ბოლო წლებში, საქართველოს ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება და თანამედროვე ურბანული დაგეგმარება ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებად იქცა - ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაფართოება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ ზრდა დარჩეს მდგრადი, რეგიონულად დაბალანსებული და ორიენტირებული იყოს ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ფორუმი, რომელიც გაეროს დასახლებული პუნქტების პროგრამის ორგანიზებით იმართება, გამოცდილების გაზიარებისა და მეტად უსაფრთხო და ინკლუზიური თემების საერთო ხედვის მხარდაჭერის აუცილებელ პლატფორმას წარმოადგენს.
„ჩემთვის დიდი პატივია, სიტყვით მივმართავო ბაქოში, მსოფლიოს მე-13 ურბანულ ფორუმს. გულწრფელი მადლობა მინდა გამოვხატო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართ, მისი ტრადიციული თბილი მიღებისა და ამ მნიშვნელოვანი გლობალური შეკრების ბრწყინვალე ორგანიზებისთვის. ეს ფორუმი, რომელიც გაეროს დასახლებული პუნქტების პროგრამის ორგანიზებით იმართება, გამოცდილების გაზიარებისა და მეტად უსაფრთხო და ინკლუზიური თემების საერთო ხედვის მხარდაჭერის აუცილებელ პლატფორმას წარმოადგენს. დღეს, ქალაქები თითქმის ყველა მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევის წინაშე დგანან - კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობიდან დაწყებული, მდგრადი განვითარებითა და სოციალური ერთიანობით დამთავრებული. ის, თუ როგორ ვგეგმავთ, ვვითარდებით და ვიცავთ ჩვენს ურბანულ სივრცეებს, საბოლოოდ განსაზღვრავს ჩვენი საზოგადოებების სტაბილურობას, კეთილდღეობასა და მდგრადობას მომავალი თაობებისთვის. ბოლო წლებში, საქართველოს ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება და თანამედროვე ურბანული დაგეგმარება ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებად იქცა. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაფართოება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ ზრდა დარჩეს მდგრადი, რეგიონულად დაბალანსებული და ორიენტირებული იყოს ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე“, - აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო წინ მიიწევს ეროვნული სივრცითი დაგეგმარებისა და განვითარების კონცეფციის განხორციელების პროცესში.
მისი თქმით, რეფორმების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობამ ცენტრალური მთავრობის სისტემაში შემავალი სპეციალიზებული სააგენტოს მეშვეობით ინსტიტუციური კოორდინაცია გააძლიერა.
„საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო წინ მიიწევს ეროვნული სივრცითი დაგეგმარებისა და განვითარების კონცეფციის განხორციელების პროცესში. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი წარმოადგენს საბინაო და ურბანული განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს, უზრუნველყოფს სივრცის ჰარმონიულ ინტეგრაციას, რაც ჩვენს ერთგულებაზე მეტყველებს დაბალანსებული და მდგრადი განვითარების იდეისადმი ქვეყნის ყველა რეგიონში.
ამ რეფორმების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად, გავაძლიერეთ ინსტიტუციური კოორდინაცია ცენტრალური მთავრობის სისტემაში შემავალი სპეციალიზებული სააგენტოს მეშვეობით. ეს მექანიზმი მხარს უჭერს გრძელვადიან დაგეგმვას და ხელს უწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ ურბანული ტრანსფორმაცია წარიმართოს სტრატეგიული ხედვით, უწყვეტობითა და ეფექტური მმართველობით.
ამავდროულად ვაღიარებთ, რომ მდგრადი ქალაქი არ განისაზღვრება მხოლოდ ფიზიკური ინფრასტრუქტურით. ის უნდა რეაგირებდეს სოციალურ რეალობაზეც, დემოგრაფიულ ცვლილებებსა და ახალ გარემოსდაცვით გამოწვევებზეც. თანამედროვე ურბანული მდგრადობა მოითხოვს ხელმისაწვდომ საჯარო სერვისებს, მდგრად მობილობას, კლიმატის ცვლილებაზე ორიენტირებულ სივრცით მოწყობასა და პოლიტიკას, რომელიც აუმჯობესებს ყველა თემის ცხოვრების ხარისხს“, - აღნიშნა პრემიერმა.
მან, ასევე, განაცხადა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოდროინდელი მიღწევა იყო ეროვნული საკადასტრო აღრიცხვის დასრულება და მიწის ნაკვეთების სრული რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პრემიერის შეფასებით, ამ რეფორმამ გააძლიერა სამართლებრივი საფუძველი, გააუმჯობესა მიწის რესურსის ადმინისტრირება და უფრო გამჭვირვალე საფუძველი შექმნა ეკონომიკური საქმიანობისა და ტერიტორიული მმართველობისთვის.
„პარალელურად, საბჭოთა პერიოდში გამოყოფილი საცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია დასრულდა. ამ ერთეულების სრულად კერძო საკუთრებაში გადაცემით, ურბანული სტაბილურობისა და ინდივიდუალური საკუთრების უფლების განსაზღვრული ჩარჩო შევქმენით.
ჩვენი ურბანული და საბინაო პოლიტიკის ცენტრში რჩება ჩვენი ხალხის კეთილდღეობა. ათწლეულების განმავლობაში, საქართველო აგრძელებდა ომისა და ოკუპაციის ჰუმანიტარული შედეგების მოგვარებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებლისა და სოციალური დახმარების მიწოდებით. ვაგრძელებთ ახალი დასახლებების განვითარებას და საცხოვრებელი ფართის გადაცემას დაზარალებული ოჯახებისთვის, როგორც ჩვენი გრძელვადიანი ვალდებულების ნაწილი ღირსეული ცხოვრების პირობებისა და სოციალური ინკლუზიის მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.