თორნიკე ფაღავა - ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ 50 კმ-ში დგანან თბილისიდან და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ჩვენი ქვეყნის არქიტექტურას ვქმნით და შევქმნით, აუცილებლად გავითვალისწინებთ რუსეთის ფაქტორს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან ნათლად და მკაფიოდ განმარტა ის, რომ საქართველოს მიმართ ევროკავშირის მთელი რიგი­ ქვეყნების დამოკიდებულება და მათ შორის, არაწევრი ქვეყნების დამოკიდებულება არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, არ ვიყოთ ფრთხილები რუსეთთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ფაღავამ განაცხადა.

ის აღნიშნულით გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას, სადაც ის განმარტავს, თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას.

ფაღავას განმარტებით, ტრიბუნალის შექმნას საქართველოს მსგავსად არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი, არც თურქეთი, არც ბულგარეთი, არც სლოვაკეთი და მათ შორის, არც უნგრეთი არ შეერთებია.

„ქალბატონმა მაკამ თქვა, რომ ევროკავშირის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დამოკიდებულება არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ არ ვიყოთ ფრთხილები მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებში. ახლა რაც შეეხება უშუალოდ ამ გადაწყვეტილებას, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ საქართველოს უკრაინასთან მიმართებით თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს საქართველო-რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღიდან, იყო მოწინავე მათ შორის, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, საქართველო საერთაშორისო დონეზე უკრაინის მხარდამჭერ, დაახლოებით, 1000-მდე რეზოლუციას შეუერთდა. ჩვენ ყოველთვის და ყველგან ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, უკრაინულ ტერიტორიულ მთლიანობას და ვუსურვებთ მშვიდობას. ამ პროცესს საქართველო პირნათლად ასრულებდა.

რაც შეხება უკანასკნელ გადაწყვეტილებას, აქვე საზოგადოებას ისიც უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოს მსგავსად ამ ტრიბუნალის შექმნას არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი, არც თურქეთი, არც ბულგარეთი, არც სლოვაკეთი და მათ შორის, არც უნგრეთი არ შეუერთდა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის ძალიან საყვარელი და პროდასავლელი ლიდერი მადიარი არის პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მაინც არ შეუერთდა ის ამ ტრიბუნალის შექმნას. რა თქმა უნდა, მათ ეს იმით ახსნეს, რომ რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვთ, აქვთ კონკრეტული სახელმწიფო ინტერესები რუსეთთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, ისინი ამ გადაწყვეტილებას არ შეუერთდნენ. რაც შეეხება საქართველოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან ნათლად და მკაფიოდ განმარტა ის, რომ საქართველოს მიმართ ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნების დამოკიდებულება და მათ შორის, არაწევრი ქვეყნების დამოკიდებულება არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, არ ვიყოთ ფრთხილები რუსეთთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა, საქართველო განგრძობად ოკუპაციას განიცდის მთელი ამ დროის განმავლობაში, შესაბამისად, ჩვენ ვართ ძალიან თანმიმდევრულები ჩვენს პოლიტიკაში და ამ თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილი გახლავთ ის, რომ საქართველო ამ გადაწყვეტილებას არ შეუერთდა“, - განაცხადა ფაღავამ.

გარდა ამისა, მისი თქმით, რუსები თბილისიდან 50 კმ-ში დგანან და როდესაც საქართველო ქვეყნის არქიტექტურას ქმნის, აუცილებლად გაითვალისწინებს მათ ფაქტორს.

„ბატონმა მაკრონმა განაცხადა, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნისას, აუცილებლად გავითვალისწინებთ რუსეთის ფაქტორს, ძალიან დიდი ბოდიში, 50 კმ-ში დგანან თბილისიდან და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ჩვენი ქვეყნის არქიტექტურას ვქმნით და შევქმნით, აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ ფაქტორს, ისევე როგორც გაითვალისწინებენ ფრანგები", - აცხადებს თორნიკე ფაღავა.

ცნობისთვის, 15 მაისს მოლდოვაში გამართულ ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, 36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოთქვეს განზრახვა, შეუერთდნენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ახალ გაფართოებულ ნაწილობრივ შეთანხმებას.

მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ევროპის საბჭოს ოცდათოთხმეტმა წევრმა სახელმწიფომ (ანდორა, ავსტრია, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვას რესპუბლიკა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო), ასევე, ევროკავშირმა, ავსტრალიამ და კოსტა-რიკამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო