სალომე სამადაშვილი - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის ფაქტობრივად გადაულახავი დაბრკოლება არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი

ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს საქართველოსთვის ფაქტობრივად გადაულახავი დაბრკოლება არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია ამ დაბრკოლების კიდევ ერთი დადასტურებაა.

„ცხადია, რომ საფრანგეთის მხარდაჭერა არის გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და იმის ნაცვლად, რომ დღეს სენატი იღებდეს რეზოლუციას, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მათ უწევთ რეზოლუციის მიღება, რომელშიც საუბარია ივანიშვილის სანქცირებაზე. ეს არის შედეგი ივანიშვილის მიერ წარმოებული პოლიტიკის და ეს უნდა იყოს ძალიან ნათელი გზავნილი ყველა ქართველისთვის, რომ ჩვენი კეთილდღეობის განვითარების გზაზე, რაც უკავშირდება ევროკავშირში ჩვენს გაწევრიანებას, დღეს წინაღობა არის სწორედ ივანიშვილი და მისი პოლიტიკა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ რეზოლუცია გუშინ, 68 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

რეზოლუციაში, სხვა საკითხებთან ერთად საუბარია იმაზე, რომ გმობენ საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ სვლას, ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუტებს, შეინარჩუნონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება მანამ, სანამ არ მოხდება პოლიტიკური კრიტერიუმების შესრულება, კერძოდ, „პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემა და ფუნდამენტური უფლებების, როგორიცაა გამოხატვის უფლებები, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვა და თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“.

მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოში დემოკრატიულ აქტორებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და აკადემიურ დაწესებულებებს; მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, საჯაროდ დაგმოს უცხოური ჩარევა, განსაკუთრებით რუსეთის რეჟიმის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე.

ამასთან, რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა „კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ შეიძლება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებმა შეუქმნას და მოწოდებით გამოდის, რომ გაწევრიანების პერსპექტივა ღია დარჩეს იმ პირობით, რომ პოლიტიკური წინაპირობები შესრულდება და მოქმედი მთავრობის მიერ კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმები დასრულდება“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები