ბაკურ კვაშილავა - „ოცნებაში“ გაიმარჯვა ფრთამ, რომელიც ამბობს: „ზედმეტი მოგვივიდა, გადავყლაპეთ მეტი, ვიდრე მონელება შეგვიძლია“, პაპუაშვილმა კი იცის, რა ესიამოვნება ბატონ ბიძინას, მისი წერილი ჰგავს, ბაბუას რომ შვილიშვილი ასწავლის და ეს სამარცხვინოა!

„ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე დებატებში გაიმარჯვა იმ ფრთამ, რომელიც ამბობს, რომ „ჩვენ ზედმეტი მოგვივიდა, გადავყლაპეთ უფრო მეტი, ვიდრე მონელება შეგვიძლია“. ადრე ამ ფრთას არ უსმენდნენ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „თავისუფლების მოედნის“ გენერალურმა მდივანმა, ბაკურ კვაშილავამ 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირის, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კვაშილავა დარწმუნებულია, რომ ამ საკითხში „ქართული ოცნების“ უკან დახევა უწყვეტმა პროტესტმა განაპირობა და არა რომელიმე კონკრეტულმა მოვლენამ, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ვიზიტმა.

„არავის ეგონოს, თითქოს ეს რომელიმე კონკრეტულ მოვლენასთან იყოს დაკავშირებული, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე დებატებში გაიმარჯვა იმ ფრთამ, რომელიც ამბობს, რომ „ჩვენ ზედმეტი მოგვივიდა, გადავყლაპეთ უფრო მეტი, ვიდრე მონელება შეგვიძლია“. ხომ აკეთებდა თვითონ პრემიერ-მინისტრი ასეთ განცხადებას, რომ პოლიციელებს ხელს არ დააკარებს და ნახეთ, როგორ დაიხიეს უკან. ნახეს, რომ ეს ხისტი პოზიცია შედეგს, საბოლოო ჯამში, მაინც არ იძლევა, იმიტომ, რომ პროტესტი მაინც არ გაჩერებულა, არ შეწყვეტილა, გრძელდება და არ შეწყვეტილა თვითონ „ქართული ოცნების“ იზოლაცია“, - განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია პოლიტიკური კეთროვნის სტატუს-ქვო და აქვს მცდელობა, რომ გადაირჩინოს საკუთარი თავი.

„ქართული ოცნებისთვის“ ეს სტატუს -ქვო მიუღებელია, ეს არის არასტაბილური პოზიცია მათთვის, რაც არ უნდა გვეგონოს, რომ ის დომინირებს შიდა არეალზე, „ქართული ოცნება“ დღეს საერთაშორისო პოლიტიკაში არის კეთროვანი, ეს არის პარტია, ორგანიზაცია და ხელისუფლებაში დროებით მყოფი მთავრობა, რომლისთვისაც ხელის ჩამორთმევასაც კი ერიდებოდნენ აქამდე. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ეს არის მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, გადაირჩინოს თავი კომპრომისით და დაიწყოს პროცესი, რომელიც იქნება ვითომ შერბილება იმ დრაკონული და მეცხრამეტე საუკუნის კანონების, რომლის მიმღები ხელისუფლება დღეს ევროკავშირს ასწავლის, რობერ შუმანს რა უნდოდა, როდესაც ევროკავშირი შექმნა. ეს არის სამარცხვინო! ბაბუას რომ შვილიშვილი ასწავლიდა, აი, ეს სამარცხვინო რამ გააკეთა დღეს პაპუაშვილმა“, - განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.

ის შალვა პაპუაშვილის მიერ ევროკავშირის ელჩისთვის გაგზავნილ ღია წერილსაც გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილი ძალიან კარგად ხედავს, რა ესიამოვნება ბატონ ბიძინას, ასევე ძალიან კარგად ხედავს, რა ესიამოვნებათ ბატონი ბიძინას დამქაშებს და ყურმოჭრილ მონებს, რომელთაგან ერთ-ერთი თვითონაც არის, ეს ფაქტია. ასე რომ არ ყოფილიყო, ის ამდენ ხანს ვერ შეინარჩუნებდა იმ მაღალ პოზიციებს, რომლებსაც იკავებს. ამავდროულად, ფაქტია ისიც, რომ რამდენიც არ უნდა იძახოს „ქართულმა ოცნებამ“, საქართველოს დღევანდელი მთავრობა და ქართველი ხალხი არის ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ცნება. აქედან გამომდინარე, დასაწყისშივე არასწორია, რაზეც საუბრობს შალვა პაპუაშვილი. იმ გაგებით, თუ ის ემსახურება არა ქართველ ხალხს, არამედ ბიძინა ივანიშვილს, ეს აბსოლუტურად სწორი განცხადებაა, იმიტომ, რომ მას მოეწონება და შესაბამისად, იმ მლიქვნელთა ჯგუფს, რომელსაც ის წარმოადგენს, წარმატებას მოუტანს, მაგრამ სხვა მხრივ, ასე რეალობას აცდენილი განცხადება იშვიათად გაუკეთებია პაპუაშვილსაც კი.

დღეს შალვა პაპუაშვილი გამოდის და ევროკავშირს ელაპარაკება ტონით, ისე როგორც ევროკავშირს არ ელაპარაკება ამერიკის შეერთებული შტატები ან ჩინეთი და აჯერებს შემდეგ საკუთარ ამომრჩეველს, რომ ეს არის სწორი მიდგომა. ამ დროს რუსეთთან სწორედ ასეთი პოლიტიკის და ასეთი მიდგომის გამო აკრიტიკებდა ის მიხეილ სააკაშვილს 2011 წელს. რეალურად „ქართული ოცნება“ სხვა არაფერია თუ არა მანიპულაციური ჯგუფი, რომელიც იმ მიზეზით, რომ დარჩეს თანამდებობაზე და შეინარჩუნოს ფულის კეთების სქემა, რომელიც გააჩნია და ეს ფულის კეთების სქემა თვითონ გამოავლინეს „ქართლი ოცნების“ მესვეურებმა, ენას ძვალი რომ არ აქვს, ამის გამოხატულებას ვხედავთ ყოველდღიურად „ქართული ოცნების“ მხრიდან. არ არის სერიოზულად აღსაქმელი მათი არც ერთი განცხადება“, - განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.

რაც შეეხება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტს, კვაშილავას განცხადებით, აშშ-ისთვის საქართველო ყოველთვის იყო საინტერესო, პირველ რიგში, არა როგორც ტრანზიტული ქვეყანა, არამედ როგორც ქვეყანა, რომელსაც გააჩნია მსგავსი და საერთო ღირებულებები, როგორიც არის ადამიანის თავისუფლება, ადამიანის ღირსების პატივისცემა, კანონი უზენაესობა, დემოკრატიის მხარდაჭერა.

„ამიტომ იყო საქართველო მნიშვნელოვანი და არა იმიტომ , რომ ჩვენ გვაქვს ან ოქრო, ან ნავთობი, ან რომელიმე ისეთი რესურსი, რომლის გარეშეც ამერიკა ვერ გაძლებს, როგორც ბოდავენ პაპუაშვილი და დანარჩენები. ერთადერთი ღირებული ეს არის განათლებული ხალხი, ეს არის ამაყი ხალხი, რომელიც არ ეგუება მონობას და მით უმეტეს პაპუაშვილის მონობას არ შეეგუება. ამიტომ აინტერესებთ საქართველო ამერიკას, ევროპას და ყველა დანარჩენ ღირსეულ, ცივილიზებულ ქვეყანას და ამიტომ არიან დღეს ისინი ჩამოსულები და დისკუსიის საგანი ყოველთვის იქნება ერთი და იგივე ჩვენი მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან- საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა, იმის მხარდაჭერა, რომ მთავრობა ყოველთვის იყოს ხალხის ნების გამომხატველი და არა ერთი კაცის,“ - განაცხადა კვაშილავამ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი