ხუთი ადამიანისთვის დაბრალება არის ზღვაში წვეთი, პატარა ლუკმის გადმოგდება, რეალურად ბევრად მეტი ადამიანი იყო სისტემურ ძალადობაში და წამებაში [ჩართული], - ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს დაშავებულმა ზვიად მაისაშვილმა მედიასთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირის დაკავებას.
ზვიად მაისაშვილის თქმით, ხუთი სპეცრაზმელის დაკავება „მოსალოცი ამბავი“ არ არის, რადგან არავინ იცის, რეალურად არიან თუ არა ისინი ის ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს.
„არანაირი კომუნიკაცია არ მქონია არცერთ გამომძიებელთან, არავინ არ შემხმიანებია. ამ ადამიანების დაჭერა, მით უმეტეს რომ ამდენი ხანი გავიდა, ვითომ არ იცოდნენ ვინ იყვნენ, ახლა აღმოჩნდა, რომ იციან ვინ არიან, არ მგონია გულწრფელი და მოსალოცი იყო ეს ამბავი იმიტომ, რომ რეალურად არც ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები და არიან თუ არა დამნაშავეები, ვინც ეს გააკეთეს. ხუთი ადამიანისთვის დაბრალება არის ზღვაში წვეთი, პატარა ლუკმის გადმოგდება, რეალურად ბევრად მეტი ადამიანი იყო სისტემურ ძალადობაში და წამებაში [ჩართული], ხუთი სპეცრაზმელი არ იყო, ეს იყო სისტემური დანაშაული. უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდათ და გადმოაგდეს პატარა ლუკმა“, - განაცხადა ზვიად მაისაშვილმა.
როგორც ცნობილია, 2024 წლის 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადა ზვიად მაისაშვილზე, რის შედეგადაც მაისაშვილმა გონება დაკარგა.
შეგახსენებთ, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.
გენერალური პროკურორის განმარტებით, ხუთიდან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.
ამასთან, გვარაკიძის განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.