დღეს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ინფლაციური პროცესები უკონტროლოა! - რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით ზრდა მხოლოდ მშრალი ეკონომიკური გადაწყვეტილება არ არის, ეს არის პირდაპირი დარტყმა საქართველოს ასი ათასობით მოქალაქეზე, რომელთა სესხიც მიბმულია რეფინანსირების განაკვეთის ზრდაზე და შემდეგი გადახდისას გაზრდილი ყოველთვიური შენატანის გადახდა მოუწევთ, - ეს განცხადება პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე თაზო დათუნაშვილმა გააკეთა.
როგორც თაზო დათუნაშვილმა განმარტა, ზოგადად, მაღალი ინფლაციის დროს ეროვნული ბანკები ნორმალურ ვითარებაში რეფინანსირების განაკვეთს ზრდიან და მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებენ, მაგრამ მისივე თქმით, ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც „5 თვეზე მეტია ხელისუფლების ყველა შტო ინფლაციის არსებობას უარყოფს“.
„ხელისუფლების აბსოლუტურად ყველა შტო, ვისაც ეს ეხება და არ ეხება, ირაკლი კობახიძის მეთაურობით და თამადობით, საქართველოს მოსახლეობას ატყუებს, რომ საქართველოში ინფლაცია არ არის, რომ ფასების ზრდა გამოწვეულია ჯადოსნური მოვლენებით და ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესებით. დღეს ეროვნულმა ბანკმა აღიარა, რომ ინფლაცია არსებობს და თურმე აქვე დავინახეთ, რომ ინფლაცია ეროვნული ბანკის საქმეა და არა ვინმე სხვისი.
მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის - პირველი, დამატებით ფულის გადახდა მოუწევს, ფაქტობრივად, ყოველ მეორე ოჯახს ამ ქვეყანაში საბანკო შენატანის სახით. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ რთულ ვითარებაში გაუიაფოს ცხოვრება თავის მოქალაქეებს, შეღავათი მისცეს, იმ ვითარებაში, როდესაც ყველაფრის ფასი იზრდება, ხელისუფლება უფრო ღრმად ყოფს ხელს საქართველოს მოქალაქეების ჯიბეში.
მეორე, ეს არის ბიზნესის და ეკონომიკური პროცესის დახრჩობა იმიტომ, რომ ერთი მხრივ შენატანი გაეზრდება ამ ქვეყნის აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, მაგრამ გაიზრდება აგრეთვე სესხის ღირებულება ბიზნესისთვის რაც ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი არ ჩადებს ფულს მომავალ განვითარებაში და გვექნება სტაგნაცია, რაც ბევრ შემთხვევაში დამატებით ფასების ზრდასაც გამოიწვევს.
მესამე, ეროვნული ბანკი ებრძვის სიმპტომს და არა დაავადებას. ჩვენ ხომ ძალიან კარგად გვესმის, რომ ის, რის გამოც ინფლაცია ხდება ხოლმე ნორმალურ ვითარებაში, იმ ვითარებაში, რაშიც ჩვენ ვართ არ არის ასეთი ვითარება ანუ ჩვენს მოქალაქეებს ჭარბი ფული დღეს ხელში არ უჭირავთ და ამიტომ კი არ არის ინფლაცია გაქცეული, არამედ ინფლაცია გაგვირბის იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა ძირითადი მოხმარების პროდუქტზე ფასი იზრდება იმიტომ, რომ იმპორტზეა დამოკიდებული, ყველა სახელმწიფო სერვისზე ფასი გაძვირებულია და ჩვენი მოქალაქეები ორჯერ და სამჯერ მეტს იხდიან ნებისმიერ სახელმწიფო სერვისში და კომუნალური გადასახადების ფასი გაზრდილია პირველი აპრილიდან მოყოლებული. შესაბამისად, ეს ყველაფერი, პლუს ინფლაციური მაჩვენებელი ჯამში ქმნის იმ არასტაბილურ გარემოს, რომლის კონტროლიც ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სესხის გაძვირებით და არა იმ ნაბიჯებით, რომლებიც გადასადგმელი აქვთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ნახონ შეღავათი ამ ურთულეს ვითარებაში - გააუქმონ დროებით აქციზი საწვავზე და დაწიონ დღგ-ს გადასახადი სასურსათო პროდუქტებზე.
ამის მაგივრად, ისევ საქართველოს მოქალაქეებს უწევთ თავიანთი ჯიბიდან გადაიხადონ ფული ხელისუფლების უგუნური ეკონომიკური პოლიტიკის გამო, რომელიც ამ ქვეყანას აღარიბებს“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.