საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის აღმოფხვრას შს სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნა არ სჭირდება - ამას უკვე შექმნილი ტროლ-ბოტების სამმართველოს გაუქმება სჭირდება! ყველაფერი სათავიდან ყროლდება და ეს პოლარიზაცია და დაძაბულობის უკიდურესი ხარისხი, რომელიც დღეს საზოგადოებაშია, იმ სისტემამ შექმნა, რომლის საყრდენიც ბატონი მამუკა მდინარაძეა, - ასე ეხმაურება ექსპერტი ლელა ჯეჯელავა მთავრობის ახალ ინიციატივას, რომელიც საზოგადოებას დღევანდელ ბრიფინგზე სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გააცნო.
ჯეჯელავას აზრით, შს სამინისტროს სპეციალური სამმართველო გამოყენებული იქნება ოპონენტების წინააღმდეგ და თავისუფალი აზრის შეზღუდვისთვის.
ჯეჯელავა იმასაც ამბობს, რომ “მდინარაძის ეფექტმა ხელისუფლების ცვლილების ილუზია და ოპტიკა უნდა შექმნას“. ჯეჯელავა მდინარაძის მიერ ამჟამინდელი პრემიერი-მინისტრის ჩანაცვლებას არ გამორიცხავს.
“მინდა, მამუკა მდინარაძეს ვკითხო, რომელმა უცხო ძალამ დაავალა მდინარაძეს, შალვა პაპუაშვილს, ირაკლი კობახიძეს ოპონენტებისთვის უსამშობლოების დაძახება? ეგებ, ამ უცხო ძალაზე მიგვითითოს! რომელმა უცხო ძალამ დაავალა რომელიმე მათგანს, რომ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ევროპულ სტრუქტურებთან და ფონდებთან რაიმე ტიპის ურთიერთობა ჰქონდა, მათთვის უცხო ძალის აგენტები ეწოდებინათ? რომელი უცხო ძალა ავალებს მათ, რომ სრულიად გაუგონარი, დიპლომატიის ჩარჩოებში რომ არ თავსდება, ისეთი ტექსტებით ლანძღონ პაველ ჰერჩინსკი, პეტერ ფიშერი და ევროპული ქვეყნების სხვა ელჩები?
სულ რამდენიმე ხნის წინ ჩემს წინააღმდეგ ტროლ-ბოტების კამპანიური შეტევა იყო. განა “ქართული ოცნების“ ტროლ-ბოტებმა არ აქციეს საქართველოში ასაკი დაცინვის საგნად და ისეთი ფიზიოლოგიური მოვლენით, როგორიც არის კლიმაქსი, ადამიანების დაბულინგება?! ეს ვინმემ იკადრა, გარდა იმ დანაყოფებისა, რომლებსაც ტროლ-ბოტები ჰქვია და ზუსტად ვიცით, ვინც დგას ამის უკან.
როგორც სულხან-საბა ამბობდა, თუ წყლის სათავიდან წმინდა წყალი მოედინება, სადინარებშიც წმინდაა წყალი. კიდევ არის ასეთი გამოთქმა - თევზი თავიდან ყარს. დიახ, ყველაფერი სათავიდან ყროლდება და ეს პოლარიზაცია და დაძაბულობის უკიდურესი ხარისხი, რომელიც საზოგადოებაში შეიქმნა, იმ სისტემამ შექმნა, რომლის საყრდენიც ბატონი მამუკა მდინარაძე გახდა.
იმის გამო, რომ სრული უნდობლობა მაქვს მის მიმართ და იმ პროცესის მიმართ, რომელსაც ისინი წარმართავენ, ველი, რომ ეს გამოყენებული იქნება კვლავ ოპონენტების წინააღმდეგ და თავისუფალი აზრის შეზღუდვისთვის.
კადრებად ამომდის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები. ვინ აიძულა კახი კალაძე, რომ ჟურნალისტისთვის ეთქვა: - სარკეში იხედები, რას გავხარო? ან ვინ აიძულა ის ეთქვა, გამოექანე, საიდანღაცო... ან წადი, გადაშენდი აქედანო. ეს არის მათი ენა და ლინგვისტიკა.
განსაზღვრულია, რა არის სიძულვილის ენა? - იქნებ ირაკლი კობახიძეს ჰგონია, მე რომ უსამშობლოს მეძახის, ეს სიძულვილის ენა არ არის და მაინცა და მაინც დედის გინებაა“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო შეიქმნება, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული სამმართველო პროაქტიულ რეჟიმში იმოქმედებს და რეაგირება მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე არ იქნება დამოკიდებული.
“უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგის მომზადებას, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, თავად გადააგზავნის მასალებს სასამართლოში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.