თუ ჩვენ ნორმალური ცხოვრება გვინდა, ეს ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილებით მიიღწევა - ეს შალვა პაპუაშვილმა იცის, ოღონდ პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს, - ასე უპასუხა “ოპოზიციური ალიანსის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ევროპის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ევროკავშირის წარმომადგენლის პაველ ჰერჩინსკისადმი გაგზავნილ წერილზე დასმულ კითხვას.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ევროკავშირის წევრობას კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილება სჭირდება, “ამ რეჟიმის პირობებში კი ქვეყანა კოპენჰაგენის კრიტერიუმებს 180 გრადუსით ასცდა“.
“ევროკავშირის არის კლუბი, რომელსაც თავისი წესები აქვს. არსებობს ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რომელსაც სამი მიმართულება აქვს. თუ გვინდა, რომ ამ კლუბის წევრები გავხდეთ და ჩვენმა შვილებმა ნორმალურ, ცივილიზებულ და განვითარებულ ქვეყანაში იცხოვრონ, სადაც კარგი განათლება და ჯანდაცვა იქნება, სადაც ჩვენს შვილებს ჯიბეში ევროკავშირის წევრი ქვეყნის პასპორტი ექნება, რომელიც დედამიწაზე ყველა კარგს გაუხსნის, ამისთვის კოპენჰაგენის კრიტერიუმები არსებობს, რაც ამ ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. ამ რეჟიმის პირობებში ეს ქვეყანა კოპენჰაგენის კრიტერიუმებს 180 გრადუსით ასცდა და სულ სხვა მიმართულებით გაფინეს - რუსეთის უკანალში!
ამ ქვეყნის მოქალაქეების 80% სტაბილურად იძახის, რომ ევროკავშირში გვინდა. გვინდა, რომ თბილისის გროზნო არ იყოს და იყოს ლუქსემბურგივით. ამიტომ კოპენჰაგენის კრიტერიუმები უნდა დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართა. პაპუაშვილი ევროპელ დიპლომატს ევროპის დღეს ულოცავს და იქვე წერს, რომ ევროპული გაერთიანების დღევანდელი ხელმძღვანელობა ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის რობერ შუმანის დეკლარაციის ფუძემდებლურ დასკვნას ვერ იაზრებს.
“ევროკავშირის მიმდინარე პოლიტიკა არ ტოვებს სხვაგვარი ახსნის სივრცეს, გარდა იმისა, რომ ის მიმართულია დაპირისპირების გაღრმავებისა და უთანხმოებების ზრდისკენ. ევროპარლამენტის უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული რეზოლუციები, პოლიტიკური და ეკონომიკური შურისძიების არაერთი მუქარა, საქართველოს შიდა საქმეებში მუდმივი ჩარევა - ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ მიზანმიმართული მცდელობებისა, რომლებიც მიზნად ისახავს დაპირისპირების წაქეზებას როგორც საქართველოს შიგნით, ისე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. ნამდვილი ერთიანი ევროპა არის ის, რომელიც არა მხოლოდ მომავალ ომებს აღკვეთს, არამედ მიმდინარე კონფლიქტებსაც დაასრულებს. თუმცა სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკაში ქართველ ხალხსა და ევროკავშირს შორის ერთიანობის მიღწევის განზრახვა არსად იკვეთება“ - წერს შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის.