„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მამუკა მდინარაძის ინიციატივები „აბსურდულია“.
როგორც სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, მდინარაძე ცდილობს, საკუთარი პოლიტიკური მნიშვნელობის წარმოჩენას და საზოგადოებისთვის იმის ჩვენებას, რომ ხელისუფლებაში კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
„მგონი, მდინარაძეს სჭირდება გაამართლოს საკუთარი არსებობა. გაუგებარი პოსტი შეუთითხნეს, რომ სახლში არ გაეგდოთ. როგორც ჩანს, ცდილობს, ხალხს აჩვენოს, ვინმეს რამეში სჭირდება. ვვარაუდობ, რომ ეს მისი ინიციატივაა. აბსოლუტურად აბსურდია, ისევე როგორც ის კანონი, რომელიც 2025 წელს მიიღეს და აღსრულებას ვერ ახდენენ. ასეთივე აბსურდია ე.წ. აღსრულების მექანიზმის შექმნა“, - განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, არსებული პოლიტიკის პირობებში ხელისუფლებას შესაძლოა საპატიმროების ნაცვლად „ბანაკების აშენება“ დასჭირდეს.
„მაშინ საპატიმროები კი არა ბანაკები უნდა ააშენონ, როგორც ბელარუსშია. იმდენი ადამიანი ჰყავთ დაპატიმრებული, რომ ციხე არ ყოფნით. ამიტომ, მამუკა მდინარაძეს შემიძლია მივცე არც თუ ხუმრობით რჩევა, ჯერ მიმართოს ინფრასტრუქტურის მინისტრს, რეზო სოხაძეს, უთხრას, ააშენოს ბანაკები პატიმრებისთვის“, - განაცხადა სამადაშვილმა.
სამადაშვილის თქმით, არსებული ვითარებიდან გამოსავლის ერთადერთი გზა პოლიტიკური გადატვირთვა და ახალი არჩევნების ჩატარებაა.
მისივე განცხადებით, რაც უფრო მალე გააცნობიერებს ხელისუფლება ამ აუცილებლობას, მით უფრო ნაკლები პოლიტიკური და ეკონომიკური დანაკარგით შეძლებს კრიზისიდან გამოსვლას.
„მესმის, ქართული ოცნება“ რთულ მდგომარეობაშია. ისინი შესული არიან ჩიხში როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, საერთაშორისო იზოლაციიდან ვერ გამოდიან, რაც უფრო სწრაფად მიხვდებიან, რომ აქედან ერთადერთი გამოსავალი ეს არის პოლიტიკური გადატვირთვა და ახალი არჩევნები, მით უფრო ნაკლები დანაკარგით გამოვლენ ამ ჩიხიდან“,- განაცხადა სამადაშვილმა.
დასავლეთთან ურთიერთობების საკითხზე საუბრისას სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ისე, რომ არ შეასრულოს ის მოთხოვნები, რასაც საქართველოს დასავლელი პარტნიორები ელოდებიან. სამადაშვილის თქმით, ხელისუფლება ამ პროცესს „ვაჭრობის რეჟიმში“ განიხილავს.
„ურთიერთობების გადატვირთვას რაც შეეხება, აქ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა ნაბიჯების გადადგმისთვის არის მზად რეჟიმი, რომელიც აღმოჩნდა, რომ არ არის მზად არანაირი ნაბიჯებისთვის. ბიძინა ივანიშვილს, ერთი მხრივ, უნდა გადატვირთვა, მაგრამ უნდა ისე, რომ არცერთი ნაბიჯი არ გადადგას იმ მიმართულებით, რაც არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოლოდინი. ვაჭრობის პროცესშია. ვფიქრობ, რომ ივანიშვილს კარგად არ ესმის კონტექსტი. ვერ ხედავს იმას, რომ ახლოს არის იმ ზღვართან, როდესაც ბევრს მოთმინება ამოწურული აქვს“,- განაცხადა სამადაშვილმა.
ასევე სამადაშვილმა ისაუბრა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში პარტიების ნაწილის ბოიკოტზე. სამადაშვილის შეფასებით, ზურაბიშვილმა „ისტორიული მომენტი დაკარგა“.
მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს შეეძლო უფრო გამაერთიანებელი როლი ეთამაშა ოპოზიციური სპექტრისთვის.
„მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეეძლო სხვანაირი როლი ეთამაშა თუ დაუჭერდა მხარს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ მან ბოიკოტის გზას დაუჭირა მხარი. ზურაბიშვილმა ეს ისტორიული მომენტი დაკარგა. ვერ ითამაშა ის მაკონსოლიდირებელი როლი, რომელიც შეეძლო იმ შემთხვევაში, თუ ზეპარტიული ნიშნით ადგილობრივ არჩევნებზე ბრძოლის გზას გაითავისებდა, მან კი ხალხს ბოიკოტისკენ მოუწოდა. საბოლო ჯამში, ყველამ ვინც ბოიკოტს დაუჭირა მხარი, არ გაიზიარა ეს ხედვა.
სხვა ადამიანების ცხოვრება თუ გინდა მართო და შენმა გადაწყვეტილებამ მილიონობით ადამიანების ცხოვრებაზე მოახდინოს გავლენა, უნდა გქონდეს ვითარების რაციონალურად განსაზღვრის უნარი“,- განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, „ლელო-ძლიერი საქართველო“ აღარ აპირებს ძველი შეცდომების გამეორებას და დამოუკიდებელი პოლიტიკური დღის წესრიგით იმოქმედებს.
„მძიმე შეცდომები იქნა დაშვებული. ჩემი ამოცანა არ არის ეს ხალხი ვაკრიტიკო, მითუმეტეს, ზოგიერთი მათგანი დღეს საპატიმროშია. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ“ლელოში“ არ ვაპირებთ უკვე გამოცდილი შეცდომებით აღსავსე გზით ვიაროთ. ჩვენ ვერავინ მოგვახვევს თავს საკუთარ დღის წესრიგს, ეს გამორიცხულია“,- განაცხადა სამადაშვილმა.