პროკურორი - ლევან ხაბეიშვილის საჯარო მოწოდებების ერთადერთი მიზანი იყო ხალხი გაეერთიანებინა და ეს სახელმწიფო დამხობისკენ მიმართულიყო - მურთაზ ზოდელავას უხეშმა ქმედებამ კი გამომძიებელს ხელი შეუშალა

ბატონო მოსამართლე, ჩემ მიერ ჩამოყალიბებული პოზიციისგან განსხვავებული მსჯელობის შემთხვევაში მივიღებთ მოცემულობას, რომ ხელისუფლების დამხობისკენ გამიზნული პირდაპირი მოწოდებები თურმე, ჩვეულებრივი მოვლენაა ამ ქვეყანაში; რომ სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესების მიხედვით, პოლიციელთათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გადახდის დაპირება ლეგიტიმური ქმედებაა; რომ ყოფილ მთავარ პროკურორს სრული უფლება აქვს, უხეშად ჩაერიოს ნებისმიერი გამომძიებლის საქმიანობაში, - ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმის პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ის მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასა და სამართლიანი სასჯელის გამოტანას ითხოვს.

პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა სასამართლო პროცესზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

პროკურორ ბექა ხუნაშვილის განმარტებით, ლევან ხაბეიშვილის საჯარო მოწოდებების ერთადერთი მიზანი იყო ხალხი გაეერთიანებინა და ეს სახელმწიფო დამხობისკენ მიმართულიყო. მისივე თქმით, მოწოდება საქვეყნო ხასიათს ატარებდა, რასაც „ინტერნეტიდან და ტელემაუწყებლებიდან ამოღებული ტექსტი და ვიდეომასალა ადასტურებს“.

პროკურორის თქმით, მურთაზ ზოდელავას უხეშმა ქმედებამ გამომძიებელს ხელი შეუშალა მშვიდ ვითარებაში შეესრულებინა მოვალეობა.

"გთხოვთ, ყველამ სრულყოფილად გავიაზროთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, 1990-იან წლებში ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულმა ძალადობრივმა და არაკონსტიტუციურმა პროცესებმა საქართველოს სახელმწიფოებრიობას მძიმე სტრუქტურული, სამართლებრივი და გეოპოლიტიკური შედეგები მოუტანა.

კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივმა დამხობამ დაარღვია ქვეყნის განვითარების მოსალოდნელი, ბუნებრივი ციკლი და სახელმწიფო ინსტიტუტები ხანგრძლივ დეგრადაციაში ჩააგდო. კონსტიტუციური წყობილების ნგრევამ და ძალადობრივმა აქტებმა გააუფასურა კანონის იურიდიული ძალა. ლეგიტიმურობის დეფიციტმა გარკვეულ წრეებში გააძლიერა განცდა, რომ ძალაუფლების მოპოვება თურმე შესაძლებელია არასამართლებრივი, არამედ ძალადობრივი და იძულებრივი გზებით.

სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირება წლების განმავლობაში იყო პარალიზებული და მოხდა მართლწესრიგის კოლაფსი, კრიმინოგენული ტალღის აფეთქება და ანარქია. შიდა სახელმწიფოებრივმა არასტაბილურობამ, სამოქალაქო ომმა და ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებამ პირდაპირი გზა გაუხსნა გარე აგრესიას. შედეგად, ქვეყანამ მალევე დაკარგა ეფექტური კონტროლი თავის ისტორიულ რეგიონებზე, რამაც მრავალწლიანი ჰუმანიტარული და პოლიტიკური კრიზისი წარმოშვა. ამ ყველაფრის სავალალო შედეგებს სამწუხაროდ დღემდე ვიმკით.

მითითებული ფაქტორების გამო, ბუნებრივია, მეტისმეტად სახიფათოა ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება და ამიტომ არის ეს ქმედება კრიმინალიზირებული კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების კარში, რომ აღარაფერი ვთქვათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისათვის დიდი ოდენობით ქრთამის დაპირების მართლწინააღმდეგობაზე, რაც დამოუკიდებლად რომ შევაფასოთ, ჩვენს მიერ განსახილველ კონკრეტულ შემთხვევაში ასევე ამავე არაკონსტიტუციურ მიზანს ემსახურებოდა ლევან ხაბეიშვილის მხრიდან.

დაცვის მხარის პოზიცია, რომ დამხობა ვითომდა შესაძლოა იყოს მშვიდობიანი, მხოლოდ და მხოლოდ სიტყვების თამაშია, რეალური და გონივრული შინაარსის გარეშე. ყოველთვის ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას და ახლაც აღვნიშნავ, მშვიდობიანი დამხობა აბსოლუტურად წარმოუდგენელი ოქსიმორონია. მშვიდობიანი პროცესის აღსაწერად მდიდარ ქართულ ენაში არაერთი სიტყვა მოიპოვება. ხელისუფლების დამხობა არ გულისხმობს კონსტიტუციურ და ლეგიტიმურ პროცესებს, ხელისუფლების წყაროს მხრიდან უშუალო დემოკრატიის ფორმების გამოყენების გზას და ეს თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენს შორის არსებობს ვინმე, ვინც ამ სიტყვების შინაარსს და ამ დანაშაულთაგან მომდინარე აბსტრაქტულ და კონკრეტულ საფრთხეებს (მასობრივი არეულობა და ა.შ) ვერ იაზრებს. ანალოგიურად, ქრთამის შინაარსი ყველა იურისტს კარგად მოგვეხსენება და მისთვის ჯილდოს თუ პრიზის ხელოვნურად დარქმევა ამ დანაშაულის დანაშაულებრივ ბუნებასა და შინაარსს ვერანაირად ვერ შეცვლის.

ბატონო მოსამართლევ, ჩემს მიერ ჩამოყალიბებული პოზიციისგან განსხვავებული მსჯელობის შემთხვევაში მივიღებთ მოცემულობას, რომ ხელისუფლების დამხობისკენ გამიზნული პირდაპირი მოწოდებები თურმე ჩვეულებრივი მოვლენაა ამ ქვეყანაში, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებისდა მიხედვით პოლიციელთათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გადახდის დაპირება ლეგიტიმური ქმედებაა, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს სრული უფლება აქვს უხეშად ჩაერიოს ნებისმიერი გამომძიებლის საქმიანობაში და ა.შ, რაც, ბუნებრივია, თქვენს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების სრული უგულვებელყოფა იქნება", - განაცხადა ხუნაშვილმა.

სხდომას მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი ესწრება.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორცირელა.

ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს