სტუ-ის რექტორი - შევთხოვოთ ღვთისმშობელს მოგვცეს ძალა, ჩვენი არჩევანი მომავალში სიკეთედ, მშვიდობად და განვითარების შესაძლებლობად იქცეს საქართველოსთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე კოლეგებსა და სტუდენტებს ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომობის დღეს ულოცავს.

როგორც დავით გურგენიძე თავის მილოცვაში აღნიშნავს, 12 მაისი სიმბოლურად აერთიანებს საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენას - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ის ინტრონიზაციას. რექტორი ერის სულიერ ცხოვრებაში ეკლესიის როლზე საუბრისას აცხადებს, რომ ეკლესია საქართველოში ისტორიულად იყო განათლების, კულტურისა და ზნეობრივი აღზრდის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი.

„დღეს ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეა. დღეს იმედის დღეა - წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქადაგება და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი ჩვენი ქვეყნის წილხვდომილობის რწმენა წარმოადგენს სულიერების იმ ერთ-ერთ საფუძველს, რომელზეც შენდებოდა, შენდება და აშენდება ჩვენი ეროვნული იდენტობა.

12 მაისს საქართველოს უახლესი ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი დაიწერა - სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დიდებულ დღეს დაემთხვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ის აღსაყდრება. ერთ დღეში გაერთიანებული ეს სამი უდიდესი თარიღი - სულიერი საწყისი, ღვთაებრივი მფარველობა და ეკლესიის ახალი მწყემსთმთავრის არჩევა არის საძირკველი, რომელიც გვავალდებულებს, მეტი ენერგიით ვემსახუროთ სამშობლოს, სარწმუნოებას, განათლებასა და მეცნიერებას.

დღეს, როდესაც ვიხსენებთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის მოციქულებრივ ღვაწლს, ვადიდებთ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობას და აღვნიშნავთ კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაციას, კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა ქვეყნის, საზოგადოების და მომავალი თაობების წინაშე. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკავშირებს ჩვენს ისტორიულ წარსულთან და მომავალთან, რომლის ფორმირებაც ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზეა დამოკიდებული.

ჩვენ ვართ იმ პროცესის ნაწილი, რომელიც წარსულიდან მოდის და მომავალში გრძელდება. ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებთ, თუნდაც უმნიშვნელოდ გვეჩვენებოდეს, გარკვეულ კვალს ტოვებს და გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი მიმართულებით განვითარდება მომავალი. შევთხოვოთ ღვთისმშობელს მოგვცეს ძალა, ჩვენი არჩევანი იყოს გააზრებული და პასუხისმგებლობით აღსავსე, რომ არ დავკარგოთ იმის შეგრძნება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ნაბიჯი, რომელსაც დღეს ვდგამთ და რომ ეს ნაბიჯები მომავალში სიკეთედ, მშვიდობად და განვითარების შესაძლებლობად იქცეს ჩვენი სამშობლოსთვის“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მილოცვაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები