თსსუ-ში პოსტდიპლომური განათლების კურსი ჩატარდა

„ფაგოთერაპია და ფაგური ცილები: ორმაგი სტრატეგიები ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ და დიაგნოსტიკური ინოვაციისთვის“ - პოსტდიპლომური განათლების სამდღიანი კურსს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

აღნიშნული კურსი საქართველოში მიკრობიოლოგიისა და ინფექციური სნეულებების სფეროში პირველი ევროპული აკრედიტაციის მქონე პოსტდიპლომური საგანმანათლებლო პროგრამაა, რაც მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. კურსმა გაიმარჯვა ESCMID-ის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც შეიმუშავა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების საზოგადოების (ESCMID) ლოკალურმა ჩემპიონმა, თამარ დიდბარიძემ, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით (2025 წლის ივლისი).

აღნიშნული კურსი საქართველოში მიკრობიოლოგიისა და ინფექციური სნეულებების სფეროში პირველი პოსტდიპლომური საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელსაც უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის საბჭოს (EACCME) აკრედიტაცია (17.5 კრედიტ ქულა) მიენიჭა.

ღონისძიების პირველი დღე ოფიციალურად გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი. რექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კურსში ჩართულ საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებსა და მონაწილეებს აქტიური თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ტრენინგ-კურსია პოსტდიპლომური განათლების ეტაპისთვის. კურსი ტარდება ევროპის მიკრობიოლოგიის და ინფექციური სნეულებების საზოგადოებასთან ერთად და კურსი ამ საზოგადოების მიერ არის აკრედიტირებული ძალიან მაღალი ქულით. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი მასპინძლობს ამ კურსს, რომელიც ტარდება გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან ერთად. ზოგადად, საქართველო არის ფაგოთერაპიის მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ინტენსიურად იყენებს თერაპიის ამ ძალიან მნიშვენელოვან მიმართულებას და შესაბამისად ძალიან საინტერესოა ასეთი ტრენინგ-კურსების ჩატარება ჩვენი უნივერსიტეტისთვის“. - აღნიშნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

კურსის გახსნის ღონისძიებაზე მონაწილეებს, ასევე მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თეა გიორგაძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ფაგოთერაპიის მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების და თანამედროვე ცოდნის ინტეგრირების მნიშვნელობაზე, ასევე აღნიშნა:

„დღეს, საქართველოში პირველად ევროპული აკრედიტაციის პოსტდიპლომური კურსი გაიხსნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სტუმრად გვყავს მსოფლიოს 26 ქვეყნიდან წარმომადგენელი და ექსპერტი ამ სფეროში. დღეს, როდესაც მსოფლიო ანტიმიკრობული რეზისტენტობის გამო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ვფიქრობ ეს კურსი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. წარმატებას ვუსურვებ კურსის მონაწილეებს.“

მისასალმებელი სიტყვით, ასევე გამოვიდა გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი მზია ქუთათელაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის, ხოლო თსსუ-ის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ თამარ დიდბარიძეს — კურსის შემუშავებისა და განხორციელებისთვის. მან, ასევე მადლიერება გამოხატა საერთაშორისო და ადგილობრივი მონაწილეების მიმართ და ყურადღება გაამახვილა ანტიმიკრობული რეზისტენტობის, როგორც გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევის, აქტუალობაზე.

ღონისძიების გახსნის სესიის მოდერაციას ხელმძღვანელობდა თსსუ-ის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ დიდბარიძე, რომელმაც აღნიშნა:

„ეს კურსი ორგანიზებულია ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური სნეულებების საზოგადოების მიერ. მე მოხარული ვარ, რომ ვარ მათი ლოკალური (ლოკალური ჩემპიონი) წარმომადგენელი საქართველოში. დღევანდელი კურსი დაორგანიზებულია პოლონელ კოლეგებთან ერთად. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ბაქტერიოფაგის თემა და საქართველოს აქვს ეს სიმდიდრე ნამდვილად. ეს კურსი კიდევ უფრო მნიშვენლოვანია დღევანდელი პანდემიის პერიოდში, რომელსაც ჰქვია ანტიმიკრობული რეზისტენტობა.“

თსსუ-დან კურსის მონაწილეებმა გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში გადაინაცვლეს, სადაც ღონისძიების მომდევნო ორი დღე დაეთმო პრაქტიკულ და თეორიულ სამუშაოებს.

სასწავლო პროცესს წარუძღვნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დონის ექსპერტები, მათ შორის წარმომადგენლები აშშ-დან, კანადიდან, ბელგიიდან, შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან, შვედეთიდან და ისრაელიდან. სამდღიანმა კურსმა სპეციალისტები გააერთიანა მსოფლიოს 26 ქვეყნიდან.

კურსში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლები, მათ შორის:

  • ინფექციური დაავადებების სპეციალისტები, კლინიკური მიკრობიოლოგები და ექიმები, რომლებიც მუშაობენ შინაგანი მედიცინის, ქირურგიის, დერმატოლოგიისა და მონათესავე დისციპლინების დარგში;
  • კლინიკური ფარმაცევტები და ფარმაკოლოგები, რომლებიც ჩართულნი არიან ანტიმიკრობულ თერაპიაში;
  • ბიოსამედიცინო მკვლევრები და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის პერსონალი, რომლებიც ჩართულნი არიან ბაქტერიოფაგების ან ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) კვლევებში;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები, ეპიდემიოლოგები და ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) პროგრამის მენეჯერები;
  • მედიცინის, მიკრობიოლოგიის, ბიოტექნოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასპირანტები და სტაჟორები.

პოსტდიპლომური განათლების კურსი 2026 წლის 11-13 მაისს მიმდინარეობდა.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს