რა „ეშმაკის მოციქულებიც“ არ უნდა ეძახოს საფრანგეთს „ქართულმა ოცნებამ“ და „დიფ სთეითის“ წინ დაჩოქებულები, ისინი რეალობას ასახავენ. მეორე მხრივ, არასერიოზულია, როდესაც ამბობ, რომ საქართველოს ოპოზიციამ უნდა მიმართოს საფრანგეთის პროკურატურას. საფრანგეთის სამართალდამცავი სისტემა დამოუკიდებელია. მივცეთ საშუალება ფრანგულ მართლმსაჯულებას თავისი გზით იაროს,- ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას მოწოდებას, მიმართონ „საფრანგეთის პროკურატურას ივანიშვილის საერთაშორისო კონვენციური დანაშაულების ჩადენისთვის პასუხისგებაში მისაცემად“.
როგორც დათუნაშვილმა განაცხადა, ქართული ოპოზიციის საქმე მოქალაქეებთან საუბარია, ხოლო რეზოლუციები საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში დამატებით ხელ-ფეხს არ უხსნის ქართულ ოპოზიციას.
„საქართველო, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოხვდა ეროვნული ასამბლეის ფოკუსში ნეგატიურად, როგორც არასანდო პარტნიორი. ქვეყანა, სადაც მოხდა პოლიტიკური ქსოვილის სრული დეგრადაცია. უფლებრივი მდგომარეობის სრული დეგრადაცია, კანონის უზენაესობის ფეხ-ქვეშ გათელვა. ეს ასახეს რეზოლუციაში ჩვენმა მეგობრებმა. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. ყურადსაღებია, რომ მაკრონის პოლიტიკური ჯგუფიდან მოხდა ამის ინიცირება.
ძნელი სათქმელია, რა გავლენა ექნება ამას შემდგომ ქმედებებზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. საფრანგეთს განსაკუთრებული გავლენა აქვს, მათ შორის კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილზე. საქართველო რომ მოხვდეს რომელიმე რეზოლუციაში, არ არის პრობლემა, პრობლემაა ის, რის გამოც საქართველო ხვდება ამ რეზოლუციაში.
საქართველო რეზოლუციებში ხვდება იმის გამო, რომ რუსული ბოროტების მანქანის გავლენის ქვეშ არის. ეს ნიშნავს უფლებრივი მდგომარეობის გათელვას, ეს ნიშნავს იმას, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებზე ხელისუფლება იმას გააკეთებს, რაც უნდა და ბოლოს მათ წამალს არ მისცემს. იკადრებენ იმას, რომ კონსტიტუციას ფეხ-ქვეშ გათელავენ, იკადრებენ, რომ ადამიანს არ ექნება უფლება ქუჩაში თავისუფლად იდგეს.
ეს ნიშნავს ბოროტებაში ცხოვრებას, ოლიგარქიას, იქ, სადაც ადამიანს ხმა არ აქვს. ამის წინააღმდეგ გამოვიდა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა. რა „ეშმაკის მოციქულებიც“ არ უნდა ეძახოს „ქართულმა ოცნებამ“ და „დიფ სთეითის“ წინ დაჩოქებულები, რეალობას ასახავენ, რადგან ჩვენი მეგობრები არიან და არა მტრები.
რაც შეეხება, [ოპოზიციის ალიანსის განცხადებას], არასერიოზული დამოკიდებულება მგონია პოლიტიკური პროცესისადმი, როდესაც ამბობ, რომ საქართველოს ოპოზიციამ უნდა მიმართოს საფრანგეთის პროკურატურას. საქართველოს ოპოზიციამ, შესაძლოა, თავის პარტნიორებს, მეგობრებს სთხოვოს. ღმერთმა ხელი მოუმართოს ჩემს კოლეგებს, ალიანსიდან, არ ვაკრიტიკებ. საფრანგეთის სამართალდამცავი სისტემა ასე არ მუშაობს, არ რეაგირებს პოლიტიკურ პროცესებზე. საფრანგეთის სამართალდამცავი სისტემა არის დამოუკიდებელი. მესმის, ეს საქართველოში ეგზოტიკაა, უცხო ხილია, მაგრამ საფრანგეთის სამართალდამცავი სისტემა დამოუკიდებელია. მივცეთ საშუალება ფრანგულ მართლმსაჯულებას თავისი გზით იაროს. არ მიმაჩნია, რომ ეს შედეგის მომტანი იქნება.
უნდა ვესაუბროთ მოქალაქეებს, ეს არის ქართული ოპოზიციის საქმე. რეზოლუციები არც საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში დამატებით ხელ-ფეხს არ უხსნის ქართულ ოპოზიციას“,- აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.
გარდა აღნიშნული თემისა, თაზო დათუნაშვილმა ახალარჩეული პატრიარქ შიო მესამესა და გუშინ, ინტრონიზაციის პარალელურად, აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების შეწყალების თაობაზე გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა. როგორც თაზო დათუნაშვილი განმარტავს, საქართველოში, „ბიძინა ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებას, ვის გამოუშვებენ და ვის შეიწყალებენ“.
“შერიგება არის ის, რისკენაც ილტვის ეკლესია და სახარება. ერთმანეთის გაგება, შერიგება, საუბრით და სიყვარულით ურთიერთობა. არ მინდა შიო მესამეს ავკიდო ტვირთი, რაც მისი სატარებელი არ არის. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არ წყვეტს შეწყალების საკითხს, მას შეუძლია შუამდგომლობა და რჩევა. შემიძლია ვიხელმძღვანელო იმ განცხადებებით, რაც საპატრიარქომ გააკეთა ცოტა ხნით ადრე. ნათქვამი იყო, რომ მათ რამდენჯერმე ჰქონდათ მიმართვა და ხელისუფლებამ არ შეისმინა.
საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებას, ვის გამოუშვებენ და ვის შეიწყალებენ. ვერ გეტყვით, იმოქმედებს თუ არა ივანიშვილზე ეკლესიის შეგონება. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფერს ნიშნავს ივანიშვილის ნაადრევი წასვლა სვეტიცხოვლის ტაძრიდან, ინტრონიზაციის დასრულებას არ დაელოდა ისე წავიდა სვეტიცხოვლიდან. დაიღალა, აღარ უნდოდა მოსმენა და იქ აღარ იყო. ყველაზე კარგად, თუ რა დამოკიდებულება აქვს „ქართულ ოცნებას“ საქართველო ეკლესიაზე, დავინახეთ გუშინ, როდესაც ივანიშვილმა დროზე ადრე დატოვა სვეტიცხოველი ისე, რომ ინტრონიზაციის დასრულებას არ დაელოდა“, - აღნიშნა დათუნაშვილმა.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას შეწყალების თაობაზე, რომ შენდობას წინ ყოველთვის უნდა უძღოდეს სინანული, თაზო დათუნაშვილი განმარტავს, რომ პაპუაშვილი არის ყველაზე აღვირახსნილი, ქოფაკი ივანიშვილის კარზე, რომელიც მისი პირიდან ყველაფერს ამოუშვებს იმისთვის, რომ ასიამოვნოს [ბიძინა ივანიშვილს].
„არაფერი კარგის მოლოდინი არ მაქვს. არ მაქვს მოლოდინი, რომ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ეკლესიას შესაბამისს პატივს სცემდეს, რომ შეისმინოს მათი მოთხოვნა“, - აღნიშნავს თაზო დათუნაშვილი.