ნიშანდობლივია, რომ ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნიკა მელია რამდენიმე ათეულმა პოლიციელმა უკანონოდ გაიტაცა, დააკავა, წაართვა მობილური ტელეფონი, საბაბად დაუდეს, თითქოს, ნიკა მელიას მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, რაც აბსურდია. ნაცვლად იმისა, რომ დანაშაულზე რეაგირება მომხდარიყო, ნიკა დღეს განსასჯელის სკამზეა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბრალდებულ ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, არც ერთი პირი, ვინც ნიკა მელიას „გატაცებაში“ იღებდა მონაწილეობას, იდენტიფიცირებული არ არის.
„ნიკა მელია მსჯავრდებულია რამდენიმე ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, ანუ რამდენიმე განაჩენია აღსასრულებლად მიქცეული. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პენიტენციურმა სამსახურმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართა, რათა აღნიშნული რამდენიმე განაჩენიდან საბოლოო სასჯელის დაფიქსირება მოხდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ანუ რა არის მოხდილი, რა არის მოსახდელად დარჩენილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადმოეგზავნება, რის შემდეგაც, უკვე ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვას განვაგრძობთ და თუკი, გამამტყუნებელ განაჩენს მიიღებს სასამართლო, საბოლოდ განუსაზღვრავს ნიკა მელიას სასჯელს, იქნება ეს საპატიმრო, თუ ჯარიმის სახით.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, ჩვენ უდავოდ ვცანით. საქმეში ერთის მხრივ, არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ვერ ადგენს შეურაცხმყოფელი სიტყვების ადრესატს და მეორეს მხრივ, სასამართლოს რამდენიმე თანამშრომლის ჩვენებაა, ამიტომ ჩვენ საჭიროდ არ ჩავთვალეთ, აღნიშნული მტკიცებულებები დეტალურად გამოგვეკვლია. ეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად გავიგოთ, მორიგ ჯერზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ნიკა მელიასთან დაკავშირებით. ნიშანდობლივია, რომ ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნიკა მელია რამდენიმე ათეულმა პოლიციელმა უკანონოდ გაიტაცა, დააკავა, წაართვა მობილური ტელეფონი, საბაბად დაუდეს, თითქოს, ნიკა მელიას მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, რაც აბსურდია. ნაცვლად იმისა, რომ დანაშაულზე რეაგირება მომხდარიყო, ნიკა დღეს განსასჯელის სკამზეა, ის ჯერ უკანონოდ დააჯარიმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ, შემდეგ კი უკანონოდ დააკავეს და ერთ წელზე მეტია, პატიმრობაში იმყოფება. არავითარი იდენტიფიცირება არ მომხდარა მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა უწყებაში გვაქვს შეტყობინება, განცხადება შეტანილი, გამოძიება არ დაიწყო, პირიქით, ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით 5 000 ლარით დაჯარიმება მოხდა, თითქოს, მან პოლიციის თანამშრომლებს ვერაზე შეურაცხყოფა მიაყენა და ლისის მიმდებარედ ის დააკავეს. რეალურად, მეორე დღეს, მას სასამართლო ჰქონდა, ხელისუფლებამ თავი დაიზღვია, თითქოს, გართულების მიზნით და უკანონოდ გაიტაცა პოლიტიკური ლიდერი“, - განაცხადა კონდახიშვილმა.
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
ცნობისთვის, ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.