მინისტრის მოადგილე - დასაქმების სააგენტოს პლატფორმაზე 2025 წელს, სამუშაოს 13 ათასზე მეტი ახალი მაძიებელი დარეგისტრირდა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სარეგისტრაციო პლატფორმაზე 2025 წლის განმავლობაში, 13 ათასზე მეტი სამუშაოს ახალი მაძიებელი დარეგისტრირდა, - ამის შესახებ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიშის“ წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, 2025 წელს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთვის მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„2025 წელს მოქალაქეთა მომართვიანობა იყო გაზრდილი, ეს ჩვენი სერვისების ხელმისაწვდომობას და გეოგრაფიული დაფარვის ზრდას მოჰყვა. 59%-ით გაიზარდა მომართვიანობა, სარეგისტრაციო პლატფორმაზე 13 ათასზე მეტი სამუშაოს ახალი მაძიებელი დარეგისტრირდა.

ხაზგასასმელია, რომ ძალიან გაიზარდა ქალებისა და ახალგაზრდების აქტივობა- რეგისტრირებულთა შორის 62% ქალია, ხოლო 13,4% ახალგაზრდაა, რომელიც აქტიურობს ჩვენს პლატფორმაზე.

2025 წელს ამოქმედდა და ახლა განვითარების პროცესშია სამუშაოს მაძიებელთა სარეგისტრაციო პორტალი work.net. ეს არის ახალი საპილოტე ვერსია, მისი სრულად განვითარება და დანერგვა 2026 წლის ბოლოსკენ იგეგმება და ახლა საპილოტე რეჟიმში მუშაობს. პროექტი ჩვენ განვავითარეთ მსოფლიო ბანკის მეშვეობით.

ასევე ძალიან წარმატებული და მოთხოვნადი პროგრამაა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. 2025 წელს სააგენტომ გაზარდა სტაჟირების ანაზღაურების თანხა და აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ წელს კიდევ 100 ლარით გავზარდეთ და 500 ლარს მიაღწია თანხამ. პროგრამა აძლევს შანსს სამუშაოს მაძიებლებს, მიიღონ სამუშაო გამოცდილება რეალურ გარემოში და დასაქმდნენ გრძელვადიანად. 2025 წელს 42-მა დამსაქმებელმა გამოთქვა სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი, შედეგად, პროგრამაში ჩაერთო 224 სტაჟიორი, მათგან 129 კომპანიებმა გრძელვადიანად დაიტოვეს შტატში. ჩვენ ამას დავამატეთ მაღალმთიან რეგიონებში სტაჟირების სუბსიდირების პროგრამა 2026 წელს. პირველი ბენეფიციარები აქაც გამოჩნდნენ“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით 2025 წელს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სისტემაში 14 600-ზე მეტი ვაკანსია აიტვირთა.

„2025 წელს კერძო სექტორში 800-ზე მეტ დამსაქმებელთან ვითანამშრომლეთ და სისტემაში 14 600-ზე მეტი ვაკანსია აიტვირთა. ჩატარდა 6 მასშტაბური დასაქმების ფორუმი, რომელსაც 900-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი დაესწრო. ფორუმების შედეგად დასაქმების მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.

ჩვენ დაგვემატა ფუნქცია უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამუშაოზე რეგისტრაციის და ამ პროცესების მართვის. ამ მიმართულებით ჩვენ გვქონდა დიდი ჩამორჩენა, როგორც სახელმწიფოს და ვფიქრობთ, რომ ფორსირებულად შესაძლებელია ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა. დაიწყო უკვე აქტიურად რეგისტრაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩვენს სისტემაში. ამ წუთისთვის 23 ათასზე მეტი უცხოელია რეგისტრირებული და ამან მოგვცა იმის საშუალება, როგორც ქვეყანას, რომ სრულად გავაკონტროლოთ ღია შრომის ბაზარზე მიმდინარე პროცესები, ზუსტად ვიცოდეთ ვინ, სად, რას აკეთებს. როგორ მუშაობს, სად გვაქვს ჩავარდნები, სად გვაქვს დეფიციტი, სად -პროფიციტი სამუშაო ძალის, ამგვარი აღრიცხვა წინა წლებშიც იყო, მაგრამ ძალიან ზედაპირული“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

რაც შეეხება საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, ცაგარეიშვილის ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაგზავნილია, დაახლოებით, 1500 ადამიანი ცირკულარული მიგრაციის ფარგლებში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს