ყველამ პატივი უნდა სცეს უპირველეს ყოვლისა, კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას, ატაროს ღირსეულად ის ხელდასხმა, რომელიც პატრიარქისგან აქვს მიღებული - ამ განსაკუთრებულ მდგომარეობას, რასაც ჰქვია სინოდის წევრობა, ეპისკოპოსობა, სულიერი წინამძღვრობა ეპარქიისა, სჭირდება განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ტარება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გარკვეული მღვდელმთავრების პატრიარქის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
პაპუაშვილი ყველას მოუწოდებს, მსგავსი შეფასებებისგან თავი შეიკავონ.
„ძალიან მიჭირს იმის ყურება, რომ, სამწუხაროდ, ვხედავთ გარკვეულ დამაპირისპირებელ ხმებს, კომენტარებს, შეფასებებს, თავად ეკლესიის შიგნიდან, რაც ვფიქრობ, არ ეკადრება პატრიარქის ხსოვნას. სინოდის თითოეული წევრი, ყველა ეპისკოპოსი ხელდასხმულია ილია მეორის მიერ. ყველა არის მისი სულიერი შვილი. ასევე, კათოლიკოს პატრიარქის მიერ მოსაყდრედ გამორჩეული იყო წლების წინ მეუფე შიო. მგონი, ყველამ პატივი უნდა სცეს უპირველეს ყოვლისა, კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას, ატაროს ღირსეულად ის ხელდასხმა, რომელიც პატრიარქისგან აქვს მიღებული. ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ გადააბარა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. ეს არის ვფიქრობ, ყველას მოლოდინი, უპირველეს ყოვლისა, მრევლის საზოგადოების მოლოდინი ეკლესიის მიმართ და სინოდის მიმართ. ამიტომ მე ყველას მიმართ მექნება თხოვნა, რომ ღირსეულად გაიარონ ეს პროცესი, რომ ღირსეულად გაგრძელდეს ის საქმე, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით, თითოეულ მათგანს ჩააბარა. ამ განსაკუთრებულ მდგომარეობას, რასაც ჰქვია სინოდის წევრობა, ეპისკოპოსობა, სულიერი წინამძღვრობა ეპარქიისა, სჭირდება განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ტარება და განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა, თითოეული წევრი, ერთი პატრიარქის მიერაა გამოვლენილი, ხელდასხმული.
მიჭირს როცა ვუსმენ ისეთ კომენტარებს, რომელიც სხვა სფეროში, პოლიტიკის სფეროში ხდება, ჩვეულებად ქცეულია გარკვეული სიძულვილის ენით საუბარი და შეფასებები. ამიტომ მე ყველას მოვუწოდებ , თავი შეიკავონ მსგავსი შეფასებებისგან. ხედავთ, რომ ჩვენ, ხელისუფლება ვცდილობთ, ამ მხრივ რაც შეიძლება მორიდებულები ვიყოთ ჩვენს კომენტარებში და მივცეთ შესაძლებლობა ჩვენს ეკლესიას, წმინდა სინოდს, რომ ეს პროცესი ღირსეულად იქნას გაძღოლილი და ჩვენ, ჩვენმა სინოდმა გამოავლინოს მომავალი კათოლიკოს -პატრიარქი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.