ბერდია სიჭინავა ე.წ. ჩორჩანას საქმის მოწმეებზე - ეს ადამიანები დღეს გიორგი გახარიას წინააღმდეგ კი არ აძლევენ ჩვენებას, არამედ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

ეს ადამიანები დღეს გიორგი გახარიას წინააღმდეგ კი არ აძლევენ ჩვენებას, არამედ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატმა ისაუბრა პროკურატურის ორი მოწმის - არჩილ ლომიძისა და ელგუჯა ხარაზიშვილის მიერ სასამართლოსთვის დღეს მიცემულ ჩვენებაზე, რომელიც 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვას ეხებოდა. ადვოკატის განმარტებით, ამ ადამიანებს საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ რუსული საოკუპაციო რეჟიმის, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის რიტორიკით უწევთ ჩვენებების მიცემა.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ისტორიული პროცესი, სადაც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იძლევიან ადამიანები ჩვენებებს. აქ საგულისხმო ის არის, რომ ამ ჩვენებებს ადამიანები იძლევიან საყოველთაოდ აღიარებული ფაქტების საწინააღმდეგოდ, რაც ამ ქვეყანაში არსებობს. მოწმეები საუბრობდნენ, თითქოს ბოლო 15 წლის განმავლობაში „ბორდერიზაციის“ შესახებ არ გაუგიათ, მოქალაქეების გატაცების ფაქტების შესახებ არ გაუგიათ და რომ მშვიდობიანი ეპოქა ჰქონდათ თურმე ამ ადამიანებს. ჩორჩანას არცერთი მცხოვრები არ მოუყვანიათ და არ უკითხავთ, ეს ადამიანები უსაფრთხოების როგორი რისკების ქვეშ ცხოვრობდნენ და რისთვის აიგო საგუშაგო. [მოწმეები] დღეს გიორგი გახარიას წინააღმდეგ კი არ აძლევენ ჩვენებას, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებებს. სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ამ მოქალაქეებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობენ და ყველაზე მოწყვლადი ფენაა, რომლებიც პირდაპირ რუსული საოკუპაციო რეჟიმის საფრთხის ქვეშ დგანან, დღეს უკვე ქართული რეჟიმის საფრთხის ქვეშ არიან ძალიან მარტივი მიზეზის გამო - ამ ადამიანებს საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ რუსული საოკუპაციო რეჟიმის, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის რიტორიკით უწევთ ჩვენებების მიცემა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არ არის რიგითი პოლიტიკოსის საქმე, პოლიტიკოსის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური საქმე, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წარმოებული საქმე და ის ცრუ ნარატივები, რასაც ეს მოწმეები დღეს აქ აჟღერებდნენ, თითქოს არ სმენიათ ადამიანების გატაცების შესახებ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, თითქოს არ სმენიათ „ბორდერიზაციის“ ფაქტების შესახებ, რა თქმა უნდა, არის რუსულ ინტერესებში და სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს იყენებენ მთელი ამ პროცესისთვის. ბოლო წლის განმავლობაში და ამას ადასტურებს სუს-ის ანგარიში, რომელსაც მდინარაძემ მოაწერა ხელი და წარადგინა პარლამენტში, მხოლოდ ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, „ბორდერიზაციის“ 55 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ფაქტებს უარყოფენ და ფაქტობრივად, სირაქლემას პოზიციაში, ქვიშაში თავჩარგულები ცდილობენ გაექცნენ მოცემულობას, რაც ქვეყანაში არსებობს, რომ ჩვენ ვართ რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ ფაქტობრივად, ოკუპირებული ტერიტორიებით ქვეყანაში. ამ მოცემულობის შეცვლას ცდილობენ“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. როგორც ბრალდება განმარტავს, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს, კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. „საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები“, - აცხადებს პროკურატურა.

გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.აღსანიშნავია, რომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდის გარდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მეორე საქმეზეც - 20 ივნისის აქციის დარბევის ეპიზოდზეც მიმდინარეობს.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ