პაველ ჰერჩინსკი - ჩვენი მხრიდან კითხვა საქართველოს წევრობის შესაბამისობაზე დახურულია, ჩვენ საქართველოს ველით - ძალადობისთვის რამდენიმე პოლიციელის დაკავება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია

ფაქტი, რომ როგორც იქნა, რამდენიმე პოლიციელი დააკავეს ძალადობისთვის, რომელიც მათ დემონსტრაციების დროს ჩაიდინეს, ვფიქრობ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„არსებობს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპული საბჭოს დასკვნები. ეს დოკუმენტებია, რომლებზეც 27 წევრი სახელმწიფო ერთხმად შეჯერდა და მათში ნათლად წერია, თუ რას ველით კანდიდატი ქვეყნებისგან, მათ შორის საქართველოსგან. შარშან გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ გამანადგურებელია. ახლა გაფართოების ახალ ანგარიშზე ვმუშაობთ, რომელიც ნოემბერში გამოქვეყნდება. შეგიძლიათ ეს დოკუმენტები ნახოთ, სადაც წერია ის, თუ რა ნაბიჯების გადადგმას ველით საქართველოსგან, რათა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

კითხვაზე, დაწესებულია თუ არა ევროკავშირის მოლოდინებზე გარკვეული ვადები, ელჩმა უპასუხა, რომ „ყველაფერი საქართველოს ხელშია“.

„ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. როგორც უკვე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, სასწაული იყო, რომ ევროკავშირის ოცდაშვიდივე ლიდერმა უმაღლეს დონეზე ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენი მხრიდან კითხვა საქართველოს ევროკავშირში წევრობის შესაბამისობასთან დაკავშირებით დახურულია. ჩვენ საქართველოს ველით. სამწუხაროდ, დრო გადის და ჩვენ ბევრ დროს ვკარგავთ. ტანგოს კი ორი ცეკვავს. უკვე არის გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები. ფაქტი, რომ როგორც იქნა, რამდენიმე პოლიციელი დააკავეს ძალადობისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს დემონსტრაციების დროს, ვფიქრობ, ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. დაუსჯელობა მიუღებელია. ჩვენ ძალადობას ყველა მხრიდან ვგმობთ. სხვა ნაბიჯებიც არის. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნდება. ჩვენ, როგორც ევროკავშირი და ევროკავშირის დელეგაცია, დასახმარებლად ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ ჩვენ გულწრფელი მზადყოფნა გვჭირდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია დაფუძნებულია მკაფიო წესებზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ოჯახს წარმოვადგენთ, რომელიც დაფუძნებულია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე. ყველა ქვეყანამ, რომელიც გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, ერთი და იგივე ღირებულებები და პრინციპები უნდა დაიცვას“, - აღნიშნა ელჩმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ