გიორგი ანთაძე - ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით დიდი ხანია სირაქლემას პოზაში ვართ - ეს არ არის პრაგმატულობა, ეს არის არაფრის პოლიტიკა, არაფრის კეთება პოლიტიკა არ არის

რუსეთი წლების განმავლობაში გეგმაზომიერად, თითოეული ნაბიჯით, ნათლად აჩვენებს იმას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით აქვს, რომ ის ჩვენთან მიმართებაში, რეგიონთან მიმართებაში თავისი პოლიტიკის გადახედვას არ აპირებს - დუმილის გამართლება იმით, რომ „ჩვენ არ გავაღიზიანოთ რუსეთი“, საერთოდ გაუმართლებელია. ეს არ არის პრაგმატულობა. ჩვენ დიდი ხანია სირაქლემას პოზაში ვართ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარმა, გიორგი ანთაძემ განაცხადა.

მან ისაუბრა ოკუპირებულ ცხინვალსა და მოსკოვს შორის ე.წ. მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებაზე, რომელიც მოიცავს „თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში გაფართოებულ თანამშრომლობას, ასევე კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების შექმნას. გიორგი ანთაძის თქმით, რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არსებული ინტერესების გაცხადება პირველად არ ხდება, თუმცა პროცესების შინაარსი, რომელსაც რუსეთი ეწევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ერთი და იგივეა.

„ფორმალური თვალსაზრისით ხდება კავშირის გაღრმავება, მაგრამ დიდი ხანია ამ პროცესების შინაარსი ერთი და იგივეა, ერთი და იგივე მიზანს ემსახურება და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ მას ამოძრავებს თავისი ვიწრო ეროვნული ინტერესები ჩვენს რეგიონში, გადახვევას არ პირებს, ვგულისხმობ სამხედრო და უსაფრთხოების ინტერესებს. რუსეთის ამ ინტერესებში ოკუპირებულ ტერიტორიებს აქვს უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმაზე, რომ ყბადაღებული საუბარი, თითქოს რაღაც პრაგმატული ურთიერთობებით, ორმხრივი ურთიერთობების აღდგენით რუსეთთან ერთად რადიკალურად შეიცვლება მისი პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ვფიქრობ ეს აბსოლუტურად საპირისპიროა. რუსეთი წლების განმავლობაში გეგმაზომიერად, თითოეული ნაბიჯით, ნათლად აჩვენებს, რომ ის თავისი პოლიტიკის გადახედვას ჩვენთან მიმართებაში, რეგიონთან მიმართებაში არ აპირებს. ამიტომ, თუ რადიკალურ ცვლილებები რუსეთში არ მოხდა, როგორც ქვეყნის შიგნით მმართველობის, ისე საგარეო პოლიტიკის შეცვლის თვალსაზრისით, ის გააგრძელებს მის მოქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელსაც დიდი ხანია ატარებს. ეს კი თავისი საბოლოო მიზნით მიმართული იქნება იმისკენ, რომ მოხდეს ჩვენი ტერიტორიების საბოლოო ანექსია“, - განაცხადა ანთაძემ.

მისი თქმით, ნათლად ჩანს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ინსტიტუციურად აბსოლუტურად მოშლილია.

„უკვე დიდი ხანია, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე სხვა უწყებებს, რუსეთთან მიმართებაში, ფაქტობრივად, დუმილის რეჟიმი აქვთ რჩეული და ვერ ახერხებენ არათუ გარკვეული ნაბიჯების გადადგას, არამედ განცხადებების გაკეთებას. ამან შეიძლება გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს პროცესებზე და ამის ერთ-ერთი ძირეული მიზეზი არის სწორედ ის საგარეო პოლიტიკური კრახი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. ჩვენ არ დაგვრჩა პარტნიორი სახელმწიფო, რომელთან ერთადაც შევძლებდით გარკვეული ნაბიჯების გადადგმას და თუნდაც ზეწოლას, ჩვენი ინტერესების აქტიურ დაცვას იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ზოგადად რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ამიტომ, ჩვენ ახლა, სახელმწიფოში სისტემურად გვაქვს პრობლემები. რეალურად უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები ეროვნულ ინტერესებს ემსახურებოდეს და არა პარტიულ დღის წესრიგს. ერთ პარტიულ ინტერესს მორგებული უწყებები, ინსტიტუციები ვეღარ ასრულებენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციას ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ იმიტომ, რომ დუმილის მიზნით გამართლება, რომ „ჩვენ არ გავაღიზიანოთ რუსეთი“, საერთოდ გაუმართლებელია. ეს არ არის პრაგმატულობა, ეს არის არაფრის პოლიტიკა. არაფრის კეთება არ არის პოლიტიკა. ქმედებების, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის და აქტივობის გარეშე პოლიტიკა პოლიტიკა არ არის. შენ თუ არაფერს აკეთებ, ამას ვერ დაარქმევ პრაგმატულ პოლიტიკას. პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ შენ დგამ რაღაც ნაბიჯებს, რომელიც თავისი შინაარსით არის პრაგმატული და ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, მაგრამ როცა შენ საერთოდ არაფერს აკეთებ, ხარ მდუმარედ... ჩვენ დიდი ხანია სირაქლემის პოზაში ვართ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით“, - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

რაც შეეხება გლობალურ პოლიტიკას, მან ისაუბრა ჩინეთში აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტსა და დონალდ ტრამპისა და სინ ძინპინის შეხვედრაზე.

„ამ შეხვედრაზე ძალიან კარგად ჩანდა, რომ ორი თანაბარი მნიშვნელობის სახელმწიფოს ლიდერები ხვდებოდნენ ერთმანეთს და ეს თავისთავად ბევრის მეტყველია. რაც შეეხება ახლა, გამარჯვებას ან დამარცხებას, დამარცხებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებ აშშ-ს და ისრაელის მოქმედებებს, თუმცა პოლიტიკური მიზნები ბოლომდე მიღწეული არ არის და გარკვეულად გაყინულია, კონფლიქტის შიგნით არ არის შეთანხმება, რაიმე ტიპის ხელშეკრულება, არ არის ის ფუნდამენტური საკითხები ბოლომდე გადაწყვეტილი, რაც გაჟღერდა ომის დაწყების წინ, ამიტომ ვადის თვალსაზრისით ისეთ დროს მოუწია ტრამპს ჩასვლა, სადაც ეს საკითხები ჯერ ბოლომდე მიყვანილი არ არის და სწორედ ეს ალაპარაკებს ყველას, რომ ტრამპი ამ გეოპოლიტიკური მიმართულებით შედარებით სუსტ პოზიციაზეა, იმიტომ, რომ მას ჯერ კიდევ დასახური აქვს ირანის საკითხი“, - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის