პირველ რიგში, ეს არის თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე და სხვა არაფერი, - ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიში.
მისი თქმით, ანგარიშში დასახელებული ტელევიზიების მიერ გაშუქებული არცერთი ფაქტი არ არის არასწორი, ცრუ და პროპაგანდისტულად წარმოჩენილი.
„როცა საუბარია პროპაგანდისტულ ტელევიზიაზე, დაასახელონ კონკრეტული ფაქტები. დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება არის გასაჩივრებული და რა თქმა უნდა, ამას თავისი სამართლებრივი პროცესი აქვს. სამწუხაროდ, ძალიან გაჭიანურებული პროცესია იმიტომ, რომ სამი ინსტანცია ფაქტობრივად, BBC-ის ნაწილშია და შემდგომ გადავა უკვე მარეგულირებელ ორგანოში. დიდი იმედი გვაქვს, საბოლოოდ გამოჩნდება, რომ მათი მხრიდან ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო. მოსაზრება შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს. ამ მოსაზრების ჩახშობა არის სწორედ სიტყვის თავისუფლების ჩახშობა. ამ შემთხვევაში, მოსაზრებების საფუძველზე იყო მიღებული გადაწყვეტილება, ამას სამართლებრივი პროცედურების დროს აუცილებლად გავაჟღერებთ. წერია კიდეც ჩვენს მიერ წარდგენილ საჩივარში, რომ არცერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც პროპაგანდის საფუძველი, არ არსებობს. ამ ტელევიზიების მიერ გაშუქებული არცერთი ფაქტი არ არის არასწორი, ცრუ, შეუსაბამო და პროპაგანდისტულად წარმოჩენილი. რაც შეეხება სტუმრების მოსაზრებებს, ნებისმიერ ტელევიზიაში შეიძლება ისეთმა განსხვავებულმა მოსაზრებამ გაიჟღეროს, რაც თავად ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკასაც ეწინააღმდეგებოდეს, თუმცა ამის გამო, ადამიანებს სტუდიებიდან არ ვაგდებთ. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ პროპაგანდა არსებობს და ამას კონკრეტული ფაქტობრივი საფუძველი არ ედოს, არის დაუსაბუთებელი, ამიტომ გვაქვს გასაჩივრებული. ფაქტები ჩვენ კი არ უნდა დავდოთ, ფაქტები იმან უნდა დადოს, ვინც გადაწყვეტილებას იღებს“,- განაცხადა პაატა სალიამ.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს მხარი 53-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 14-მა მისცა.
ანგარიშის შესწორებების პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი გმობს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მედიასაშუალებების როლს ევროკავშირის, მისი ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ სისტემატური დეზინფორმაციისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებაში.
კიდევ ერთი შესწორება „გმობს ტელეკომპანიების „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტვს“-ის მიერ გავრცელებულ სისტემატურ დეზინფორმაციას, ცილისმწამებლურ კამპანიებსა და მტრულ პროპაგანდას, რომლებიც „ქართული ოცნების“ რეჟიმის დე ფაქტო კომუნიკაციების ორგანოდ მოქმედებენ“.
„მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს, რომ განიხილონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დეზინფორმაციულ კამპანიებსა და მათ დაფინანსებაზე, მათ შორის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი მტრული ქმედებები კვლავ გაგრძელდება“, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების, კშიშტოფ ბრეიზასა და მიჰალ შჩერბას შესწორებაში.