ევროკავშირის ელჩისგან, ევრობიუროკრატიისგან მცდელობას ვხედავთ, ტყუილი ნარატივით მუდმივად თავს დაესხას ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს - დრო მოვიდა, აღარ გაგრძელდეს საქართველოსთან მიმართებით ორმაგი, თითიდან გამოწოვილი მიზეზით გაჯერებული პოლიტიკა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროკავშირის ელჩისადმი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიწერილ წერილს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, დროა, თვალი გაუსწორონ იმას, რომ „ქართველმა ხალხმა არა ევროჩინოვნიკების და გარე ძალების, არამედ, საკუთარი ნება-სურვილით აირჩია ის ძალა, რომელსაც ენდობა“.
„9 მაისი გახლავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე და თუ არა ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, სადაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს აქვს უდიდესი როლი შესრულებული - 100 ათასობით დაღუპული ქართველი სწორედ ამ დიდი გამარჯვებისთვის, ნამდვილად ვერავინ იზეიმებდა დღეს ევროპის დღეს და ვერც შედგებოდა ევროკავშირი და ევროპა ზოგადად, იმ მოცემულობით, რაც არსებობს. შესაბამისად, ტყუილი ნარატივით საზოგადოებასთან ურთიერთობა, ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, მაგალითად, შარშან, ევროკავშირის ელჩისგან, არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის ხელშემწყობი. პირველ რიგში, ევროკავშირის მხრიდან უნდა იყოს ამის არდაშვების მცდელობა. ჩვენ საპირისპიროს ვხედავთ. ვხედავთ, პრაქტიკულად, ევროკავშირის ელჩისგან, ევრობიუროკრატიისგან მცდელობას, ტყუილი ნარატივით თავს დაესხას ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს მუდმივად, იმის გამო, რომ არ დაუკმაყოფილდათ მოთხოვნა, საქართველოში ჰყოლოდათ მორჩილი და ცალფეხზე მდგომი [ხელისუფლება]. ქართველმა ხალხმა არა ევროჩინოვნიკების და გარე ძალების, არამედ საკუთარი ნება-სურვილით მიიღო გადაწყვეტილება და ხელისუფლებაში აირჩია ის ძალა, რომელსაც ენდობა, ვინც იცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ეკონომიკურ სიძლიერეს და მშვიდობას. ამიტომაც, დროა, თვალი გაუსწორონ ამ რეალობას. პარლამენტის სპიკერის წერილში არის ძალიან მკაფიო და სწორი აქცენტები გაკეთებული აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და ის დროც მოვიდა, რომ ევროკავშირის ელჩი იქნება ეს, თუ სხვა ოფიციალური პირი ევრობიუროკრატიისგან, ხმა აიმაღლოს იმ ძალადობაზე, რომელიც საქართველოში ხორციელდებოდა, თუნდაც 4 ოქტომბრის დღე, თუნდაც ის მოვლენები, რომელიც 2024 წლის დეკემბერში განვითარდა და ამას მკაფიოდ დაარქვან სახელი და აღარ გაგრძელდეს ის ორმაგი, თითიდან გამოწოვილი მიზეზით გაჯერებული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართა. პაპუაშვილი ევროპელ დიპლომატს ევროპის დღეს ულოცავს და იქვე წერს, რომ ევროპული გაერთიანების დღევანდელი ხელმძღვანელობა ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის რობერ შუმანის დეკლარაციის ფუძემდებლურ დასკვნას ვერ იაზრებს.
“ევროკავშირის მიმდინარე პოლიტიკა არ ტოვებს სხვაგვარი ახსნის სივრცეს, გარდა იმისა, რომ ის მიმართულია დაპირისპირების გაღრმავებისა და უთანხმოებების ზრდისკენ. ევროპარლამენტის უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული რეზოლუციები, პოლიტიკური და ეკონომიკური შურისძიების არაერთი მუქარა, საქართველოს შიდა საქმეებში მუდმივი ჩარევა - ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ მიზანმიმართული მცდელობებისა, რომლებიც მიზნად ისახავს დაპირისპირების წაქეზებას როგორც საქართველოს შიგნით, ისე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. ნამდვილი ერთიანი ევროპა არის ის, რომელიც არა მხოლოდ მომავალ ომებს აღკვეთს, არამედ მიმდინარე კონფლიქტებსაც დაასრულებს. თუმცა სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკაში ქართველ ხალხსა და ევროკავშირს შორის ერთიანობის მიღწევის განზრახვა არსად იკვეთება“, - წერს შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის.