ეს არ არის სიძულვილის ენის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის სიტყვის და აზრის გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების სისტემა, რომელსაც სხვადასხვა ინსტრუმენტების სახით გვთავაზობს „ოცნების“ ხელისუფლება, - ასე შეაფასა „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ მთავრობის გადაწყვეტილება, რომ შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება.
როგორც სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ეს სამმართველო შერჩევითად იქნება გამოყენებული პოლიტიკური ოპონენტებისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ დევნისთვის.
„ამ ქვეყანაში სიძულვილის ენის მთავარი კულტივატორი არის თავად „ოცნება“. რომ გადახედოთ ხელისუფლების სპიკერებს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პრემიერს, დედაქალაქის მერს, პარლამენტის წევრებს, როგორი ზიზღის ენით საუბრობენ საკუთარ ოპონენტებზე. როგორ აქვთ დაყოფილი საკუთარი მომხრეები და მოწინააღმდეგეები. სოციალურ მედიაში უამრავი „ფეისბუქ“ გვერდია შექმნილი, სადაც ტყუილი ინფორმაცია, სიძულვილი, ზიზღის ენა პირდაპირი ფორმით მოედინება. ამ ფონზე, როდესაც გვეუბნებიან, თითქოს სიძულვილის ენა პრობლემა არის, სიძულვილის ენაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში, თავად „ოცნების“ ხელისუფლებას ეკისრება. ჩვეულებრივ ნორმად აქციეს ამ ქვეყნის არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამის შედეგებს ვიმკით დღეს ჩვენ. საზოგადოების დაყოფა არის ამის კიდევ ერთი გამოხატულება. შესაბამისად, ეს სამმართველო ცენზურის სამმართველო იქნება. ამას არაფერი საერთო არ ექნება სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლასთან. ეს იქნება ძალიან მარტივად, სიძულვილისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, ეს არის ცენზურის სამმართველო და დემოკრატიულ სტანდარტებთან არანაირი კავშირი არ ექნება. შერჩევითად იქნება გამოყენებული პოლიტიკური ოპონენტების, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ დევნისთვის, თორემ სხვა შემთხვევაში. სიძულვილი ჩვენი საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ერთია სიძულვილის ენა, რომლითაც ცდილობენ ამ კანონპროექტის შემოსაღებას ქართული საზოგადოებისთვის და მეორეა, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება, რომლის წინააღმდეგაც მსგავსი ინსტიტუტის შემოღება იგეგმება“, - განაცხადა სიჭინავამ.
მისი თქმით, სიძულვილის ენა აღმოიფხვრება მხოლოდ მაშინ, როდესაც სახელმწიფოზე პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალა ამ სიძულვილის გამოყენებაზე უარს იტყვის. ბერდია სიჭინავას აზრით, „ეს იქნება შერჩევითად გამოყენებული სამმართველო“.
„ამ სამმართველოს მუშაობის შედეგებს ჩვენ ძალიან მალე დავინახავთ. თუ რეალურად სურთ სიძულვილის ენას ებრძოლონ, ორივე მხრიდან მიუღებელი უნდა იყოს სიძულვილის ენა. ვემიჯნები ოპოზიციის იმ ნაწილსაც, რომელიც სიძულვილის ენით არის ცნობილი. ერთ მაგალითს ვერ დამისახელებთ, სადაც ჩვენი პოლიტიკური ძალის რომელიმე წარმომადგენელმა ოპოზიციის ან ხელისუფლების ნაწილის მიმართ ზიზღის ან სიძულვილის ენა გამოიყენა. ასეთი რამ არ არსებობს. მძაფრი, ჯანსაღი კრიტიკა, რა თქმა უნდა, ყოფილა, მაგრამ სიძულვილის ენა, რომელიც საზოგადოებას ხლეჩს, დაპირისპირებულ პოლიტიკურ ბლოკებს ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობს, მსგავსი არასდროს გაგვიკეთებია“, - განაცხადა სიჭინავამ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტი შეაფასა. ბერდია სიჭინავას შეფასებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას დღეს მკაფიოობა აკლია.
„ხშირად საუბრობენ, რომ ჩვენი ევროატლანტიკური კურსი შენარჩუნებულია, გვეუბნებიან, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობის პოლიტიკა აქვთ, რადგან ეს ეკონომიკური განვითარებისთვის, მშვიდობისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ამავდროულად, ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგები ამ მიმართულებით არ არის. არ ვიცი შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან რას წამოიღებს, თუმცა, ფაქტია, რომ საგარეო მიმართულებით სერიოზული გამოწვევების წინაშეა დღეს ქვეყანა. ამ გამოწვევების წინაშე დააყენა თავად „ოცნების“ ხელისუფლების უგუნურმა საგარეო პოლიტიკამ. დასავლეთში სტრატეგიულ პარტნიორებს, აშშ-ს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მათ ელჩებს, რომლებიც ამინდს ქმნიან ევროკავშირში, ყოველდღიურ რეჟიმში აგინებენ, მაგრამ ასევე, არაფერი ეტყობათ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების დალაგების. გეოგრაფიული მდებარეობა არის ამ ქვეყნის საჩუქარი. ერთი მხრივ, გეოგრაფიული შესაძლებლობა გაქვს, მაგრამ მეორე მხრივ, გჭირდება პოლიტიკური ნება და ეკონომიკური მოთხოვნა, რომ შენმა დერეფანმა სტრატეგიულად იმუშაოს“, - განაცხადა სიჭინავამ.
ამასთან, მან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება შეაფასა, რომელიც არ შეუერთდა ტრიბუნალის შექმნის ინიციატივას უკრაინაში რუსეთის დანაშაულების შესახებ. ბერდია სიჭინავას განცხადებით, დღეს საგარეო პოლიტიკას ბიძინა ივანიშვილი წყვეტს.
„დღეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა წყდება კულუარებში და ერთი ადამიანის ხელშია თავიდან ბოლომდე, ეს ადამიანი არის ივანიშვილი. საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს, ფაქტობრივად, საგარეო პოლიტიკის ფორმირების პროცესში არ მონაწილეობს. პარლამენტის როლი საერთოდ გვერდზეა გაწეული. რა ხელშეკრულებას აწერენ ხელს, ვისთან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელ რეზოლუციას უერთდებიან, რომელს არა. ხომ გახსოვთ „ოცნების“ ხელისუფლება როგორ იწონებდა თავს უკრაინის მხარდამჭერ რამდენ რეზოლუციას შეუერთდა. ტრიბუნალის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას რატომ არ შეუერთდნენ, ამას დასაბუთება აკლია. თუ გამოწვევები და რისკები არსებობს, მაშინ თქვან, რა რისკებია“, - განაცხადა სიჭინავამ.
მისი თქმით, ხელისუფლებას ახასიათებს გამოგონილ თემებზე საუბარი, როგორც ე.წ. მეორე ფრონტია.
„არც პროდასავლური საგარეო პოლიტიკა აქვს დღეს „ოცნებას“ და ივანიშვილს, არც ჩრდილოური, არც აღმოსავლური, არც აფრიკული. ერთადერთი პოლიტიკა აქვს-ძალაუფლებაში დარჩნენ და ამისთვის ყველა კერპს სცემენ თაყვანს“, - განაცხადა სიჭინავამ.