მაკა ბოჭორიშვილი ევროსაბჭოში - თვალთმაქცობაა „ქართველი ხალხის მხარდაჭერის“ მტკიცება და იმავდროულად ხალხის არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება - როცა პოლიტიკური მიზნები ფაქტებზე მაღლა დგება, ეს ნდობის რღვევას ემსახურება

თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად იმ რადიკალური ძალების წახალისება, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ; „ქართველი ხალხის მხარდაჭერის“ მტკიცება და იმავდროულად ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება; კანონის უზენაესობაზე საუბარი და ამავე დროს, სამართლისა და კანონის გვერდის ავლის გზების ძიება, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ კრიტიკა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია, „თუმცა როდესაც პოლიტიკური მიზნები ფაქტებზე მაღლა დგება, ეს უკვე არა დემოკრატიის გაძლიერებას, არამედ ნდობის რღვევას ემსახურება.“

მან ყურადღება გაამახვილა მედიის თავისუფლების საკითხზე და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის გასაშუქებლად საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიის წარმომადგენელს მოლდოვაში შესვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე უარი ეთქვა.

„დღეს ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიიდან უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე. შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფასა და საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.

„ოკუპაცია, ეფექტიანი კონტროლი და რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების მიერ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით. მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფას და დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ. ამის დასტურია 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. „მოკავშირეობისა და ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრმა ისაუბრა ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ომი და კონფლიქტი არ არის ერთადერთი საფრთხე, რაც იმ ფუნდამენტს არყევს, რომელზეც ევროპა აშენდა.

მან, ამასთან, ხაზი გაუსვა უკრაინაში მიმდინარე ომს და აღნიშნა, რომ ვერცერთი ქვეყანა ვერ იქნება რეალურად დაცული, თუ საერთაშორისო სამართალი შერჩევითად იმოქმედებს.

„დღეს, როდესაც უკრაინაში კვლავ გრძელდება ომი, კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება რეალურად დაცული, თუ საერთაშორისო სამართალი შერჩევითად იმოქმედებს, თუ ოკუპაცია დროთა განმავლობაში „ახალ ნორმად“ გადაიქცევა, და თუ ძალა სამართალზე მაღლა დადგება.”

სიტყვით გამოსვლის დასასრულს, ვიცე-პრემიერმა „კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად“.

„ჩვენ კარგად ვიცით ომის ფასი და გვესმის, რომ მშვიდობა მხოლოდ სამხედრო ესკალაციის არარსებობა კი არა, არამედ პასუხისმგებლობაა საკუთარი ხალხის, რეგიონისა და საერთო ევროპული მომავლის წინაშე,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში