მაკა ბოჭორიშვილი - ის მცდელობები, რომლებსაც ვხედავთ უკრაინული მხარისგან  დიალოგის გაგრძელების კუთხით, პოზიტიურია, დანარჩენს დრო გვაჩვენებს

ის მცდელობები, რომლებსაც ვხედავთ უკრაინული მხარისგან დიალოგის გაგრძელების კუთხით, პოზიტიურია. დანარჩენს დრო გვაჩვენებს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მოლდოვაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში, ჟურნალისტებთან საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

„როდესაც ვსაუბრობთ უკრაინის მხარდაჭერაზე, საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია. საქართველო სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ, მხარს უჭერს საერთაშორისო ნორმებს და, შესაბამისად, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ერთგულები ვიქნებით ჩვენი ამ პოზიციის", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროპის საბჭოს ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე და საქართველოს მიმართ ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულებაზე.

„საქართველოს მიმართ ზოგიერთი წევრი ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს იმის შესაძლებლობასა და ფუფუნებას, მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას და შესაძლოა, დააყენოს საქართველო გაზრდილი რისკების ან გამოწვევების წინაშე", - განაცხადა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი პასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოების, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა.

„დამოკიდებულებას, რასაც დღეს რიგი წევრი ქვეყნების მხრიდან ვხედავთ, ნამდვილად სჭირდება გადახედვა. საჭიროა სიცხადე, რა დამოკიდებულება არსებობს საქართველოსა და მის პოზიციებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი საზოგადოების წინაშე, პირველ რიგში კი, საქართველოში უსაფრთხოების, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებასთან მიმართებაში", - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.

მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინული მხარის ნაბიჯები პოზიტიურია.

„უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრა დაიგეგმა ჩვენი სატელეფონო საუბრის დროს და ინიციატორი მე ვიყავი. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინულ მხარესაც ჰქონდეს სწორი აღქმა, თუ რა განწყობები და დამოკიდებულებები არსებობს ქართულ საზოგადოებაში იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვხედავდით. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. თუმცა, გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები, თუ რას ემსახურებოდა ის დამოკიდებულება, რაც ჩვენმა საზოგადოებამ ნახა საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში და ზოგადად, საქართველოს უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში, რამაც სამართლიანი განწყობები გააჩინა ჩვენს საზოგადოებაში", - განაცხადა მინისტრმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან დამოკიდებულება იყოს სამართლიანი.

„ეს ყველაფერი ბუნებრივია, მოითხოვს განხილვებს და პოზიციების შესაბამისად დაფიქსირებას, და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, შეხვედრები იყოს და უკრაინულ მხარეს სწორი აღქმა ჰქონდეს ჩვენს მოლოდინებზე. მნიშვნელოვანია, საქართველოსთან დამოკიდებულება იყოს სამართლიანი. საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული, ამ წლების განმავლობაში თანმიმდევრულია. ჩვენ არასდროს არ გადაგვიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც დაიმსახურებდა რაიმე სახის უკმაყოფილებას ან კრიტიკას უკრაინული მხრიდან. თუმცა ჩვენ ასეთი ბევრი მოვისმინეთ. ამიტომ საჭიროა, ეს ყველაფერი იყოს სათანადოდ განხილული“, - განაცხადა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო გააგრძელებს უკრაინულ მხარესთან კომუნიკაციას და პოზიტიურად აფასებს დიალოგის გაგრძელების მიმართულებით არსებულ მცდელობებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას. ის მცდელობები, რომლებსაც ვხედავთ უკრაინული მხარის მხარიდან დიალოგის გაგრძელების კუთხით, პოზიტიურია. დანარჩენს დრო გვაჩვენებს, თუ როგორ იქნება დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით. ეს არის ჩვენთვის განმსაზღვრელი - საქართველოსთან, ქართველ ხალხთან, ქართულ სახელმწიფოსთან დამოკიდებულება უნდა იყოს სამართლიანი და პატივისცემაზე დაფუძნებული, სხვანაირად წარმოუდგენელია ნებისმიერ ურთიერთობაში ნორმალიზაცია", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლის კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში