ნინო დოლიძე - ალექსი პეტრიაშვილი ევროინტეგრაციის მინისტრი იყო და მისი დაკავება განაცხადია - ყოველგვარ ზღვარს სცდება სტუდენტი გოგონების სასწავლებელში დაკავებაც - „ოცნებას“ ჰუმანურობასთან არანაირი საერთო არ აქვს

ასეთი კანონმდებლობის მიღება „ქართული ოცნების“ მხრიდან არის განაცხადი, რომ მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან და რომ ეს ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია - „ქართული ოცნება“ აჩვენებს, რომ მათ ჰუმანურობასთან არანაირი საერთო არ აქვთ. ეს ყველაფერი ადამიანების დასჯაა, რადგან ისინი პროტესტში არიან, - ასე აფასებს „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე, ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნური შეფერხების ბრალდებით აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ადმინისტრაციული წესით დაკავებას.

როგორც ნინო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნური შეფერხების ბრალდებით პირების დაკავება, „ქართული ოცნების“ მხრიდან არის განაცხადი, რომ მათ მიმდინარე, უწყვეტი პროტესტი აწუხებთ.

„ტროტუარზე პროტესტის გამოხატვის გამო ადმინისტრაციული პატიმრობა არის აბსურდული. წარმოუდგენელია, რომ ასეთი ტიპის კანონმდებლობა არსებობდეს მაშინ, როდესაც სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება კანონმდებლობით არის გარანტირებული. ასეთი კანონმდებლობის მიღება „ქართული ოცნების“ მხრიდან არის განაცხადი, რომ მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან და რომ ეს ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია. უკვე 40-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, ესეც განაცხადია, რომ „ქართულ ოცნებას“ მიმდინარე, უწყვეტი პროტესტი აწუხებს, არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენი ადამიანი იქნება ყოველდღიურად, მისთვის შემაწუხებელია და ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში განგრძობადი კრიზისია. ასევე, სავარაუდოდ, ეს არის იმისათვისაც, რომ მაისში დაანონსებულია დიდი აქცია და რომ მოქალაქეებმა აქციაში მონაწილეობისგან თავი შეიკავონ. ქვეყანაში მართლმსაჯულება მიტაცებული და მოსამართლეების დიდი ნაწილი ემსახურება „ქართულ ოცნებას“ და ასრულებს იმ დავალებას, რომლებსაც იღებენ. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ სურვილია, რომ მოქალაქეები ამას შეეგუონ, მაგრამ არ მგონია, რომ ამას ვინმე შეეგუოს. ამას მეორე მხარეც აქვს, საზოგადოების ნაწილი, რომელიც პროპაგანდისტულ მედიებს უყურებენ, საქმის კურსში არ არიან და არ იციან რა ხდება.

[რაც შეეხება ალექსი პეტრიაშვილის წინააღმდეგ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას] - ალექსი პეტრიაშვილი პეტრიაშვილი იყო „ქართული ოცნების“ ევროინტეგრაციის მინისტრი და მისი დაკავებაც განაცხადია. ვის აკავებ? - ადამიანს, რომელიც საქართველოში ევროინტეგრაციის კურსის აქტიური გამტარებელი იყო? სამართლიანობას თავი რომ დაანებო, მორალს და ჰუმანურობას სცდება სტუდენტი გოგონას სასწავლებელში დაკავება. ამით, „ქართული ოცნება“ აჩვენებს, რომ მათ ჰუმანურობასთან არანაირი საერთო არ აქვთ. ეს ყველაფერი ადამიანების დასჯაა, რადგან ისინი პროტესტში არიან“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ნინო დოლიძემ ეკლესიის დახმარებით აქციების დროს დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, „„ქრისტიანობა ჰუმანურობასა და შემწყნარებლობაზე დგას და ეკლესიის მოწოდება ამ მიმართებით მნიშვნელოვანია“.

„ქრისტიანობა ჰუმანურობასა და შემწყნარებლობაზე დგას და მგონია, რომ ეკლესიის მოწოდება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია. ეკლესიის როლიც ეს არის, რომ შემწყნარებლობის პოლიტიკა გაატაროს. ბევრი უდანაშაულო ადამიანი გვყავს ციხეში და ვემხრობი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს გარეთ, რადგან რაც მეტი ადამიანია დაკავებული, ეს ჩვენთვისაც დიდი ტვირთია.

„ქართულ ოცნება“ წარმოაჩენს, რომ ეს მათთვის პრობლემა არ არის და ადმინისტრაციულ დაკავებებს ვხედავთ, ტროტუარზე დგომის გამო. მგონია, რომ მათი ხედვა არის - „რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაკავოთ“. ეს საკითხი თავად პარტიაში, შიგნით ძალიან აწუხებთ. მედიას სასამართლოს გაშუქება რატომ აუკრძალეს? რადგან, როდესაც სასამართლო შუქდებოდა, ადამიანები თავიანთ ისტორიებს ჰყვებოდნენ, მათ შორის საუბრობდნენ მათ უდანაშაულობაზე, ეს კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე მოქმედებდა. ეს ასევე საერთაშორისო ასპარეზის მიმართულებითაც პრობლემაა. ამ მიმართულებით, „ქართულ ოცნებას“ პრობლემები მხოლოდ არჩევნების გამო არ აქვთ. არჩევნების შემდეგ ისეთი ნაბიჯები გადადგა „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანის უფლებების მიმართულებით, რომ ფეხქვეშ გათელა კანონმდებლობა. ახლა კი გამოსავალი არ აქვთ და არ იციან, როგორ მოიქცნენ და აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებენ“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.

ასევე, ნინო დოლიძემ „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პერიოდულობით დიდი აქციები მნიშვნელოვანია, რადგან როგორც პროტესტში მყოფმა პირებმა, ისე „ქართულმა ოცნებამაც“ დაინახონ, რომ პროტესტი არ გამქრალა. ასევე, მისივე თქმით, ეს პროცესი პოლიტიკურია და ის ფაქტი, რომ აქციის სათავეში პოლიტიკური პარტიების ალიანსია, მისთვის მისასალმებელია.

„მე ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა თუ ვისი დაანონსებული იქნება აქცია. მაგრამ, ეს პოლიტიკური პროცესია და მნიშვნელოვანია, რომ ამას პოლიტიკური პარტიები აკეთებენ. პერიოდულობით დიდი აქციების ჩატარება მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც და „ქართულმა ოცნებამაც“ დაინახოს, რომ წინააღმდეგობა და პროტესტი არსად გამქრალა. შესაძლოა, რომ ყოველდღიური პროტესტი არ არის მასშტაბური, მაგრამ პროტესტი არსად გამქრალა. არავინ არ არის დღეს ბედნიერი საქართველოში მიმდინარე პროცესებით, რადგან კრიზისში ვართ როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი მიმართულებით და ამას მოქალაქეები ხედავენ, რაც არ უნდა პროპაგანდით შეიფუთოს. სოციალურ-ეკონომიკური საკითხებითაც არ არიან ბედნიერები. ამიტომ, ყველას ვალი მგონია, რომ პროტესტის ავანგარდში იყოს და არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება ან პოლიტიკური პარტიები“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის