არჩილ გორდულაძე „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს - თქვენს ბელადს თვალის ჩაპაჭუნება და „შკოდით“ სიარული თუ აქვს მხოლოდ საამაყო, კარგად ყოფილა ამ ყველაფერზე ხელმომწერი აგენტის მდგომარეობა

ბევრი ისაუბრეთ თქვენს პრემიერზეც, მაგრამ ამ გაერთკაცებული პარტიის ბელადომანიით შეპყრობილი, გაქცეული გახარიას თაობაზე ლაპარაკიც კი არ ღირს. ადამიანი, რომელიც ერთი ჩვეულებრივი სტიპენდიატი გახდა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „თავისუფალი ტრიბუნის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გააკრიტიკა და მათ „უნამუსოები“ უწოდა.

„ერთ შემთხვევაში, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ერთი დაწესებულების სტიპენდიატია, მეორე აგენტი გახარია მეორე დაწესებულების სტიპენდიატი და ხართ ასე, სტიპენდიაზე დამოკიდებულ ბელადს დამორჩილებული, განსხვავებული სიტყვის თქმის უფლებაც კი არ გაქვთ, გამოდიხართ და აქ ბრტყელ-ბრტყელ სისულელეს საუბრობთ. ნამუსი უნდა გქონდეს ჯერ, შემდეგ უნდა გაბედო, ტრიბუნასთან გამოხვიდე და ილაპარაკო, მაგრამ ნამუსის ძარღვგაწყვეტილ ადამიანებს რა შეიძლება ველაპარაკოთ“, - განაცხადა გორდულაძემ.

მისი თქმით, „თავისუფალი ტრიბუნა“ „უნამუსობის ფრქვევისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული“.

„არ შეიძლება საკუთარი პოლიტიკური მიზნების დასაკმაყოფილებლად სულმდაბალი, უნამუსო, ყველანაირი ღირსებისგან დაცლილი განცხადებები აკეთო. მაგალითად, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებზე გააკეთო განცხადება, თითქოს ჩვენ ოდესმე გვითქვამს, რომ მათი სიცოცხლის გახანგრძლივება ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებულიო და ეს არგუმენტად როდისმე მოგვეყვანოს. ამაზე მეტი სულმდაბლობის, უნამუსობის ფაქტი უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ ამ ყველაფრის გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ „გახარიელ ნაცს“ თუ შეუძლია. ჩვენ შევდივართ ყველა დაავადების მქონე ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვების, მათი მშობლების მდგომარეობაში. მაღალი პასუხისმგებლობა რომ გვაქვს, იმიტომაც ვცდილობთ, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა ღონე იხმაროს იმისთვის, რომ მათი პრობლემა აღმოიფხვრას“, - განაცხადა გორდულაძემ.

მისივე განმარტებით, ერთ-ერთი „ყბადაღებული საკითხი“, რომელზეც პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ საუბრობს, მილიონიან ავტომანქანას შეეხება.

არჩილ გორდულაძის განმარტებით, ეს არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სპეციალიზებული ავტომობილი, რომელიც რისკების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირის ვიზიტის დროს გამოიყენება.

„გახარიას, თქვენს ბელადს თვალის ჩაპაჭუნება და „შკოდით“ სიარული თუ აქვს მხოლოდ და მხოლოდ საამაყო, კარგად ყოფილა ამ ყველაფერზე ხელმომწერი აგენტის მდგომარეობა“, - განაცხადა გორდულაძემ.

გარდა ამისა, არჩილ გორდულაძემ ევროკავშირთან ურთიერთობებზეც ისაუბრა.

„ევროკავშირის თუ გერმანიის ელჩზე თავდასხმებზე ერთი მაგალითი მოიყვანეთ მეთქი და ისიც ვერ მოიყვანეს. იცით რატომ? იმიტომ, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. როდესაც ჩვენ ხმას ვიმაღლებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ არსებულ დაშანტაჟების, ზეწოლის მცდელობებზე, ვენის კონვენციის და ისეთი ფუძემდებლური დემოკრატიული პროცესის უგულებელყოფაზე, როგორც არის კანონს უზენაესობა, ერთი ქვეყანა მაინც მითხარით, სადაც რომელიმე ქვეყნის ელჩი ესწრება სასამართლო პროცესს? ერთი ქვეყანა მაინც არსებობს ასეთი? მხოლოდ და მხოლოდ საქართველოა. არის თუ არა ეს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა? რა თქმა უნდა, არის. საქართველოში კონკრეტულ მოსამართლეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების არგუმენტაცია მოსთხოვეს, ამის შემდეგ დასაჯეს და არ წაიყვანეს ვიზიტით. როგორ შეიძლება საუბრობდე, თითქოს ჩვენი მხრიდან ევროინტეგრაციის მიმართულებით რაიმე გაჩერებულია, მაგალითად მოიყვანო ჩვენი პრემიერ-მინისტრის განცხადება და შემდეგ თვალი დახუჭო ევროკავშირის ელჩის წერილზე, რომელიც ადასტურებს, რომ ამ განცხადებამდე 6 თვით ადრე, მოლაპარაკებები ევროკავშირის მხრიდან იყო გაჩერებული. ეს იყო სუვერენიტეტის დაცვის მიზნით გადადგმულ ისეთ ნაბიჯებზე, როგორიცაა გარედან მიღებული თანხების გამჭვირვალობა, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა ჩვენს სკოლებში და ბაღებში. რაც გაჩერდება, იმის ხელახლა გაჩერება როგორ შეიძლება იყოს შესაძლებელი, ეს შეიძლება იცოდეს მხოლოდ და მხოლოდ „გახარიელმა ნაცმა“, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანებულმა სხვა პირებმა და გარედან მათმა პატრონებმა. მერე ამ ყველაფერზე უნდა ააწყოს პოლიტიკური შოუ“, - განაცხადა გორდულაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ევროკავშირთან შეუსაბამო ნაბიჯი არასდროს გადაუდგამს.

„ევროკავშირის კანონებთან შეუსაბამო ნაბიჯებს დგამთო“ - ჩვენ არასოდეს გვითქვამს და არ აგვიმაღლებია ხმა ზოგადად ევროკავშირის, ევროპული ქვეყნების მიმართ. ჩვენ ყოველთვის პასუხს ვცემდით და გავცემთ მომავალში ბიუროკრატიის წარმომადგენლებს. შემთხვევით ამ ბიუროკრატიას მომავალი ხომ არ აქვს, რომ ჩვენს სკოლებში და ბაღებში შესაძლებელი იყოს ლგბტ პროპაგანდის, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების?!“,-განაცხადა გორდულაძემ.

გარდა ამ ამ საკითხისა, არჩილ გორდულაძე საწვავზე ფასების ზრდასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ საკითხში ხელისუფლების დადანაშაულება სიბეცეა.

„ეს ან პოლიტიკური სიბეცეა და საკითხის უცოდინარობა, ან უბრალოდ, ამორალურობა, რომლითაც ცდილობ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში პოლიტიკური ქულები დაიწერო“, - განაცხადა გორდულაძემ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს