პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ ჰონდა არცერთ ბრალდებულს, იქნებოდა ღობე თუ არ იქნებოდა - საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით, ბრალდების მხარეს აბსოლუტურად გონივრული მოლოდინი გააჩნია თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით - გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომ მოცემულ ჯგუფურ ძალადობას ჰყავდა ხელმძღვანელი პირები, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით უკვე დადასტურებულია.
„დღევანდელ პროცესზე, ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა, სადაც მიმოვიხილეთ გამოკვლეული მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები.
ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ განხორციელდა. წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომ მოცემულ ჯგუფურ ძალადობას ჰყავდა ხელმძღვანელი პირები, ეს მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ძალაში შესული განაჩენითაც დადასტურებულია.
პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ ჰონდა არცერთ ბრალდებულს, იქნებოდა ღობე თუ არ იქნებოდა. დაიკითხა ექსპერტი, რომელმაც ცალსახად უპასუხა, რომ ღობე გადაჭრილი არ ყოფილა და იყო ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად ტეხის კვალი, თუმცა დაცვის მხარეს არაერთი შეკითხვა ჰქონდა პროვოკატორებთან დაკავშირებით. სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყო ერთ-ერთი ის პირი, რომელიც ერთ-ერთმა პირველმა დააზიანა ღობე. სასახლის ღობესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებული და ბრალდებულია. ერთ-ერთი პირი, რომელიც ერთ-ერთი პირველი აზიანებს ღობეს, წარმოდგენილი ამ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც გენადი კუპრეიშვილია. დანარჩენი 3 ადამიანი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა ამოიცნეს და ბრალდებულები არიან.
საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით, ბრალდების მხარეს აბსოლუტურად გონივრული მოლოდინი გააჩნია, თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით, გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის“, - თამარ იაკობიძემ.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა.
შემდეგ სასამართლო პროცესზე, რომელიც 25 მაისს, 11:00 საათზე გაიმართება, სასამართლოს დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე მიმართავს.
ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.