მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტს ამზადებს

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესის გაუმჯობესება, პროექტების შეჩერების რისკების შემცირება და სამშენებლო სექტორში უფრო მდგრადი და პასუხისმგებლიანი გარემოს შექმნა.

დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს ხვდებიან.

შეხვედრას ესწრებიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გურამ დუმბაძე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებები იგეგმება №55 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტსა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში.

რეფორმა მიზნად ისახავს სამშენებლო სექტორის გაძლიერებას, სახელმწიფო პროექტების ფინანსური მდგრადობის ზრდასა და სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში პასუხისმგებლობისა და გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას.

ცვლილებების ფარგლებში იზრდება ზედნადები და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტი, განახლდება სამშენებლო მასალებისა და მანქანა-მექანიზმების ფასები, ასევე დაინერგება ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს.

რეფორმა ასევე ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას - შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ტენდერებში პრეტენდენტისა და მისი ქვეკონტრაქტორის გამოცდილების გაერთიანება, რაც კომპანიებს მსხვილ პროექტებში უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

პარალელურად, მკაცრდება პასუხისმგებლობისა და კონტროლის მექანიზმები - იზღუდება არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობა, ხოლო შავი სიის მექანიზმი ფართოვდება, რის შედეგადაც ფინანსურ ან კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული პირების კომპანიები შესაძლოა სახელმწიფო ტენდერებიდან დისკვალიფიცირდნენ.

აღნიშნული ცვლილებები სამშენებლო სექტორისა და სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სისტემურ რეფორმას წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო ხარისხიანი, მდგრადი და დროულად განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო