გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ სიძულვილის ენასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა ხელისუფლებაა და არა ოპოზიციური კრიტიკა. ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში „რეზიუმე“ ისაუბრა.
ფოფხაძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან მკვეთრი შეფასებები იმ საფრთხეს არ ქმნის, რასაც, მისი შეფასებით, ხელისუფლების მიერ ოპონენტების წინააღმდეგ მოქმედება იწვევს.
„სიძულვილის ენასთან მიმართებაში მთავარი პრობლემა ხელისუფლებაა. ოპოზიციური აქტიურობა როგორი მკვეთრიც არ უნდა იყოს, როცა ხელისუფლება, მითუმეტეს, ავტორიტარიზმის პირობებში, ვიღაცებს მოგისევს, ეს გაცილებით დიდ საფრთხეებთან და პრობლემებთან არის დაკავშირებული, რა კრიტიკული შეფასებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს ხელისუფლების მიმართებით. საბჭოთა კავშირის დროსაც კი ადამიანები ხელისუფლებას აგინებდნენ, ბუნებრივია, მაშინ არ არსებობდა სოციალური ქსელები და ამას სამზარეულოებში აკეთებდნენ. ეს იყო ადამიანის უფლება გამოეშვა ორთქლი ხელისუფლებასთან მიმართებაში. ამას ბოლომდე ვერ აღკვეთავ. სოციალურ ქსელებში ყველას აგინებენ. სპეციალურად ჰყავთ ხალხი, რომლებსაც ხელფასს აძლევენ იმაში, რომ ოპოზიციონერებს წერონ. არავინ დასჯის ამ „ბოტებს“, საუბარია იმაზე, რომ მაქსიმალურად დაიცვან არაფორმალური ხელისუფლება სოციალურ ქსელებში შექმნილი დისკომფორტისგან.
მიმაჩნია, რომ ეს არის თავის მოტყუება. ხალხში ნუ ვეძებეთ პრობლემას, ყველა რევოლუციას ქმნის არა მოსახლეობა, არამედ ხელისუფლება თავისი ცუდი საქციელით. ნორმალურ ხელისუფლებას გინებას ვინ დაუწყებს?“- აცხადებს ფოფხაძე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, მსგავსი მიდგომები ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს და აჩვენებს, რომ მას „კონკურენტულ გარემოში არსებობა არ შეუძლია“.
„მაინც ცდილობენ, რომ წავიდნენ რუსეთის სტანდარტზე და დაემსგავსონ მას. რუსულ კანონზე თქვეს, რომ ეს არის დასავლური სტანდარტი. შევისწავლეთ, გავაანალიზეთ და მივხდით, რომ სხვადასხვა რამ არის. ასეთი სტანდარტების დროს მიმაჩნია, რომ ხელისუფლება საკუთარი სისუსტის დემონსტრირებას ახდენს, რომ მას კონკურენტულ გარემოში არ შეუძლია არსებობა“, - აღნიშნა ფოფხაძემ.