ოცნებამ“ მოქალაქეებს აუხსნას, რომელი ქვეყანა არის საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი და რომელი ქვეყნის აგენტობაში ედება ამ ადამიანს ბრალი. ასევე, ისმის კითხვა, რისთვის არის ეს ადამიანი დაკავებული - ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა რომელიმე ჩვენს პარტნიორ ქვეყანას, თუ კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციებს აწვდიდა?! ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რისთვის არის ეს ადამიანი დაკავებული? ქვეყნის აგენტობისთვის, თუ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესებისთვის? ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ადამიანი მართლმსაჯულების ქვეშ იმყოფება. მას წლების განმავლობაში, ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციაზე პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ მაშინ, როდესაც პირადად ივანიშვილს შეეხო და საკუთარ ანგარიშზე რაღაც რაოდენობის თანხა დააკლდა, ვხედავთ რომ ირაკლი ღარიბაშვილი, მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ადამიანი დაიჭირეს. სწორედ ეს აჩენს კითხვებს, რისთვის არის დაკავებული. დღეს რომ მართლმსაჯულება მხოლოდ პარტიულ ვერტიკალს ატარებს და მხოლოდ ერთ ადამიანს ემსახურება, ბევრ რამეში გამოჩნდა. ძალიან ბუნდოვანებით მოცული თემაა და მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო უწყებებმა საქართველოს მოქალაქეებს აუხსნას, რისთვის არის დაკავებული კონკრეტული პირი, მით უმეტეს, პირი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდა „ოცნებას“,“ - განაცხადა დადიანმა.
ამასთან, ანა დადიანი არ გამორიცხავს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა სხვა ადამიანების მიმართაც დაიწყოს.
მისივე თქმით, წინასწარ ვერ განვჭვრეტთ, ვინ იქნება შემდეგი, თუმცა გამორიცხული არაა, რომ „ხვალ რომელიმე პროპაგანდისტ ჟურნალისტს მიადგნენ და დაბრალდეს ჯაშუშობა, ან აგენტობა“.
„ქართული ოცნების“ მხრიდან გამორიცხული არაფერია. მათი ნაბიჯები წინასწარ განჭვრეტადი ნაკლებად არის. ერთადერთი, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ძალაუფლება რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ. წინასწარ ვერ განვჭვრეტთ, ვინ იქნება შემდეგი. არც არავინ ელოდა, რომ ივანიშვილი ადგებოდა და საკუთარი გუნდისთვის ყველაზე ერთგულ ადამიანებს: ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, ბურჭულაძეს დაიჭერდა. ამანაც გააჩინა კითხვები საკუთარ გუნდში. როცა ადამიანი საკუთარი გუნდის წევრს ასე ექცევა, არ გამოვრიცხავ, რომ სხვა ადამიანებზეც დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა.
ვინ იქნება შემდეგი ბუნდოვანი და გაურკვეველია, მაგრამ მმართველობის ფორმის მიხედვით, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს საქართველოში აქვს, არის შემდეგი: ის ყველა ადამიანის რესურსს ბოლომდე გამოიყენებს, ამ რესურსს ამოწურავს და შემდეგ ნებისმიერ ბრალდების ფასად, ამ ადამიანს მოიშორებს. გამორიცხული არაფერია. არც ისაა გამორიცხული, რომ ხვალ რომელიმე პროპაგანდისტ ჟურნალისტს მიადგნენ და დამბრალდეს ჯაშუშობა, ან აგენტობა. გუშინდელი საღამოდან მოყოლებული, „პოსტები“ გვეუბნება ერთ რამეს, რომ ამ ადამიანების აღქმა უკვე ისეთია, რომ თვითონაც ელოდებიან, საკუთარ თავზეც არ გამოცადონ ის, რაც გამოცადეს სხვა ადამიანებმა დიდხნიანი მსახურების შემდეგ. როცა ამხელა რანგის ადამიანებს იჭერენ, რიგი „ოცნების“ წევრის, ან პროპაგანდისთვის დაკავება მათთვის გასაკვირი არ იქნება. ამიტომ შიში, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ, ლოგიკურია. თუმცა ვერ ვხედავთ რომ ეს ადამიანები რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ იმის წინააღმდეგ, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. ამ ადამიანებმა, ალბათ, ხმა უნდა ამოიღონ და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია იმ პროცესებიც მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება,“ - აღნიშნა დადიანმა.
გარდა ამისა, მან გადაცემაში სურსათის ფასებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღალი ინფლაციიდან გამომდინარე, ფასების კვლავ ზრდა არის მოსალოდნელი.
ანა დადიანის განცხადებით, მის პარტიას არ ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლება ფასების შემცირებას შეძლებდა.
„სანამ კომისია შეიქმნებოდა, რაღაც პროდუქტი თუ ღირდა 1 ლარი, კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ ღირს 1.50 და ხვალ თუ გახდება 1.40, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ფასები შემცირდა. მსგავსი მანიპულაციური ქმედებები შეიძლება განახორციელონ ამ კომპანიებმა, რომლებიც 10 თეთრით გააიაფებენ 50 თეთრით გაძვირებულ პროდუქტს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეები პროდუქტს მიიღებენ ხელმისაწვდომ ფასად. ჩვენ არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ ეს ხელისუფლება ფასების შემცირებას შეძლებდა. მაღალი ფასები სწორედ იმით არის გამოწვეული, რა კორუფციაც და კარტელური გარიგებებიც ბიზნესსა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის არის დღესდღეობით. ერთადერთი რეალური ხელშესახები შედეგის მომცემი იქნებოდა მინიმალური ხელფასის დაწესება და პენსიის ზრდა, რაზეც „ოცნებამ“ უარი განაცხადა. აქაც გამოჩნდა, რომ მათი მიზანი არა ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ყოფის გაუმჯობესებაა, არამედ მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. მიხვდნენ რომ ფასები მოსახლეობას აწუხებს. კიდევ მოსალოდნელია ფასების ზრდა, იმიტომ რომ 5.9%-იანი ინფლაციაა ქვეყანაში, შესაბამისად, ფასების ზრდა როგორღაც ისე უნდა გაემართლებინათ, რომ არც ბიზნესს დაბრალებოდა და არც „ოცნების“ ხელისუფლებას,“ - აღნიშნა დადიანმა.