ადვოკატების პოზიცია ჩემთვის სრულიად გასაგებია, ისინი იცავენ ადამიანს, რომელიც ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს და ბუნებრივია, ისინი იტყვიან, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, - ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა.
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ გრიგოლ ლილუაშვილის სასარგებლოდ არსებობს მტკიცებულებები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც პროკურატურამ და საგამოძიებო ორგანოებმა დამალეს, პროკურორი აცხადებს, რომ აღნიშნული მოწმეები დაცვის მხარეს, დასაკითხ პირთა სიაში ჰყავს და შესაძლებლობა აქვთ დაკითხონ.
მისივე თქმით, საქმეში ყველა ეპიზოდთან მიმართებით, გამოკითხულები არიან პირები და სასამართლოშიც იკითხებიან ადამიანები, რომლებიც დაადასტურებენ გრიგოლ ლილუაშვილის ბრალეულობას.
„ადვოკატების პოზიცია ჩემთვის სრულიად გასაგებია, ისინი იცავენ ადამიანს, რომელიც ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს და ბუნებრივია, ისინი იტყვიან, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, თუმცა მე, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი, ამ საქმეს ვზედამხედველობდი. საქმეში ყველა ეპიზოდთან მიმართებით, გამოკითხულები არიან პირები და სასამართლოშიც იკითხებიან ადამიანები, რომლებიც დაადასტურებენ გრიგოლ ლილუაშვილის ბრალეულობას. მოწმეებს თავისი ცოდნის ფარგლებში აქვთ ინფორმაცია და ეს ინფორმაციები უნდა შევაჯეროთ და გავაანალიზოთ, აქედან კი სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, რომელიც იქნება სწორი და ობიექტური.
როდესაც ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, გამოიკვეთა არაერთი მიმართულება, მათ შორის თაღლითური ქოლცენტრების მფარველობის კუთხით, ასევე იცით, რომ არაერთი ეპიზოდზე აქვს ბრალი წარდგენილი, შესაბამისად იმ საქმეზე, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობდა მოვიდა ეტაპი, როდესაც საქმე სასამართლოში არსებით განსახილველად უნდა წარმართულიყო, შესაბამისად ასეთ დროს ხდება საქმის გამოყოფა, ეს კი იმას გულისხმობს, რომ ის გარემოებები, რომლებიც შემხებლობაშია და ბრალთან მიმართებით რაიმეს ადასტურებს, ან რაიმეს უარყოფს, საქმეში იდება. მასალა, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს, დაცვის მხარეს სრულად აქვს.
რაც შეეხება იმ საკითხს, რომ გარკვეული მტკიცებულებები ძირ-გამოყოფილ საქმეში არსებობდეს, ვინაიდან ეს მტკიცებულებები არც ადასტურებს და არც უარყოფს ბრალში არსებულ გარემოებებს, ძირ საქმეში არსებობს. ეს კი ნიშნავს, რომ ბრალდების მხარე გარკვეული მიმართულებით აგრძელებს გამოძიებას. ქრთამის აღების 4 ეპიზოდია, შესაბამისად ამ ეპიზოდებში ფიგურანტი პირების მიმართ მეტი მტკიცებულებების მოპოვებისა და გარკვეული პირების პასუხიმგებლობის საკითხზე, ბრალდების მხარემ უნდა იმსჯელოს. შესაბამისად, ეს საქმე არის მიმდინარე. თუმცა, ამ საქმეში გრიგოლ ლილუაშვილს არ აქვს ბრალდებულის სტატუსი, შესაბამისად, ჩვენ მოკლებულები ვართ შესაძლებლობას, რომ გარკვეული ინფორმაცია გადავცეთ. ის პირები, რომლებზეც ადვოკატი საუბრობს, რომ მათი გამოკითხვის ოქმები არ გადასცემია, გამოძიების დროს თავად ადვოკატი იყო ამ ადამიანებთან კონტაქტზე და ეს პირები ადვოკატის დასაკითხ პირთა სიაში არიან შეყვანილები და შესაბამისად დაცვის მხარეს ექნება შესაძლებლობა, რომ ეს პირები დაკითხონ.
ადვოკატი, თუ ამბობს, რომ გამოკითხვის ოქმები არ გადასცემია, რაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ეს გამოკითხვის ოქმები გამამართლებელია? მეორე, თუ გამამართლებელია, ეს პირები დასაკითხ პირთა სიაში ჰყავს, თუ თვლიდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილის ბრალთან, ესენი გამამართლებელი მტკიცებულებები შესაძლოა ყოფილიყო, შეეძლო გამოკითხვა“,- განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.