გიორგი შარაშიძე - საქართველო, რომელიც რეგიონში ლიდერი იყო, „ოცნების“ იზოლაციონისტურმა პოლიტიკამ იქამდე მიიყვანა, რომ ევროპასთან ურთიერთობის პროცესში სომხეთის, ხოლო ამერიკასთან - აზერბაიჯანის იმედად ვართ დარჩენილი

საქართველო, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ თავად იყო ლიდერი რეგიონში, დღეს „ოცნების“ იზოლაციონისტურმა და კოლაბორაციონისტულმა პოლიტიკამ იქამდე მიიყვანა, რომ ევროპასთან ურთიერთობის პროცესში სომხეთის, ხოლო ამერიკასთან – აზერბაიჯანის იმედად ვართ დარჩენილი, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავისუფალი ტრიბუნის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რიტორიკა ზედმიწევნით იმეორებს საბჭოთა კავშირის დროინდელ, ცივი ომის დროინდელ პროპაგანდისტულ გზავნილებს.

„ერევანს გასულ კვირას 48 სახელმწიფოს პირველი პირი სტუმრობდა.

სწორედ ევროპასთან დაახლოება და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის დამყარება აძლევს სომხეთის პრემიერ-მინისტრს გამბედაობას, პრაგმატულ პოლიტიკასთან ერთად, შეინარჩუნოს ღირსება და როცა საჭიროა კრემლშიც დააფიქსიროს საკუთარი პრინციპული პოზიცია და საჯარო უარითაც უპასუხოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინიციატივას სომხეთის მიერ რეფერენდუმის გამართვაზე ევროკავშირში გაწევრიანებისა და რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებთან დაკავშირებით და რას აკეთებს ამ დროს “ოცნება”? როცა 9 მაისს კრემლში პუტინმა და გაგლოევმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობრივი ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაეცვა, საკუთარი პრინციპული პოზიცია დაეფიქსირებინა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზება მოეხდინა და ჩვენი ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი გაეპროტესტებინა, იგივე 9 მაისს კვლავ ჩვენი ევროპელი პარტნიორების შეურაცხყოფით იყო დაკავებული. ვისარგებლებ პარლამენტის ტრიბუნით და ჩვენი პოლიტიკური ძალის – საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ სახელით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაგმოს მოსკოვსა და ცხინვალის დეფაქტო მარიონეტულ რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. „ღრმა ინტეგრაციის შეთანხმება“ და მიიღოს საჭირო და აუცილებელი ზომები მცოცავი ანექსიის აღსაკვეთად. ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, „ოცნების“ უმოქმედობის მიუხედავად, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის მორიგ დარღვევაზე სათანადო რეაგირება მოახდინოს“, - განაცხადა შარაშიძემ.

მან „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკის საგარეო და საშინაო ეფექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„ოცნების“ მიერ შეჩერებული ევროინტეგრაცია; დემოკრატიული უკუსვლის გამო შეფერხებული ვიზალიბერალიზაცია; მაგნიტსკის სიაში მყოფი და სანქცირებული უმაღლესი თანამდებობის პირები; ანტიევროპული რიტორიკა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან; მტრებად შერაცხული სტრატეგიული პარტნიორები და რუსეთთან პირისპირ დარჩენილი – მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან გამქრალი საქართველო; ბელორუსიისა და რუსეთის შემდეგ საქართველოს მიმართ ამოქმედებული უმკაცრესი „მოსკოვის მექანიზმი“.

ეს მცირე ჩამონათვალია მხოლოდ საგარეო მიმართულებით და რა ხდება ქვეყნის შიგნით „ოცნების“ იზოლაციონისტური და ანტიევროპული პოლიტიკის შედეგად?

გაძვირებული ფასები პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, ელექტროენერგიაზე, ბენზინზე, მანქანების განბაჟებაზე და ყველა სახელმწიფო სერვისზე; გაზრდილი ინფლაცია განსაკუთრებით საკვებ პროდუქტებზე და ჯანდაცვაზე; „ქოლცენტრების“ დანაშაულებრივი სქემის მფარველობის გამო დაპატიმრებული სუსის უფროსი; კორუფციის გამო დაპატიმრებული პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცებისთვის ვადაგასული კონსერვებით კვებისთვის, უპოვართა სასადილოს ქურდობისთვის, ბაღებში ბავშვების კვებისთვის გამოყოფილი ფულის მოპარვისთვის და სხვა სამარცხვინო დანაშაულისთვის; ქუჩაში გამოსული ბავშვების მშობლები, რომლებიც წამალს და შვილების გადარჩენას ითხოვენ და სახელმწიფო მათ არაფერს სთავაზობს.

ეს არის სამწუხარო რეალობა, რაზეც მთავარი პასუხისმგებლობა „ოცნების“ რეჟიმს ეკისრება, რომელიც დღეს ბოლო 14 წლის მანძილზე ყველაზე არაკომპეტენტური და კორუმპირებულია, რაზეც მეტყველებს როგორც საგარეო პოლიტიკის კრახი, ისე გაძვირებული ცხოვრება და უსამართლობა ქვეყნის შიგნით.

გასული წლის 4 ნოემბერს ევროკომისიის მიერ გამოაქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში იყო ისტორიულად ყველაზე კრიტიკული ანგარიში, რაც სამწუხაროდ განაპირობა „ოცნების“ მიერ ბოლო წლებში საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული მომავლის გზიდან გადახვევამ, სერიოზულმა უკუსვლამ ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან მიმართებით, რომელთა შესრულების გათვალისწინებით ქვეყანას 2023 წელს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

ნაცვლად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვიწევდეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შეფასება და ვიხილავდეთ და ვკამათობდეთ იმაზე, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო უკეთ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში, სამწუხაროდ, გვიწევს „ოცნების“ მთავრობას, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, პარლამენტის ტრიბუნიდან ვუთხრათ, რომ დიახ, „ოცნება“ არის ერთადერთი პასუხისმგებელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩიხში შეყვანაზე და დიახ, „ოცნებას“ მოეთხოვება პასუხი იმაზე, თუ რატომ შეაჩერა საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რატომ გამოვიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, როცა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება.

დღეს გვაქვს რეალობა, როცა „ოცნების“ მთავრობა არა თუ არ იცავს საქართველოს კონსტიტუციას, არამედ უხეშად არღვევს მას. სამწუხაროდ, საქართველო დღეს ევროკავშირის წევრობისგან უფრო შორს არის, ვიდრე 2023 წელს, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

„ოცნების“ მიერ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ძირგამომთხრელი რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით, სასამართლო სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებით, სახელმწიფო ინსტიტუტების პარტიულ ვერტიკალზე სრულად დაქვემდებარებით, თანამედროვე დემოკრატიის უმთავრესი პრინციპის – ძალაუფლების დანაწილებისა და კონტროლისა და ბალანსის იგნორირებით, სისტემური პოლიტიკური კორუფციის დანერგვით, ოპოზიციური ლიდერების დევნით, საპროტესტო აქციების მონაწილეების უსაფუძვლო დაპატიმრებებით, მედიისა და სამოქალაქო სივრცის შევიწროვებით – რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ სახეზეა არა მხოლოდ დემოკრატიული უკუსვლა, არამედ ავტორიტარული მმართველობის გაძლიერება, საქართველო სრულიად დაშორდა ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლო, დემოკრატიული მმართველობა.

„ოცნება“ კვლავ აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას, ანტიევროპულ რიტორიკას, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობაში შიშისა და უნდობლობის დანერგვა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, იმ დიდი ევროპული ოჯახის მიმართ, რომლის წევრობაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის არჩევანია!“ - განაცხადა შარაშიძემ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს