მე არ მახსენდება ჯაშუშურ საქმიანობაში საერთოდ მსგავსი, რომ ვინმე უწყისს აწერდეს ხელს. ერთია, რაც კადრებში ჩანს და მეორეა, თუ როგორ მუშაობს ჯაშუშური სისტემა. არსად არ ხდება მსგავსი ხელის მოწერა, რადგან ეს არის პირველი მტკიცებულება, - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილ ხელმძღვანელის, გიორგი უძილაურის კადრებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სუს-მა გამოაქვეყნა.
დავითაიას ვარაუდით, ჯაშუშობის მუხლით დაჭერა ისევ გაგრძელდება. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ბრალდება ყველას შეიძლება წაუყენონ, ვინც უცხოელს დაელაპარაკება.
„ჯაშუშების გამოვლენა ცოტა ღიმილისმომგვრელია. მაგალითად, რუსეთის ჯაშუშის გამოვლენა იმიტომ, რომ ვინც დააკავეს, ფოტოს გადაღების გამო დააკავეს.
„იანდექს ტაქსი“ საქართველოში რუსული სისტემაა, მტკიცებულებებით დაკავშირებულია „ეფ-ეს-ბესთან“. ყველა ამ ტაქსს, რომელიც დადის, უყენია ვიდეო-კამერა და იღებს ყველაფერს. მთელი ინფრასტრუქტურა არსებობს და როდესაც ეს „იანდექსი“ საქართველოში შემოვიდა, აქ, „პალიტრანიუსში“ განცხადებაც გავაკეთე, რომ ეს არის „ეფ-ეს-ბესთან“ დაკავშირებული კომპანია და ამ კომპანიას არ უშვებენ სხვა ქვეყნებში. ეს იღებს მთელს ქსელს, გზის დამუშავებას, სად რა ობიექტია, რამდენი გადაადგილებაა, რა ტვირთი მოძრაობს - ყველაფერს იღებს.
ამიტომ, იმ დღეს ზუსტად ეს ვთქვი, ეს დაკავება მოხდა იმიტომ, რომ შემდეგ დაეკავებინათ ევროკავშირის „ჯაშუშობისთვის“. არ ვიცი უძილაური იქნებოდა ეს თუ ვინმე სხვა, აქაც ბევრი კითხვა მიჩნდება. მე არ მახსენდება ჯაშუშურ საქმიანობაში საერთოდ მსგავსი, რომ ვინმე უწყისს აწერდეს ხელს.
ერთია, რაც კადრებში ჩანს და მეორეა, თუ როგორ მუშაობს სისტემა. ჯაშუშური სისტემა როგორ მუშაობს, ძალიან კარგად ვიცი, არსად არ ხდება მსგავსი ხელის მოწერა, რადგან ეს არის პირველი მტკიცებულება.
კადრებში ვხედავთ, რომ საუბარი არის რაღაც პაროლებზე და ამის ფონზე ვხედავთ, რომ „ნოუთბუქია“ გახსნილი. ნებისმიერი ჯაშუში, რომელიც აწარმოებს ჯაშუშურ საქმიანობას, თუნდაც სხვა აიღეთ, მაგალითად ჟურნალისტი, საუბრის დროს ტელეფონს გადადებს ხოლმე, კამერას რაღაცას აწებებს ზემოდან [მეტი სიფრთხილისთვის] და ჩვენ ვხედავთ, გახსნილი კომპიუტერი აქვს წინ, სადაც არის კომპიუტერული პროგრამები და პირდაპირ ხდება ხოლმე მოსმენა, ამის ფონზე ხდება თანხის გადაცემა. შეიძლება, ძალიან დაბალი დონის იყო ყველა და ასე ღიად მოხდა, შეიძლება კადრი სხვა არის და ლაპარაკი სხვა, არ ვიცი... ამ მიმართულებით კითხვის ნიშნები მიჩნდება.
ვთქვათ, კონტრდაზვერვის სამმართველოს ჰქონდა ვიდეო კადრები, როგორ ხდება ფულის გადაცემა და ჯაშუშური საქმიანობის განხორციელება. ეს არის უმაღლესი დონის ოპერაციის მწვერვალი, როდესაც ამ ფონზე აკავებ ორივეს - ჯაშუშსაც და ვინც ახორციელებს ამას. ეს არის გამოძიებისთვის უმაღლესი დონე, როდესაც ფაქტზე აკავებ მტკიცებულებით. რა თქმა უნდა, შეიძლება მერე არ გაახმაურო და ქვეყანას ისე გადასცე, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი განცხადებაც არ ყოფილა დაკავებაზე. შეიძლება ეს იყო, პირობითად, დიპლომატი და ჰქონდა იმუნიტეტი. ვიცით, რომ ასეთ დროს ხდება გაძევება 24 საათის განმავლობაში, მაგრამ ამაზე არაფერი არ ვიცით.
ჩვენ ვერ ვხედავთ, ეს უწყისია თუ არა, შეიძლება არ არის უწყისი და რაღაც ხელშეკრულებაა, შეიძლება რაიმე ექსპერტიზის შესახებ დოკუმენტია, არაფერი ვიცით. ერთი რამ დავასკვენი, რომ კიდევ იქნება დაჭერები. ეს არის ფონის შემზადება, რომ ჩემს ტერიტორიაზე მე არავის არაფერს არ გავაკეთებინებ. თუმცა, ამავე კუთხით, შეიძლება ჯაშუშობის მუხლი წაუყენო ყველას, ვინც უცხოელს დაელაპარაკება“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა. „ვასაჯაროებთ ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს, სადაც ჩანს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული შეხვედრის დროს, ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქალაქო სასამართლომ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს ადევს გრიფი „სრულიად საიდუმლო“.