ტექ ოლიმპიადების ჰაბის პირველი საერთაშორისო გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, ევროპის გოგოების ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში EGOI2026-ზე საქართველოს ნაკრები პირველად მონაწილეობდა. ნაკრების წევრმა გვანცა ხვედელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო თაკო შანავა საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

წლევანდელი ოლიმპიადა იტალიაში, ცესენატიკოში გაიმართა და მასში ევროპის 50-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველოს გოგოების ნაკრები ოლიმპიადაზე 4-წევრიანი შემადგენლობით წარსდგა, გუნდის ლიდერი კი გიორგი მანდარიაა. საერთაშორისო ჩემპიონატზე EGOI -ზე წელს 250-მდე მონაწილე ასპარეზობდა, რომელთა შორის ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრების წევრმა მოიპოვა.

გვანცა ხვედელიძე ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 სკოლის მე-12 კლასის და ინფორმაციული ტექნოლოგიების ცენტრი მზიურის მოსწავლეა. იგი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ინფორმატიკის ოლიმპიადებში და წარმოადგენს საქართველოს გოგოების ნაკრებს უკვე 5 წელია. ამ პერიოდის განმავლობაში მოიპოვა 3 ბრინჯაოს მედალი და 1 საპატიო სიგელი. მისი საერთაშორისო წარმატებები მოიცავს:

  • Info(1)Cup – ბრინჯაოს მედალი
  • Ukrainian Junior and Girls’ Olympiads in Informatics – ოქროს მედალი გოგოების კატეგორიაში
  • ICPC Algo Queen 2025 – პირველი ადგილი სკოლის ასაკის კატეგორიაში

მისი თქმით, ინფორმატიკისადმი ინტერესი ოჯახიდან, განსაკუთრებით უფროსი ძმის - დავით ხვედელიძის მაგალითიდან დაიწყო, რომელიც EGOI 2026 ზე საქართველოს ნაკრების გუნდის თანალიდერიცაა.

“EGOI ოლიმპიადაზე უკვე მე-5 ჯერ ვიღებ მონაწილეობას და ყოველჯერზე ჩემთვის აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. რა თქმა უნდა, უკეთესი შედეგის მოლოდინი მქონდა, თუმცა მიღებული გამოცდილებითა და მიღწეული შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ. ასეთი კონკურსები გვაძლევს შესაძლებლობას, დავინახოთ ჩვენი ძლიერი მხარე, გავხდეთ უფრო თავდაჯერებულები და გავაანალიზოთ ჩვენი შესაძლებლობები.“ - აღნიშნავს ხვედელიძე. ოლიმპიადებისთვის მზადების პროცესი მისთვის მუდმივი შრომა და თვითგანვითარებაა: ყოველდღიური პრაქტიკა, სუსტი მხარეების გაუმჯობესება და რეალური ოლიმპიადების პირობებში ვარჯიში მისი მთავარი მიდგომებია.

საქართველოს ნაკრები აღნიშნულ ოლიმპიადაზე წელს უკვე მეექვსედ ასპარეზობს. წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა: 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი.

თაკო შანავა, EGOI 2026-ის საპატიო სიგელის მფლობელი, საქართველოს ნაკრების წევრი: „EGOI არის კონკურსი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებენ და ერთმანეთისგან ვსწავლობთ. მიუხედავად იმისა, რომ უკეთესი შედეგის მიღწევა მინდოდა, ეს გამოცდილება ჩენმთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ოლიმპიადამ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომცა, მომავალში უფრო ინტენსიურად მოვემზადო და საერთაშორისო ტექნოლოგიურ ოლიმპიადებზე უკეთესი შედეგები ვაჩვენო.“

ევროპის გოგოების ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EGOI) მიზნად ისახავს გოგოების ჩართულობის გაძლიერებას ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების სფეროში. ოლიმპიადა ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას STEM მიმართულებებში და ყოველწლიურად აერთიანებს ევროპის და სხვა რეგიონების ახალგაზრდა მონაწილეებს, რათა მათ ცოდნა და გამოცდილება გაიზიარონ კომპიუტერულ მეცნიერებასა და პრობლემების გადაჭრაში.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ეროვნული ნაკრების დაკომპლექტებას, მათ გადამზადებასა და საერთაშორისო ოლიმპიადებზე EGOI, EJOI, IOI და IOAI მონაწილეობას.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი BTU-ში თიბისი ბანკის გენერალური მხარდაჭერით დაფუძნდა. ჰაბის მიზანია ეროვნული ჩემპიონატების ორგანიზება, ნიჭიერი მოსწავლეების შერჩევა და მათი საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება. პლატფორმა უზრუნველყოფს ეროვნული ნაკრებების ფორმირებას, წვრთნასა და მხარდაჭერას ევროპის, მსოფლიოსა და საქართველოს ინფორმატიკის ოლიმპიადებზე, რათა საქართველო ტექნოლოგიურ სფეროში ღირსეულად წარმოჩინდეს და საუკეთესო შედეგები დააფიქსიროს.

პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, ICT ასოციაცია, EPAM, ლინეიტი და დეველოპერული კომპანია ბლოქსი.

(R)

გიორგი ანთაძე - ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ოჯახის სიმტკიცისა და კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა