ძნელია სერიოზულად შეხედო, არ ვიცი, როგორ უნდა მოხდეს დარეგულირება, ალბათ, ხალხი ეყოლებათ, რომლებიც მიაყურადებენ, მსტოვრები და ინფორმატორები ეყოლებათ, - ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნას, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ „ცინიკური ამ ქვეყანაში ის არის, რომ ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც არის სიძულვილის ენის ავტორი, უხამსობის დამამკვიდრებელი“.
„ქვეყანაში იმდენად მძიმდება ვითარება, სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებიც უფრო და უფრო რთულად გასაძლები და ასატანი ხდება. ადამიანებს განტვირთვა სჭირდებათ და ვფიქრობ, ხშირ შემთხვევაში გინება და ლანძღვა ამ ფუნქციასაც ასრულებს, რასაც ეძახიან ბოლის გამოშვებას. გულის მოოხება სჭირდება ადამიანს. ჯინივით თუ ჩაამწყვდევ მათ ემოციას, მათ უფლებებს, პროტესტის გამოთქმის ნებისმიერ შესაძლებლობას, შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს, რადგან შეიძლება უცებ სადღაც გასკდეს ისეთ დროს და ისეთ ადგილას, რომელიც არავისთვისაა [კარგი]. მაინც და მაინც კარგი შედეგი არ მოჰყვება ამას.
ვხედავთ, რომ დაპატიმრებების ციკლური გაძლიერებები აქვთ ხოლმე, ახლაც გაძლიერების პროცესი დაიწყო, ტროტუარზე დგომისთვის პრაქტიკულად ჯგუფ-ჯგუფად ხდება ხალხის დაპატიმრება და გზაში დააწიეს ეს ინიციატივაც, რომ შესაძლოა ადამიანებს აზრის გამოთქმის გამოც გარკვეული სანქციები დაეკისროთ. ყველაზე ცინიკური ამ ქვეყანაში ის არის, რომ ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც არის სიძულვილის ენის ავტორი, უხამსობის დამამკვიდრებელი. მაგალითად კალაძის გამონათქვამებს თუ გავიხსენებთ, როგორ შეფასებებს აკეთებდა, რომ ეგონა, რომ ამით ბიჭობდა. ამ ტიპის ენის დამამკვიდრებლები ესენი არიან. დიმიტრი სამხარაძეზეც ვიტყვი, თუ კაცმა რაიმეთი თავი დაამახსოვრა პოლიტიკურ პროცესში ადამიანებს, ეს არის ბილწსიტყვაობა, გინება“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.