კახა კალაძე - „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამას წელსაც ვახორციელებთ და გათვალისწინებულია ბიუჯეტში - დაფინანსების თანხა შეადგენს არაუმეტეს 6 000 ლარს, ხოლო პაციენტის თანაგადახდა ფაქტობრივი ხარჯის გათვალისწინებით განისაზღვრება

თბილისის მერია, სხვა არაერთ პროგრამასთან ერთად, „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამას ახორციელებს, რისთვისაც მიმდინარე წლის ბიუჯეტში 2 000 000 ლარია გათვალისწინებული,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც კალაძემ მთავრობის პროგრამის მიზანია, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის ოპერაციული მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

„აღნიშნული მომსახურების დაფინანსება საარჩევნო დაპირება იყო. შესაბამისად, „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამას წელსაც ვახორციელებთ და გათვალისწინებულია ბიუჯეტში. გვინდა, მოქალაქეებს, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, დავეხმაროთ მის მოგვარებაში, ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია მომსახურების მისაღებად საგარანტიო წერილს გასცემს და დაფინანსების თანხა შეადგენს არაუმეტეს 6 000 ლარს, ხოლო პაციენტის თანაგადახდა ფაქტობრივი ხარჯის გათვალისწინებით განისაზღვრება.

ამასთან, კახა კალაძის ინფორმაციით, მერია არ ზღუდავს მოქალაქეებს და მათ სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევის საშუალებას აძლევს.

„ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართოს, რომელიც საჭირო საბუთებს სპეციალურ ელექტრონულ მოდულში ატვირთავს, ხოლო თუ მოქალაქე კერძო დაზღვევით სარგებლობს, მან ან მისმა წარმომადგენელმა, კერძო სადაზღვევო კომპანიიდან შესაბამისი ცნობა მერიაში უნდა შემოიტანოს.

„ჩვენთვის მთავარი არის ადამიანი, მისი ჯანმრთელობა, მოძრაობის თავისუფლება და ღირსეული ცხოვრება. როცა ადამიანს გადაადგილების შესაძლებლობას უბრუნებ, რეალურად მას ცხოვრების ხარისხს უბრუნებ და ყველანაირად ეხმარები, რადგან ჯანმრთელობას ეს პრობლემა გადაადგილებას ხელს უშლის. ჩვენ ყველას დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ, ვისაც ამის საჭიროება აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს