მარიამ ქვრივიშვილი - ენერგეტიკულ სექტორში შეთანხმების პაკეტი აზერბაიჯანთან რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და რეგიონული დერეფნის განვითარებისთვის

ენერგეტიკულ სექტორში შეთანხმების ყოვლისმომცველი პაკეტი ორი ქვეყნის მთავრობებს შორის წარმატებით დასრულებული რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისა და რეგიონული ენერგეტიკული დერეფნის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომელმაც ბაქოში ხელი მოაწერა რამდენიმე სტრატეგიულ შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში, მათ შორის საქართველოსთვის 20 წლის ვადით ბუნებრივი გაზის მიწოდების, ასევე ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის თაობაზე.

მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.

„აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანიდან დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას, რომელიც 2003 წელს არის გაფორმებული, ვადა ამოეწურა, შესაბამისად, ახალი ხელშეკრულების გაფორმებას და 20 წლის ვადით გაგრძელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტრატეგიული თანამშრომლობისთვის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის ფარგლებში.

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე ხელი მოეწერა ახალ შეთანხმებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ქართულ სექციასთან დაკავშირებით საოპერაციო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რაც უზრუნველყოფს ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით ევროპაში ნავთობის ტრანზიტის განახლებას და მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებს.

განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლითაც ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს შორის მიღწეული გადაწყვეტილებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 26 მაისს აღდგება.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკულ სექტორში გაფორმებული ყოვლისმომცველი პაკეტი ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებაა, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს და გააძლიერებს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში აზერბაიჯანთან სტრატეგიულ შეთანხმებებს მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა, ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა და ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა.

მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ბაქოში იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა და ესკოს ხელმძღვანელები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ოჯახის სიმტკიცისა და კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა