მეძლევა საშუალება, რომ გავაფრთხილო მათ შორის ჩვენი მეგობარი თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ვთხოვო მათ: - რასაც ჩვენი ქვეყანა მათ ქვეყნებში არ აკეთებს, იმას ჩვენს ქვეყანაში ნუ გააკეთებენ და ამ ურთიერთობებს გაუფრთხილდნენ - ჩვენ რასაც სხვაგან არ ვკადრულობთ, ნურც ჩვენთან იკადრებენ, - ეს არის განცხადება, რომელიც სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჯაშუშების ბრალდებით პირების დაკავებაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
მდინარაძის თქმით, საქართველოში ათწლეულებია რეალური კონტრდაზვერვითი სამუშაოები არ განხორციელებულა. მან აქვე აღნიშნა, რომ 2005-2006 წლებში რამდენიმე დაკავება იყო და “ისიც მხოლოდ ერთი მიმართულებით, რაც მაშინ საპიაროდ კარგად გამოდგებოდა“.
“პირველი, ჩვენ და ჩვენს სპეცსამსახურებს შესწევს ძალა, როგორც არასდროს, რომ ჩვენს ქვეყანაში სხვა ქვეყნის დაზვერვითი სამსახურები, მათი ე.წ. რეზიდენტი პირები გამოავლინონ. ჩვენ ამ ურთიერთობას ძალიან ვუფრთხილდებით. ამიტომ ვთხოვთ, რომ ამ საკითხს ზედმიწევნით ფრთხილად მოეკიდონ. თავად უკეთეთ იციან, რა საქმიანობა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის მიმართულებით.
ასევე, ევროპის იმ რამდენიმე ქვეყანას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დაზვერვით სამუშაოებს გაცხოველებულ და ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ: - ქართულ სპეცსამსახურებს იმაზე მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. დღეს კონტრდაზვერვითი სამუშაოები გაათმაგებულ რეჟიმში, ინტენსივობით მიმდინარეობს. ასევე, ჩვენ და ჩვენს სამართალდამცავებს ძალიან დიდი ინფორმაციები გვაქვს. ვთხოვთ, რომ ეს ხალხი გაიყვანონ, მოაშორონ იმ საქმიანობას, რასაც ისინი ახორციელებენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ ვიმუქრები, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ ამასთან დაკავშირებით გარკვეულ მინიშნებებს კვლავ გავაკეთებთ. მგონი, რაც გავაკეთებთ უკვე საკმარისი უნდა იყოს!
ამის თქმის ძალა, დღეს როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას, შესაბამისი უწყებების და სამართალდამცავების სწორი და ძლიერი მუშაობის წყალობით, საბედნიეროდ, აქვს.
ჩვენ ქვეყანაში ათწლეულებია რეალური კონტრდაზვერვითი სამუშაოები არ განხორციელებულა. 2005-2006 წლებში რამდენიმე დაკავება იყო და ისიც მხოლოდ ერთი მიმართულებით, რაც მაშინ საპიაროდ კარგად გამოდგებოდა.
ეს საპიაროდ დღესაც შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ჩვენ პიარზე არ უნდა ვიფიქროთ. ჩვენ ჩვენი ქვეყნის რეალურ ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ და შემდეგ კი ბატონო, პროპაგანდა გასაგებია!
ამის შემდეგ ამ ქვეყანაში ჯაშუშობაში ბრალდებული რეალურად არავინ დაუკავებიათ. გახსოვთ ერთი-ორი შემთხვევა, რომელიც მხოლოდ საჩვენებელი ხასიათის იყო. 2005-2006 წლებში. ამის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ჯაშუში არ დაკავებულა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.