შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ, ბრიუსელის ფასეულობებს სადამდეც მივყავართ, ზიზღის ენა სწორედ იქიდანაა წაქეზებული - ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ყველა სფერო ქართულ ფასეულობებში, ვინაიდან ბრიუსელის ღირებულებები ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია

სიძულვილისა და ზიზღის ენა არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხი, არ არის მხოლოდ ემოციების საკითხი, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, ვინაიდან ამ მეთოდს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წიგნებიდან გადმოწერით იყენებენ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გავლენების მოსახდენად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნის ინიციატივის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენასა და აგრესიულ კომუნიკაციას სისტემურ მონიტორინგს გაუწევს.

პაპუაშვილის თქმით, ზიზღის ენა არის იარაღი, რომელსაც ქვეყნის არაკეთილმოსურნეები საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ.

„უნდა გავიაზროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხი, რომ სიძულვილისა და ზიზღის ენის გამოყენება ხდება. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ვინაიდან სიძულვილისა და ზიზღის წაქეზება და დათესვა არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს შერჩათ ხელში. სწორედ ამ ინსტრუმენტს იყენებენ ქვეყნის ასარევად - შუღლის შემოტანას, სიძულვილის შემოტანას იმისთვის, რომ შემდეგ გადაკიდონ ადამიანები ერთმანეთს, არიონ ქვეყანა და შემდეგ თავისთვის სასარგებლო შედეგებს მიაღწიონ.

ამიტომ, სიძულვილისა და ზიზღის ენა არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხი, არ არის მხოლოდ ემოციების საკითხი, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, ვინაიდან ამ მეთოდს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წიგნებიდან გადმოწერით იყენებენ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გავლენების მოსახდენად, საზოგადოებაში დაბნეულობის შესატანად და ადამიანების ერთმანეთზე წასაკიდებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ პროაქტიულად თავის ხელში აიღოს ჩვენს ქვეყანაზე ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენებისთვის ხელის შეშლა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ზიზღის ენა ბრიუსელიდან არის წაქეზებული. პაპუაშვილის შეფასებით, ბრიუსელის ღირებულებები საქართველოსთვის დამაზიანებელია.

„ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩვენი საზოგადოების ყველა სფერო დავუბრუნოთ ქართულ ფასეულობებს. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, ბრიუსელი ფასეულობებს სადამდეც მივყავართ, ზიზღის ენა სწორედ იქიდან არის წაქეზებული. ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე ელჩი არის, რომელიც ამაშია ჩართული; ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ამ ზიზღის ენაში არიან ჩართული და ფაშისტურ გამონათქვამებს იყენებენ ქართველი ხალხის მიმართ.

თუ სოცმედიას დააკვირდებით, ყველა, ვინც კი ზიზღს თესავს სოცმედიაში, ყველას იხილავდით ევროპის დღეზე 9 მაისს. ეს ერთი და იგივე სახეებია, ერთი და იგივე სახელებია, ვისაც იხუტებს დღეს ბრიუსელი. ისინი არიან სწორედ, ვინც ცდილობენ, საზოგადოებაში ზიზღი დათესონ. ამიტომ, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ყველა სფერო ქართულ ფასეულობებში, ვინაიდან ბრიუსელის ღირებულებები ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ამიტომ, ჩვენ ჩვენსას დავუბრუნდეთ, ჩვენს კულტურულ ჩარჩოებში ვიყოთ და სხვების მიერ თავს მოხვეულ ზიზღს, დაპირისპირებასა და შუღლს სათანადო პასუხი გავცეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა